მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სტეფან ბანდერა – ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე: რატომ წყდება 'მასთ ქერის' მოქმედება არჩევნების შემდეგ

ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე: რატომ წყდება 'მასთ ქერის' მოქმედება არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ ცნობილმა კანადელმა ჟურნალისტმა სტეფან ბანდერამ განაცხადა , რომელმაც საქართველოში 'მასთ ქერის' პრინციპის დანერგვის პოლიტიკურ დატვირთვაზე საუბრობს. 
როგორც ბანდერამ ინტერპრესნიუსის' საკონფერენციო დარბაზში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული რეგულაციის შემოღება საქართველოში დადებითად შეფასდა, თუმცა 'მასთ ქერი' კანადაში განსხვავებულ ასპექტებს მოიცავს. 
'ამას კანადაში სავალდებულო გავრცელება ეწოდება. განსხვავება კი, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ 'მასთ ქერი' პოლიტიკურად დატვირთული და არჩევნებთან დაკავშირებული არ არის. კანადაში ის მაუწყებლობის შესახებ აქტის ნაწილია, საქართველოში კი - საარჩევნო კანონის. სავალდებულო გავრცელების განკარგულება კანადის რადიო და ტელეკომუნიკაციების კომისიამ გასცა და ამ განკარგულების მიხედვით, არხებმა უნდა უზრუნველყონ საინფორმაციო და გასართობი პროგრამების ბალანსი. საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა და მე არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, სადაც 'მასთ ქერი' საარჩევნო კანონმდებლობის ნაწილია',- განაცხადა ბანდერამ და აღნიშნა, რომ ეს აღნიშნული პრინციპის პოლიტიკურ დატვირთვაზე მიუთითებს. 
მისივე განმარტებით, ამ დრომდე ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რატომ წყდება 'მასთ ქერი' არჩევნების შემდეგ. 
'როდესაც ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, გვრჩება მხოლოდ ვარაუდი. ჩემი აზრით, ხელისუფლებას შესაძლოა, ეშინია იმის, რომ ზოგიერთმა არხმა იმის მსგავსი სტრატეგია არ გადასცეს, როგორსაც გადასცემდა 'იმედი' 2007 და 'რუსთავი 2' 2003 წელს, როდესაც ისინი ანტისამთავრობო არხებს წარმოადგენდნენ და ხალხის პროტესტის ამაღლებაში დიდი როლი ითამაშეს', - განაცხადა ბანდერამ. 
მისივე თქმით, მეორე საკითხია ეგზიტპოლები და თუკი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ე.წ ოპოზიციური არხები გაითიშება, ეგზითპოლების ყველა შედეგის მიუღებლობის რისკი იზრდება. 
როგორც სტეფან ბანდერამ განმარტა, მედიის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა სატელიტური ანტენების დაყადაღების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 
'მედიის ხელმისაწვდომობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა სატელიტური ანტენების კონფისკაციისშემდეგ, იმის მიუხედავად, არსებობდა თუ არა ამ კონფისკაციის უფლება. 'გლობა ტივის' სატელიტური ანტენების დაყადაღების გარდა 'მაესტროს' კუთვნილი ანტენებიც შეფერხდა საზღვართან', - განაცხადა ბანდერამ. 
მისივე განმარტებით, ხშირია მედიასაშუალებებით არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაც, რაც დაუშვებელია. 
'ნახევრად სიმართლე და ჭორები მაშინაც კი არ არის გამართლებული, თუკი იგი ყველაზე ღირსეულ მიზანს ემსახურება. პოლიტიკური შეხედულება არ უნდა დამახინჯდეს. მაგალითად, ერთ-ერთმა საინფორმაციო წყარომ განაცხადა, რომ ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე მილანში კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდა და ამ სპეკულაციის საფუძველი მხოლოდ ის იყო, რომ კალაძე იტალიაში გაემგზავრა. ეს ერთ-ერთი დამადასტურებელია იმ ტყუილისა, რომლებიც საინფორმაციო პროგრამებში გადაიცემა', - აღნიშნა ბანდერამ. 
მისივე ინფორმაციით, 'ღია დემოკრატიის კომიტეტი' საქართველოში მედიის მდგომარეობაზე დაკვირვებას არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდშიც განაგრძობს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები