მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუბიკონი და მიკროფონი

ამ ქვეყანაში ვირტუალური კეთილდღეობის ნიშანწყალი უკვე ყველგან, ყველა ნაბიჯზე იგრძნობა - ამხელა გამოწვევების წინშე მდგარ ქვეყანაში ლამის საფრთხეც კი ბუტაფორიად აქციონ.

წარმოიდგინეთ, ჯაშუშებიც კი ვირტუალური გვყავს, რომელთა დაკავება, გაუვნებელყოფა და შემდეგ კი ყოველგვარი სასჯელის გარეშე გათავისუფლება ჩვენს სამართალდამცავებს რუბიკონად დაუსახავთ, რომლის წარმატებით გადალახვასაც ჩვენი ტელედეზინფორმაციის ვარსკვლავები ახალ-ახალ სიურრეალისტურ სიუჟეტებს უძღვნიან. ამის მიუხედავად ჩვენისთანა ბედნიერი ერი მაინც არსად არის. თანაც ჩვენი სოციალური სიდუხჭირის ისე გვერცხვინება, მზად ვართ, წელში გავწყდეთ, ყველა გაბერილი გადასახადი გადავიხადოთ და ხმა არ ამოვიღოთ. ბოლოს და ბოლოს, ამაყად ხომ ვიცხოვრებთ და ამაყადვე დავიხოცებით.

'ვაი, შენს პატრონსო', მიალანძღა ჩვენმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი სტატიის ავტორი, რომელმაც სცადა ვიღაც-ვიღაცებისთვის ვირტუალური იდილია დაერღვია და იმ მოშუშულ-მოჭიქული ბუტაფორიის მიღმა რეალური ვითარება დაენახვებინა, მაგრამ როგორც ერთი ინგლისური ანდაზა ამბობს, ბრმა კაცს სარკე რომ მისცე, მადლობას არ გეტყვის. მეტიც, აქეთ შემოგაგინებს, ეს რაღაში მჭირდებოდაო. თუმცა ჩვენ არა და არ გვინდა, დავიჯეროთ მავანთა სიბრმავე, რომლის მიზეზიც განუსაზღვრელი ძალაუფლებაა. 

ისე, ამ ბოლო ხანს კიდევ ერთი ტენდენცია შეიმჩნევა: ამ ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მათი მეხოტბე ვირტუალური ლიბერალები აქამდე თუ იმათ აგინებდნენ და ძველი დროის გადმონაშთს ეძახდნენ, ვინც მაინცდამაინც ვერ გადმოდგებოდა ახალი დროების მედროშედ, ახლა უკვე იმათ ლანძღვასაც ბედავენ, ვინც საბჭოთა ეპოქაშიც კი ახერხებდა სიახლისა და მოდერნის ავანგარდში ყოფნას. 

ამ ლანძღვის 'დამსახურება' კი მარტივად, განსხვავებული აზრის გამოთქმით შეგიძლია და თუ ძალიან 'გააჩმახებ,' შეიძლება ჯაშუშის საპატიო ორდენიც კი მოგანიჭონ. მდაა, ხელისუფლება ხელისუფლებად, მაგრამ ამ 'ლევან გაჩეჩილაძე ტირე გრეჩეხამ' გადამრია: არ აშენებულა ეს კაცი ჩვენს ხარჯზე?! 

თუ ამჟამად პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელ ბადრი ბიწაძეს დავუჯერებთ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძემ რამდენიმე მილიონად გაყიდა მიღებული ხმები და ხალხის ნდობა, ამჯერად კი ზუსტად 5 მილიონად პოლიტიკური თავშესაფრის მქონე ოქრუაშვილის საკრალური გეგმა გაუყიდია. ეს თუ ასე იყო, უკვე მერამდენედ გაყიდული და ნაღალატევია ეს ჩვენი ოქრუაშვილი, ჰოდა, ჭკუა როგორ ვერ ისწავლა, რომ თვითონაც დაესვენა, მოღალატეებსაც და ჩვენც... თუმცა ჭკუის სწავლა რაღა დარდუბალაა, ჭკუა ან აქვს ადამიანს, ან - არა. ჰოდა, ისიც იტანჯება 'ვაი ჭკუისაგან.' 

P.S. მიხეილ სააკაშვილმა ინტერნეტტელევიზია 'პალიტრა ტვ'-ის მიკროფონი ნაყინს შეადარა, პირდაპირ გადარჩენილია ის მიკროფონიც, ჟურნალისტიც და ტელევიზიაც, რომ მხოლოდ შეადარა და პირდაპირ პირისკენ არ გააქანა. რა დაუშლიდა, დამოუკიდებელი მედიის სიყვარული?..

ambebi.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები