მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სომხეთის პრეზიდენტმა ობამას იუბილე ორიგინალურად მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პირველ შავკანიან პრეზიდენტს, 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს, ჟურნალ „Time'-ის გამოკითხვით „წლის ადამიანს', და ჟურნალ „Forbes'-ის გამოკითხვით „მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანს', სამი წიგნის ავტორს, ბარაქ ობამას დღეს, 50 წელი შეუსრულდა.

ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მარათონი გაიმართებოდა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს შორის, თუ ვინ მიულოცავდა იუბილარს ამ დღეს პირველი და რაც მთავარია როგორ. ფეხის ხმას სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც აჰყვა. მან, ამერიკელ კოლეგას, მისალოცი წერილი გაუგზავნა.

თუმცა, ეს მხოლოდ მისალოცი ბარათი არ ყოფილა. სარქისიანმა პროტოკოლს დიპლომატიურად გადაუხვია და აშშ-სთან საქმე, ასე ვთქვათ, წინ წაიგდო. როგორც ჩანს, სარქისიანს იმედი აქვს, რომ ბარაქ ობამა ქვეტექსტს პირდაპირი ტექსტით გაიგებს. როგორც სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, გზავნილი შემდეგი შინაარსისაა:

„ღრმადპატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს და თქვენ და თქვენს ოჯახს ბედნიერებას, კეთლდღეობას და ყოველივე კარგს გისურვებთ. დიდად ვაფასებთ რა თქვენს ძალისხმევას ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის მიმართულებითა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სურვილს ჩვენს ქვეყნებს შორის, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობა სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, დღეს უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე.

ტრადიციულია თბილი კავშირი ჩვენს ხალხებს შორის და ბოლო პერიოდში, მაღალ დონეზე შემდგარი პოლიტიკური დიალოგი, ამ ურთიერთობების განვითარებისა და გამყარების უფრო დიდ პოტენციალს ავლენს. ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას, რათა უფრო გაღრმავდეს და გამყარდეს ურთიერთთანამშრომლობა ყველა სფეროში, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს და სიძლიერესა და ენერგიას გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ურთულეს საქმეში სულ უფრო მეტ წარმატებას და სიმაღლეებს მიაღწევთ.'

მიუხედავად ამერიკაში არსებული უდიდესი სომხური დიასპორისა, სომხეთი ბოლო დრომდე იმ ქვეყნად რჩებოდა, რომელსაც ამერიკულ ვისკის, რუსული „ვოდკა' ერჩივნა. ყურადღებას მიაქცევდით, რომ სარქისიანმა, მისალოც წერილში, ყველა სფეროში თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა.

საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნება კრემლში მოკალათებულ „ორ სოლოს' იმ ქვეყნის პრეზიდენტის ასეთ ინიციატივაზე, რომელსაც კავკასიაში, ყველაზე მყარ საყრდენად თვლის, რადგან ყველა სფეროში თანამშრომლობაში იგულისხმება თანამშრომლობა განათლების, ენერგეტიკის, ტურიზმის, თავდაცვის და სხვა სფეროებში.

ძალიან საინტერესოა სომხეთის პრეზიდენტის გეგმები განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, აქ ხომ ათეული წლებია, ამ მიმართულებით არც ერთი ცვლილება არ განხორციელებულა და დღემდე კომუნისტების მიერ შემუშავბეული განათლების სისტემა მუშაობს. განსაკუთრებით საინტერესოა სომხეთისა და აშშ-ს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, იმის ფონზე, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, რუსეთმა, თავისი 102 სამხედრო ბაზის ყოფნა სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში, 2044 წლამდე გაიხანგრძლივა.

გიუმრის სამხედრო ბაზა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობას ემორჩილება, ხუთი ათასამდე სამხედროს აერთიანებს. იგი აღჭურვილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით „С-300'-ით, „მიგ 29' ტიპის გამანადგურებლებით და ა.შ. დაველოდოთ და ვნახოთ, დაემთხვევა თუ არა ერთმანეთს სარქისიანის სურვილი და შესაძლებლობა.  

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები