მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სოფიო ხორგუანი - რუსეთის ინტერესებს საქართველოში თავად სააკაშვილის ხელისუფლება ატარებს

'ქართული პარტიის' პოლიტიკური საბჭოს წევრის, სოფიო ხორგუანის აზრით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ღალატზე საუბრობს , მისი განცხადებების ადრესატები ცალკეული ოპოზიციური პარტიები კი არა, თავად სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები უნდა იყვნენ.
'მიხეილ სააკაშვილს ღალატის თემა, როგორც ჩანს, ძალიან აწუხებს, რადგან მან კარგად იცის, თვითონ რამდენჯერ უღალატა სახელმწიფო ინტერესებს და იმ ღირებულებებს, რომლებზე აპელირებითაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა', - აცხადებს ხორგუანი. 
იგი პრეზიდენტს ურჩევს, როდესაც საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებლებს აკრიტიკებს, ჯერ საკუთარ ხელისუფლებას გადახედოს. 'საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს აგვისტოს ომის დროსაც იგივე პოსტი ეკავა. არადა, ეს პიროვნება რუსეთის ფედერაციაში საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობდა და მისი კავშირების მიმართ კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო', - აღნიშნავს 'ქართული პარტიის' პოლიტსაბჭოს წევრი.
სოფიო ხორგუანი პრეზიდენტს იმასაც შეახსენებს, რომ ვაშაძესთან ერთად, სახელისუფლებო გუნდში მრავლად არიან ისეთებიც, ვისაც რუსეთთან მჭიდრო ფინანსური ინტერესები აკავშირებთ. ერთ-ერთ ასეთ პერსონად ის დეპუტატ კობა ნაყოფიას ასახელებს.
'საინტერესოა, სად იშოვა ამ ადამიანმა ფული?', - კითხულობს სოფიო ხორგუანი, რომელიც პრეზიდენტს ურჩევს, გაარკვიოს რომელ ქვეყნაში დააგროვა სიმდიდრე მისმა კიდევ ერთმა თანაგუნდელმა კახა ბენდუქიძემ. 
'ქართული პარტიის' პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის ასევე გაუგებარია, რატომ ადანაშაულებს სააკაშვილი რუსეთის სასარგებლოდ ღალატში ოპოზიციას, მაშინ, როდესაც ოკუპანტ ქვეყანას ენერგეტიკული ბერკეტები და მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები სწორედ მმართველმა გუნდმა გადასცა.
'ხრამი-1' და 'ხრამი-2' სულ ახლახან მიყიდა საქართველოს ხელისუფლებამ 'რაოეესის' შვილობილ კომპანიას',- აღნიშნავს სოფიო ხორგუანი.
მისი განცხადებით, საქართველოს ინტერესებში არც ის შედის, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია და ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში წინ ვერ მიდის.
'ვის აწყობს ეს? სწორედ რუსეთს აწყობს ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს და რომლის გამოც საქართველო დღითიდღე შორდება ცივილიზებულ თანამეგობრობას', - მიიჩნევს ხორგუანი. 
რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ ახერხებს, სოფიო ხორგუანის თქმით, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქმე აქვთ ავტორიტარულ რეჟიმთან.
'დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ოპოზიციური ძალის ერთიანობის აუცილებლობა არ არსებობს. ამიტომ, სააკაშვილი თავისდა უნებლიედ ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმია დამყარებული', - აღნიშნავს ხორგუანი.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები