მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რა ბედი ელის ვანო მერაბიშვილს?!

გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა, რომელიც უფლებამოსილია მომავალი მთავრობა დააკომპლექტოს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 'ვანო მერაბიშვილის ადგილი მომავალ მთავრობაში არ არის'. 

ბევრს ეგონა, რომ ივანიშვილის პირველი ცნობილი განცხადების შემდეგ, რომელმაცმერაბიშვილი დადებით კონტექსტში მოიხსენია, ეს უკანასკნელი 'თავის გადარჩენის' მიზნით მოხერხებულ ნახტომს გააკეთებდა და ივანიშვილის ნავში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ვანომ მათ იმედები გაუწბილა.

ბევრისთვის დიდი კითხვის ნიშანი იყო არჩევნების წინ ვანო მერაბიშვილის'დაქვეითება-დაწინაურებაც' _ მავანი თვლიდა, რომ ამით სააკაშვილმა თავის მრავალწლიან დედაბოძს საყრდენი გამოაცალა და ახალაიების კლანს ბოლომდე მიენდო. ხმამაღლა იმაზეც საუბრობდნენ, რომ 'ნაცლიდერი' წინასაარჩევნოდ რეპრესიულ მანქანას აამოქმედებდა და ამით შეძლებდა ხელისუფლების შენარჩუნებას.ივანიშვილის მოხერხებულობამ და მისმა უზუსტესმა გათვლებმა სააკაშვილსმზაკვრული გეგმები წყალში ჩაუყარა და წინასაარჩევნოდ აფიშირებულმა ციხის ამაზრზენმა კადრებმა ყველაფერზე ხელისმომწერი ბაჩო ახალაია შეიწირა. სწორედ 'ათიანში გარტყმულმა' ტრიუკმა გადატეხა წელში 'ნაცმოძრაობა' და სააკაშვილი იძულებული გახდა 'ცივილიზებულად' ეღიარებინა დამსახურებული დამარცხება.

მიუხედავად ამისა, საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიაჩნდა, რომ ივანიშვილი მის მიერ 'კარგ მენეჯერად' აღიარებულ ვანოს 'შეიწყალებდა' და თავის მინისტრთა კაბინეტში შესაფერის ადგილსაც მოუძებნიდა.

არ ვიცი, ივანიშვილმა არ ისურვა, თუ თავის დროზე მერაბიშვილმა მასთან გადასვლა არ მოინდომა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია _ ვანოს ადგილი ივანიშვილის ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არის!

გამარჯვებული კოალიციის ლიდერი არც მალავს, რომ არა მარტო ახალაიებს, არამედ 'ნაცმოძრაობის' სხვა ზონდერებსაც, ვინც თავი გამოიჩინეს განსაკუთრებული სისასტიკით, კანონის ძალით 'ვირის აბანოში' მიაბრძანებს. თუმცა, არავინ იცის, იგივე ბედი ელის თუ არა ვანო მერაბიშვილსაც, რომელზეც თითქმის 9 წელი იდგა სააკაშვილის ხელისუფლება.

მიუხედავად უდანაშაულო ახალგაზრდების გახმაურებული მკვლელობებისა, რომელსაც არა მარტო შინაგან საქმეთა მინისტრის, არამედ, მთლიანად ხელისუფლების გადადგომა უნდა მოჰყოლოდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ვანო მერაბიშვილი მკვლელად არ აღიქმებოდა. პირიქით, ბევრი მის მიერ გატარებულ პოლიციის რეფორმას დადებითად აფასებდა და ქვეყანაში არსებულ მოჩვენებით სიმშვიდესაც მას უკავშირებდა. იგივეს ნიშნავდა ივანიშვილის მიერ მერაბიშვილის 'კარგ მენეჯერად' მოხსენიებაც. სხვათაშორის, ივანიშვილს ასეთი ეპითეტები სხვა დროსაც არ დაუშურებია, რაც იმის მანიშნებელია, რომ მას ვანო შინაგანად ესიმპათიურება. 

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, რომ მერაბიშვილის ადგილი ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არის, ეს უფრო იძულებითი ნაბიჯია _ საზოგადოება მას მერაბიშვილთან თანამშრომლობას ნამდვილად არ მოუწონებს. ივანიშვილი კი ის ადამიანი არ არის, ამას ვერ ხვდებოდეს. 

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: იგი იშვიათად უშვებს შეცდომებს, მისი ყველა ნაბიჯი, თუნდაც ყველა ხმამაღალი განცხადება გათვლილ-გააზრებულია და ბუმერანგივით უკან არასოდეს უბრუნდება.

რაც შეეხება მერაბიშვილს, მართალია, იგი მინისტრის პორტფელს ივანიშვილის მთავრობაში ვერ მიიღებს, მაგრამ მას ციხისთვის რომ არ გაიმეტებენ, ფაქტია. სხვათაშორის, მის მიმართ აგრესიული მუხტი არც საზოგადოებაში არსებობს! 

ივერიონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები