მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უწმინდესი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა

 

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ გუშინ გვიან ღამით, პარლამენტის მიერ 1 ივლისს პირველი მოსმენით მიღებულ კანონზე სპეციალური განცხადება გააკეთა.

კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას შეეხება.

აღნიშნულ განცხადებას 'ჯეონიუსი' უცვლელად გთავაზობთ.

'ჩვენი ეკლესიისა და, საერთოდ ხალხისთვისაც სრულიად მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტმა 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ და მისი მეორე მოსმენა სავარაუდოდ 5 ივლისისთვის, იგეგმება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ქართული ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა.

ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს', - ნათქვამია უწმინდესის განცხადებაში.  

 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები