მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველოს ხელისუფლებამ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა

საქართველოს ხელისუფლებამ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა , - ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტრო მხოლოდ თანხის - 50 000 ევროს გადახდას აპირებს. კანონის მიხედვით, იუსტიციის მინისტრმა დღეიდან ერთთვიან ვადაში ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოსცეს, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება.
საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დღეს ამოეწურა. საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მისთვის თანხის გადახდის გარდა პირდაპირ არაფერი დაუვალებია. 
გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი დავით ჯანდიერი კი განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში სახელმწიფოს კონკრეტული ზომების გატარებას არ უთითებს. სამი თვის შემდეგ გადაწყვეტილება აღსასრულებლად სტრასბურგის სასამართლოს აღმასრულებელ საბჭოს გადაეგზავნება, სადაც უკვე კონკრეტული ზომების გატარების მოთხოვნა დადგება.
სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება 26 აპრილს გამოაცხადა და საქართველოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2007 წლის ზაფხულში შევიდა. ადვოკატები გირგვლიანის საქმეზე ითხოვდნენ ევროკონვენციის მუხლების - სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევად ცნობას და მორალურ კომპენსაციას. სარჩელის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლების პატივისცემას ითვალისწინებს. ევროსასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიება, რომელიც წარიმართა საქართველოს შიდა ინსტანციაში - შსს-ში, პროკურატურასა და სასამართლოში, არ შეესაბამებოდა ევროკონვენციის მეორე მუხლის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული მტკიცებულებები წარდგენილი იყო დაგვიანებით, ხოლო გარკვეული მტკიცებულებები - გაყალბებული სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით პრეტენზიები სრულად ასახავდა იმ პრეტენზიებს, რომელიც სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე ცალკე არ უმსჯელია. 
ამასთან, ევროსასამრთლომ საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში მოსარჩელე გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 50 ათასი ევრო, აგრეთვე, გაუთვალისწინებელი ხარჯები. 
სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა 2006 წლის იანვარში გაიტაცეს, აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა და მათ 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. შემდეგ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2009 წელს ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები