მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთისა და ევროპის ლიდერი სახელმწიფოები

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ომის საფრთხის მოხსნამ, გერმანიის გაერთიანებამ და ორ ქვეყანას შორის ნატოში ინტეგრირებული პოლონეთის გაჩენამ, რეალიები, რომლებიც გერმანიის საზოგადოების და მისი პოლიტიკური ელიტის ანტაგონიზმს განაპირობებდნენ რუსეთის მიმართ, მკვეთრად შეცვალა. დამაპირისპირებელი რეალობების გაქრობამ ორი ქვეყნის ეტაპობრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას ბიძგი მისცა, პროცესმა კულმინაციას პუტინისა და გერმანიის კანცლერ შრიოდერის დროს მიაღია.

როგორც ცნობილია, ევროპის მომარაგება რუსული გაზით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო და ამ გაზის ძირითადი მომხმარებელი იმთავითვე გერმანია გახდა. გერმანიის მიერ გაზის მოხმარების 39%-ს, რუსეთიდან იმპორტირებული გაზი შეადგენს. ერთი შეხედვით, ეს, გერმანიისთვის მეტად სახიფათო რეალობაა, მაგრამ პირველ რიგში გერმანიის გეოგრაფიული მდებარეობა და მისი სოლიდური ეკონომიკა იძლევა საშუალებას, რომ რუსული გაზის გამანაწილებელ კვანძად იქცეს,  თითქმის მთელი დანარჩენი ევროპისთვის.

აღნიშნული ფაქტი, რუსეთს, ევროპაში ყველაზე ძლიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლიდერ სახელმწიფოს, გერმანიის მოკავშირედ ხდის, ევროპის მიმართ გერმანიის ენერგეტიკულ პოლიტიკაში. გერმანია ამ შემთხვევაში კოლოსალური შემოსავლების მიღებასთან ერთად მნიშვნელოვნად განიმტკიცებს ლიდერის როლს ევროკავშირის სივრცეში.

ასეთი ენერგო-პოლიტიკური განლაგების გამო, გერმანია ნაკლებად არის შეშფოთებული იმით, რომ ენერგოექსპორტი რუსეთის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს, რადგან ამ განლაგებაში გერმანია და რუსეთი იმდენად მჭიდროდ თანამშრომლობენ რომ, ბუნებრივად უნდა გაატარონ ერთიანი დიდი ენერგეტიკული პოლიტიკა ევროპაში.

სამწუხაროდ, ინტერესთა ასეთი თანხვედრა მნიშვნელოვნად აისახება გერმანიის პოზიციაზე საერთაშორისო არენაზე რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებში. მათ შორის, ბუნებრივია, კავკასიის პრობლემატიკაზე. როდეცაა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩაახშო დემოკრატია და სასტიკად გაუსწორდა ჩეჩენ ხალხს, ის ევროპაში და მათ შორის გერმანიაშიც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. გერმანიის პოლიტიკურ წრეებში გაჟღერდა მოთხოვნა რუსეთთან ურთიერთობების გადასინჯვის შესახებ, თუმცა მაშინდელმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ენერგიულად დაიცვა რუსეთი:

„რუსეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად... გერმანიაში არავინ დაინტერესებული არ უნდა იყოს რუსეთში არასტაბილურობით ... მე დღეს ვერ ვხედავ ჩეჩნეთში ისეთ პარტნიორებს, რომლებსაც პუტინი ვერ დაელაპარაკება... არ უნდა იყოს დაინტერესებული გერმანიაში იმით რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.'

თუ რაში მდგომარეობდა გერჰარდ შრიოდერის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები მალევე ნათლად გამოჩნდა, როდესაც 2005 წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინის გერმანიაში ვიზიტისას ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთსა და გერმანიას შორის ჩრდილო-ევროპული გაზსადენის მშენებლობის თაობაზე. ძალიან მალე კი, 2005 წლის დეკემბერში, შრიოდერის პირადი დაინტერესებაც, როცა იგი კანცლერის პოსტის დატოვების შემდეგ ზემოთხსენებული გაზსადენის კონცერნის აქციონერთა კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. უკანასკნელი ფაქტი რუსეთის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მეთოდს წარმოაჩენს, რომელსაც ის იყენებს თავისი აგრესიულ ენერგოპოლიტიკაშ - მაღალი პოლიტიკური ფიგურების პირადი დაინტერესება ენერგოპროექტებში.

სავარაუდოდ, ეს ფაქტორი ერთ-ერთია მათ შორის, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ სახელმწიფოების პოლიტიკური პოზიციების ფორმირებისას და როგორც წესი ის ხშირად ზედაპირზე ისე ნათლად არ ჩანს როგორც შრიოდერის შემთხვევაში. შრიოდერის პოსტიდან წასვლის შემდეგ, მემარჯვენე კანცლერმა ანგელა მერკელმა, ერთი შეხედვით გადასინჯა რუსეთის მიმართ მიდგომა და შეერთებულ შტატებთან დაახლოების კურსიც კი გამოაცხადა, მაგრამ გერმანია-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა იმდენად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ფაქტორებზეა დაფუძნებული რომ მერკელის შემთხვევაში საქმე უფრო პოლიტიკის სტილის და არა არსის ცვლილებასთან გვაქვს. მხოლოდ 2006 წელს მერკელი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ. დრეზდენის შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ მას სურს გადააქციოს გერმანია ევროპის გაზმომარაგების მთავარ კვანძად.

მართალია, მერკელი რუსეთს გაცილებით მეტად აკრიტიკებს დემოკრატიული ინტიტუტების დასუსტების საკითხში, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ რომ მას ყოველივეს კარნახობს გერმანიის როგორც ევროპის ლიდერის როლი და შრიოდერის მიერ ზედმეტად პრორუსული შლეიფის ნეიტრალიზაციის აუცილებლობა. სამაგიეროდ, სტრატეგიული ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა გრძელდება. სერიოზული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას კი რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოველთვის სტრატეგიული და მყარი ინტერესები სჭარბობს. სწორედ მერკელის კანცლერობის დროს დაიბლოკა გერმანიის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი.

მართალია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გერმანიის დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ ერთობ გამკაცრდა, თუმცა, ბერლინი მხოლოდ ზოგადად იცავს ევროპულ პრინციპებს კავკასიის მიმართ და იმავდროულად რუსეთთან გარიგებების ძლიერ მიდრეკილებას ამჟღავნებს. ასეთ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ გერმანიის მნიშვნელოვანი წონა ევროკავშირში, რომელსაც მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია საქართველოს და მთლიანად რეგიონის პოლიტიკური მომავალზე.

საფრანგეთის პოზიცია რუსეთისა და კავკასიის საკითხებში ერთობ რთულ ფენომენს წარმოადგენს. ფრანგულ-რუსული ურთიერთობები ტრადიციულად განსაკუთრებული ურთიერთობების სტატუსში მოიხსენიება და მხარეები ხაზს უსვამენ მათ მეგობრულ ხასიათს. ამ ხაზგასმას, ცივი ომის პერიოდის მძიმე ფონზეც კი ჰქონდა ადგილი. ეს ფენომენი ძირითადად იმით არის განპირობებული რომ ეს ორი ქვეყანა ყოველთვის ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ გერმანიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, მე-20 საუკუნის მსოფლიო ომების კონტექსტში.

ენერგეტიკულ ფაქტორს საფრანგეთის შემთხვევაშიც, ასევე დიდი როლი უნდა მივაკუთვნოთ. რუსული გაზი საფრანგეთის მიერ გაზის მოხმარების 24%-ს შეადგენს. 2007 წელს, ფრანგული სახელმწიფო კომპანია „ტოტალ ეს-ეი' გაზპრომის მთავარი პარტნიორი გახდა შტოკმანის გაზის საბადოს ამთვისებელ ჰოლდინგში, რასაც ცხადია სერიოზული პოლიტიკური შედეგები აქვს და ძნელად წარმოსადგენია რომ ეს ფაქტი გავლენას არ ახდენდეს საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი კარგად თამაშობს შიდაევროპულ ლიდერობისთვის კონკურენციაზე, ძირითადად საფრანგეთსა და გერმანიას შორის. ამ თვალსაზრისით, სავარაუდოდ ენერგეტიკული პროექტები შეიძლება შესანიშნავი ინსტრუმენტი იყოს.

სავარაუდოდ, სწორედ ევროპის ლიდერობაზე პრეტენზია აიძულებს საფრანგეთს დაიცვას ევროპული ღირებულებები საერთაშორისო არენაზე და შესაბამისი პოზიცია დაიჭიროს კავკასიაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ. ასეთი რთული პოლიტიკური მოზაიკა, რომელიც დამახასიათებელია საფრანგეთის რუსეთისადმი დამოკიდებულებისთვის, პოლიტიკური ნაბიჯების იმ არაერთგვაროვნებას განაპირობებს, რომელსაც საფრანგეთი გამოხატავს კავკასიის და კერძოდ საქართველოს მიმართ. მაგალითისთვის, ერთის მხრივ საფრანგეთი გერმანიასთან ერთად წინ აღუდგა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დაბლოკა ორი ქვეყნის მიერთება გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე, მაგრამ იმავე წელს, აგვისტოს ომის დროს, ევროკავშირის მაშინდელმა თავმჯდომარემ, სახელმწიფოს პრეზიდენტმა სარკოზიმ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ომის შეჩერების საკითხში.

უნდა ითქვას, რომ ე.წ. „სარკოზის გეგმის' საფუძველზე ხელმოწერილი მედვედევ-სარკოზის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ცეცხლის შეწყვეტას და ომის შემდგომი სტაბილიზაციის პროცესს, რუსეთმა უხეშად დაარღვია და არღვევს, რაც სერიოზულად ურტყამს პირადად სარკოზის და საფრანგეთის პრესტიჟს.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები