მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთის საგარეო უწყება: „რევანშისტებს თბილისში ურჩევნიათ დაწყნარდნენ“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 9 აგვისტოს, რომ თბილისის „ისტერიკამ' პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ უთქვამს უარი თავის „რევანშისტულ გეგმებზე'.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პუტინის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთს აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ჰქონდა მომზადებული გეგმა სამხრეთ ოსეთზე თბილისის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად და რომ ის ამისთვის ოს ამბოხებულებსაც წვრთნიდა, იმის აღიარებაა, რომ მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას 2008 წლის აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე გეგმავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აგვისტოს ომამდე თბილისის მრავალრიცხოვანი პროვოკაციების საპასუხოდ, მოსკოვს გეგმის წინასწარ მომზადება მოუხდა.

„სწორედ ამ გეგმის წყალობით გახდა შესაძლებელი ოთხი წლის წინ სამხრეთ ოსეთზე ქართველი სამხედროების მორიგი, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო და სასტიკი თავდასხმის მოგერიება', - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინის განცხადებამ ამ საკითხზე 8 აგვისტოს „ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია თბილისში'. 

„ასეთი რეაქცია კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ იქ ჯერაც არ შეგუებიან აგვისტოს დანაშაულებრივი ავანტიურის ჩაშლას და კვლავაც ინარჩუნებენ რევანშისტულ ზრახვებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მრავალტანჯულ ხალხებთან მიმართებაში', - განაცახდა რუსეთის საგარეო უწყებამ.

„ამგვარ ზრახვებს განხორციელება არ უწერიათ, ასე რომ რევანშისტებს ურჩევნიათ დაწყნარდნენ', - დასძინა მან.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 აგვისტოს დაგმო რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ვიზიტი ცხინვალში ერთი დღით ადრე და განაცხადა, რომ „ეს მოქმედება საქართველოს კანონმდებლობისა და კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევით განხორიციელდა'.

„კრემლი უნდა აცნობიერებდეს, რომ საერთაშორისო პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია, ხოლო საქართველო ვითარდება და მომავლისკენ ისწრაფვის, მომავლისაკენ, სადაც გახლეჩილი საზოგადოების ჭრილობები შეხორცდება და რომელშიც არ იქნება საოკუპაციო ძალების ადგილი', - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები