მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შესახებ

 

2012 წლის 25 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და მათმა მარიონეტულმა რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ე.წ. 'საპრეზიდენტო არჩევნები'. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე თვის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად ე.წ. 'არჩევნების' ხელახალი ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იქ არსებულ განუკითხაობას და მიმდინარე პროცესების რუსეთის ფედერაციის სრული კონტროლის ქვეშ ყოფნას. ამასთან, 24 მარტს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩაატარა ე.წ. 'საპარლამენტო არჩევნების'' მეორე ტური.

დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტების წარმოჩენის გზით, რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს ე.წ. 'არჩევნების' შედეგების ლეგიტიმაციას და ამგვარად ასობით ათასი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და ძალადობრივი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების დაფარვას. რუსეთის ფედერაციამ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს წაართვა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება, სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებთან ერთად. გარდა ამისა, საოკუპაციო რეჟიმები განაგრძობენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ყოველდღიურ დარღვევას. მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებული მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დაგმო აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში 2012 წლის 10 მარტს გამართული ე.წ. 'საპარლამენტო არჩევნები' და ხაზი გაუსვა მათ არალეგიტიმურობას. საერთაშორისო ორგანიზაციები და რიგი ქვეყნები მათ მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებების სახით ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ცალსახა მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ ე.წ. 'არჩევნები' წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კვლავაც ჯეროვნად შეაფასოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ორგანიზებული და განხორციელებული ფარსი და განაგრძოს რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

თბილისი, 2012 წლის 26 მარტი

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები