მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სოსო ცინცაძე - შევახსენებდი ალასანიას, რომ მძიმე საუბრის შემდეგ არც ერთი თავმოყვარე მინისტრი თანამდებობაზე აღარ რჩება

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, კოალიცია 'ქართულ ოცნებაში' იმ დონის უთანხმოება არსებობს, რომ კულუარებს მიღმა ის ვერ გადაწყდება. ამის შესახებ ცინცაძემ 'ინტერპრესნიუსს' იმ შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა, თუ რამდენად სწორი იყო პრემიერ-მინისტრის მიერ ირაკლი ალასანიას საჯაროდ გაკრიტიკება.
მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ალასანიასთან უთანხმოების მიზეზის სააშკარაოზე გამოტანით სწორად მოიქცა, რადგან მაშინ, როცა კოალიცია საპარლამენტო მოდელზე მუშაობს, 'თავისუფალ დემოკრატებს' ტაქტის გამოჩენა მართებთ.
'გასაგებია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხის განხილვა პარტიაში მოხდა, მაგრამ ეს საქართველოა, სადაც საიდუმლოების შენახვის კულტურა ჯერ არ არსებობს. სიტყვა 'კონფიდენციალურობა' საქართველოში ძალზედ პირობითი ცნებაა - შიდა პარტიაში განხილული თემა ერთმა უთხრა ოთხს, იმ ოთხმა კიდევ ოთხს და გეომეტრიული პროგრესით გაიზარდა ჭორიკანათა რიცხვი. ჩემი აზრით, პრემიერის განცხადება კიდევ უფრო შემწყნარებული და დელიკატური იყო ალასანიას განცხადებასთან შედარებით, როცა თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ძალზე მძიმე საუბარი ჰქონდა პრემიერთან. მე შევახსენებდი ბატონ ალასანიას, რომ ძალზედ მძიმე საუბრის შემდეგ არც ერთი თავმოყვარე მინისტრი თავის თანამდებობაზე აღარ რჩება. ივანიშვილმა ამას უწოდა გაუგებრობა, მაგრამ გაუგებრობის ფონზე, პოლიტიკაში მძიმე საუბარი არ იმართება. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, პრემიერი სწორად მოიქცა, რომ ეს უთანხმოება გაასაჯაროა. ინფორმაცია უკვე გაჟონილი იყო, დამალვა აღარ შეიძლებოდა. გეტყვით კიდევ ერთ რამეს, რამდენიმე დღის წინ მოვისმინე 'თავისუფალი დემოკრატების' წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ პრინციპულად მოითხოვენ საპრეზიდენტო რესპუბლიკას. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი არის საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე. ელემენტარულად ტაქტია საჭირო - ოქტომბრიდან რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყოს, მაშინ რა როლში გამოდის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც კიდევ 4 წელი უნდა ეკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი? გამოდის, რომ პირობითად, ალასანია თუ გახდება პრეზიდენტი, შეუძლია ისევე გადააყენოს ივანიშვილი, როგორც სააკაშვილი იცვლიდა პრემიერებს ხელთათმანებივით', - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, კოალიციაში სტრატეგიულ საკითხზე - ქვეყნის მოწყობაზე არსებული შეუთანხმებლობა არ არის ნორმალური და ბუნებრივი პროცესი, რომელიც დემოკრატიას ახასიათებს.
'ეს არ არის ტაქტიკურ საკითხებში უთანხმოება, არ არის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც ნორმალური და ბუნებრივი პროცესია. მართალია, ცდილობენ კოალიციაში ეს წარმოაჩინონ ისე, როგორც დემოკრატიული პროცესი, მაგრამ არ არის ეს დემოკრატია _ დემოკრატიაა ის, რომ როცა კოალიციის შიგნით სტრატეგიულ საკითხებში უთანხმოებაა, უთანხმოების ინიციატორი ტოვებს მას. ეს დაწერილი კანონია. რა არის ქვეყნის სტრატეგიული საკითხი? - ესაა ქვეყნის მოწყობა - იყოს საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა. ჩვენ სამი პრეზიდენტი გვყავდა, მაგრამ არც ერთმა არ გაგვიმართლა, ამიტომ ბუნებრივია, საზოგადოების და მოსახლეობის პოზიციაა, რომ გვეყოს ექსპერიმენტები, რადგან ვინც მოვიდა ყველას ფეოდალური თვითმპყრობელური ამბიციები ჰქონდა და გადავიდეთ საპარლამენტო მმართველობაზე. ეს უკვე გადაწყვეტილია და აქ ყოველი თვითშემოქმედება დასჯადი და მიუღებელია', - განაცხადა პოლიტოლოგმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები