მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო-თურქეთს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს საქართველოში ვიზიტი, შეიძლება, ივნისში პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ერდოღანს შორის დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელ ეტაპად ჩაითვალოს.

როგორც დავუთოღლუსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებიდან გამოჩნდა, მხარეები ამა თუ იმ საკითხების გარშემო ჯერჯერობით ისევ მსჯელობენ. როგორც ქარ­თველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დავუთოღლუმ თბილის­თან ხუთი საკითხი განიხილა.

მინისტრების განცხადებებიდან ირკვევა, რომ ახლო მომავალში, სავარაუდოდ, საქართველო-თურ­ქეთის საზღვარზე მიმოსვლა პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც გახდება შესაძლებე­ლი.

”ვილაპარაკეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ერთობლივი საზღვრის შესახებ საქართველოს და თურ­ქეთს აინტერესებთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო როგორ უნდა გავამარტივოთ ამ საზღვ­რის გადაკვეთა, რათა ეს საქართველოს და თურქეთის მოქალაქეებმა პასპორტის გარეშე, მხოლოდ პირადობის წარდგენის საშუალებით შეძლონ,” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. აჰმედ დავუთოღლუ კი განმარტავს, რომ გამარტივებულ მიმოსვლასთან ერთად, სარფში მდებარე საბაჟო ერთი ფანჯ­რის პრინციპით იმუშავებს. გარდა ამისა, მისი განცხადებით, კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქ­ტის მშენებლობის დასრულებით ორი ქვეყნის საზღვარს კიდევ ერთი პუნქტი შეემატა.

ეკონომიკური პროექტები და საუბარი ბათუმზე

გამარტივებული მიმოსვლის შესახებ საუბარი თურქმა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან განაგრძო. მანამდე კი აჰმედ დავუთოღლუს ბათუმში ყოფნა დაგეგმილზე მეტ ხანს მოუწია. უამინ­დობის გამო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი ბათუმიდან თბილისში და­გეგმილ დროს ვერ გამოფრინდა. მოგვიანებით, სააკაშვილმა და დავუთოღლუმ შეხვედრაზე ყვე­ლაზე დიდი დრო ბათუმში შექმნილი ვითარების განხილვას დაუთმეს. ”შავი ზღვისპირეთის რე­გიონში ბათუმი სამიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იყო. ის არა მხოლოდ კავკასიის, არა­მედ ირანისა და აზიისთვის იყო პორტი. თუ ასე გაგრძლედება ბათუმი 5 წელიწადში ეკონომი­კის, თავისუფალი ვაჭრობის და კულტურის თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ამომავალი ვარ­სკვლავი იქნება,” - განუცხადა სააკაშვილს დავუთოღლუმ. ”დიახ, ბათუმი არა მხოლოდ საქარვე­ლოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის სანაპიროს ცენტრად იქცა,” - განაგრძო პრეზიდენტმა ბათუმ­ზე საუბარი. მისი აზრით, ამ სფეროში საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ამავე თვალსაზრისით თურქეთი იზრდება. პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი არა მხო­ლოდ ეკონომიკურად მზარდ ქვეყნად, არამედ ინოვაციების სტანდარტად იქცა, მათ შორის მედი­ცინის კუთხით. ”ხალხი მოსკოვში დადიოდა სამკურნალოდ, ახლა კი ანკარაში დადის,” - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა დავუთოღლუსთან რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის საკითხიც დააყენა. ”ადამია­ნებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მხოლოდ ერთ მხარეს შემოწმდნენ. შემდეგ კი საზღვარი მანქანიდან გადმოსვლის გარეშე გადაკვეთონ,” - განუცხადა სააკაშვილმა დავუთოღლუს. ”ჩემი სურვილია, ერთიანი კავკასია არსებობდეს. ეს აზრი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებსაც გავუზი­არეთ. იდეის შესრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ მიმოსვლის გამარტივება ამ მიმარ­თულებით გადადგმული კარგი ნაბიჯი იქნება,” - აცხადებს სააკაშვილი. პრეზიდენტს აჰმედ დაბ­ვუთოღლუც დაეთანხმა. როგორც მინისტრმა შენიშნა, კავკასიელი ხალხი ერთად ცხოვრობს. მისი განცხადებით, ისინი კავკასიის რეინტეგრაციას, ეკონომიკურ ინტეგრაციას პასპორტების გარეშე ახ­დენენ. ”ეს მოქალაქეები ერთმანეთის ნათესავები და მეგობრები არიან,” - მიიჩნევს დავუთოღლუ. ”თქვენ ჩემს იდეებს იმეორებთ ან მე ვიმეორებ თქვენსას,” - აღნიშნა მინისტრთან საუბრით კმაყო­ფილმა სააკაშვილმა.

ის ეკონომიკურ პროექტები კი, რომლებიც საქართველოს და თურქეთის მონაწილეობით ხორცი­ელდება, დავუთოღლუმ ვაშაძესთან განიხილა. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერ­თობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს, რეგიონული ენერგოპროექტების მნიშვნელობას. მათ შავი ზღვის რეგიონული საკითხებისა და ”ნაბუქოს” გაზსადენის პროექტზეც იმსჯელეს. რო­გორც გრიგოლ ვაშაძემ განმარტა, რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, ასევე საქართ­ველოსა და თურქეთის წინაშე მდგარ გამოწვევებზე მხარეები ორმხრივი მოლაპარაკებების მომ­დევნო ეტაპზე ისაუბრებენ.

კულტურული   მემკვიდრეობა

თბილისსა და ანკარას შორის მოლაპარაკებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილი­ტიაციის საკითხზეც არ დასრულებულა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, როგორც კი ხელშეკრულების ტექსტი მომზადდება, ის ხელმისაწვდომი იქნება და საზოგადოება პირველი გაიგებს. საქმე ეხება საქართველოში რამდენიმე მეჩეთის რეკონსტრუქციის და ერთის ხელახლა აშენების სანაცვლოდ, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ოშკის, ხანძთის, იშხანის სამონასტრო კომპლექსების და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციას. ”ამ პროცესის მთავარი მიზანია, გადავარჩინოთ ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა,” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, - საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დავაგვიანეთ. მოლაპარაკებები ცოტა კიდე უფრო ადრე უნდა დაგვემთავრებინა და მაშინ ის კულ­ტურული მემკვიდრეობა, რომელიც დღეს, საბედნიეროდ, ერთდროულად ეკუთვნის თურქეთსა და საქართველოს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.” დავუთოღლუ იმედს გამოთქ­ვამს, რომ მხარეები ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კარგად ითანამშრომლე­ბენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ”რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ძირძველი ისტორია.” მისი თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქარ­თული ისტორიული ძეგლები ასევე არის თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა. ”ასევე საქართ­ველოში არსებული კულტურული ძეგლები ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობაა. ეს განსა­კუთრებით ეხება აჭარას და ბათუმს, სადაც მუსლიმანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს არის ურთიერ­თმეზობლური ურთიერთობის კარგი ნიმუში და ის პოზიტიურად უნდა იქნეს შეფასებული და განხილული,” - განაცხადა დავუთოღლუმ.

ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებათა შედეგების საბოლოო სა­ხე, სავარაუდოდ, სააკაშვილსა და ერდოღანს შორის ივნისში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გა­მოჩნდება.

დათო გამისონია

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები