მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სერბეთი - კოსოვო

როდესაც Euronews-ის კორესპონდენტმა საქართველოს პრემიერს სერბეთისა და კოსოვოს შეთანხმების შეფასება სთხოვა, ბ-ნი ივანიშვილის პასუხიდან და მისი სახის გამომეტყველებიდან ნათელი იყო, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, კონკრეტულად რა დოკუმენტზეა საუბარი.


შესაბამისად, ურიგო არ იქნებოდა შეგვეხსენებინა ჩვენი მკითხველისთვის მოლაპარაკებებისა და მათი მეშვეობით მიღწეული დოკუმენტის შინაარსობრივი დეტალები. 

2013 წლის 19 აპრილს ბრიუსელში ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის შუამავლობით სერბეთისა და კოსოვოს პრემიერების ივიცა დაჩიჩისა და ხაშიმ ტაჩის მეათე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე, რომელსაც ექვსთვიანი საიდუმლო მოლაპარაკებების რთული პროცესი უძღოდა წინ და რომელსაც სერბეთის ვიცე-პრემიერი, უკიდურეს ნაციონალისტად ცნობილი ალექსანდრე ვუჩიჩი ესწრებოდა, ბელგრადმა და პრიშტინამ მოახდინეს იმ დოკუმენტის პარაფირება, რომელიც ცენტრსა და ავტონომიას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საფუძველი უნდა გახდეს. 

26 აპრილს სერბეთის პარლამენტმა შეთანხმებას მხარი დაუჭირა. 

15-პუნქტიანი დოკუმენტის მთავარი დებულებები მდგომარეობს შემდეგში: 

- ბელგრადი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ აღიარებს პრიშტინას სრულ იურისდიქციას კოსოვოს მთელ ტერიტორიაზე. 
- ბელგრადი თანხმდება კოსოვოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას (და ლოგიკურად კოსოვოს აღიარების ახალ ტალღას!) სერბეთის ევროპის კავშირში ინტეგრაციაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების ავტონომიის სანაცვლოდ;
- კოსოვოს არმიას და სამართალდამცავ ორგანოებს NATO-სა და KFOR-ის თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ მიტროვიცაში და სერბებით დასახლებულ სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე შესვლა;
- კოსოვოს ერთიანი პოლიცია ეყოლება, მაგრამ ტერიტორიის ჩრდილოეთში განლაგებულ პოლიციას სათავეში ჩაუდგება სერბი, რომელსაც კოსოვოს სერბებით დასახლებული პუნქტების მერებიდან აირჩევენ;
- ბელგრადს ექნება უფლება გააგრძელოს კოსოვოს სერბებით დასახლებული მუნიციპალიტეტების ჯანდაცვისა და განათლების ხარჯების დაფინანსება.

ორივე მხარემ მიღწეულ შეთანხმებას თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია გაუკეთა. ბ-მა დაჩიჩმა განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად კოსოვოს ჩრდილოეთით მდებარე სერბულ ანკლავებს ავტონომიისა და უსაფრთხოების გარანტიები ექნებათ. ბ-მა ტაჩიმ კი მოლაპარაკებების შედეგი შეაფასა როგორც „სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარება'. Economist-მა სამართლიანად აღნიშნა, რომ ყველაზე ლაკონიური რეზიუმე შეთანხმებას კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პეტრით სელიმიმ გაუკეთა: „დამბები გარღვეულია. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს'. 

აღსანიშნავია, რომ 10 აპრილს სერბეთის პრემიერი მოსკოვს ეწვია, სადაც მას ორი მიზნის მიღწევა სურდა. პირველი: ბელგრადს რუსეთისგან სასწრაფოდ სჭირდებოდა კრედიტების ახალი ერთმილიარდიანი ტრანში. და მეორე: საჭირო იყო ნიადაგის მოსინჯვა იმის თაობაზე, შეძლებდა თუ არა რუსეთი სერბეთისა და კოსოვოს შეთანხმებაზე კონტრწინადადების გაკეთებას. კრემლის რეაქცია საკმაოდ „პრაგმატული' აღმოჩნდა, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ რუსეთს ამ პროცესში ჩარევის არავითარი რესურსი არ ჰქონდა. სერბეთს 1 მილიარდ ამერიკულ დოლარზე უარი უთხრეს და სანაცვლოდ 300 მილიონ დოლარს დაჰპირდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ბელგრადი მოახერხებდა სასტაბილიზაციო კრედიტის მიღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, მაშინ მოსკოვი დაპირებულ კრედიტს კიდევ 200 მილიონ ამერიკულ დოლარს დაუმატებდა. რაც შეეხება კოსოვოსთან შეთანხმებას, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ის სერბეთის ყველა გადაწყვეტილებას დაეთანხმება, რადგან „წამყვანი როლი პროცესში ბელგრადს ეკუთვნის და არა მოსკოვს'.

ერთი შეხედვით, ყველა კმაყოფილი ჩანს და ბალკანებზე მშვიდობის დამყარებას ვითომ ახალი შანსი მიეცა. თუმცა ზედმეტი ოპტიმიზმისგან ალბათ თავის შეკავება ჯობს. ჯერ კიდევ არ არის ნათელი, როგორი იქნება სერბული საზოგადოებისა და განსაკუთრებით კოსოვოსა და მეტოხიაში მცხოვრები სერბების რეაქცია ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებაზე და რა შედეგებს მოუტანს ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობის ფაქტობრივი დაკანონება საერთაშორისო სამართალს. 

კოსოვოში მცხოვრები სერბების პირველი გამოხმაურება შეთანხმებაზე ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. მათ წერილით მიმართეს რუსეთის მთავრობას და ითხოვეს კრემლისგან „დაიცვას კონსტიტუციური სამართალი კოსოვოში და მეტოხიაში, დაეხმაროს ანკლავს გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის შესრულებაში და დაიცვას სერბები ვაშინგტონის, ბრიუსელისა და პრიშტინას ცალმხრივი გადაწყვეტილებების რეალიზაციისგან'. 

როგორ დაალაგებს სერბეთი თავის ურთიერთობას კოსოვოსთან, ეს ბელგრადის სუვერენული საქმეა. ქართული დიპლომატია კი უკიდურესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს მოვლენების განვითარებას და მზად იყოს შემდეგი ამოცანების გადასაწყვეტად:

- აუცილებელია განმტკიცდეს ჩვენი სამართლებრივად კარგად არგუმენტირებული პოზიცია კოსოვოს აღიარების თხოვნების საპასუხოდ; ასეთი თხოვნები გახშირდება; ამ კონტექსტში მთავარია გვახსოვდეს, რომ სერბეთის ხელისუფლებას კოსოვოს აღიარების ვალდებულება არ აუღია;
- აუცილებელია გვახსოვდეს, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, რაში მდგომარეობს განსხვავება კოსოვოს კონფლიქტსა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ ინსპირირებულ სეპარატისტულ ომებს შორის; განსაკუთრებით ის, ვინ ჩაატარა ეთნიკური წმენდა და ვინ იყო ამ წმენდის მსხვერპლი ხსენებულ კონფლიქტებში; 
- დაუშვებელია იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ რუსეთი ტრადიციისამებრ შეეცდება სერბეთი-კოსოვოს შეთანხმების მორგებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი ქვეყნის „კონსტრუქციულ' და „სამართლიან' შეთავაზებებზე დათანხმებას.

და ბოლოს, რიგითი მოქალაქის თხოვნა: ბ-ნო საქართველოს პრემიერის მრჩევლებო! არ დაიზაროთ და ბ-ნ ივანიშვილს ყოველ დილით ჩაუტარეთ ბრიფინგი მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე. ეს წაადგება პრემიერსაც და ჩვენს ქვეყანასაც. თუ ასეთი ბრიფინგები სჭირდება შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ეს მით უმეტეს საჭიროა ჩვენი ხელისუფლებისთვის.

iveria.biz

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები