მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქართველები ავღანეთში

აშშ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას 2011 წელს 10 000 ჯარისკაცით შეამცირებს. ხოლო ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა 2014 წლისთვის დასრულდება. როგორია საქართველოს სამხედრო პოლიტიკა ავღანეთთან დაკავშირებით და როდის დატოვებენ ავღანეთის მიწას ქართველები. თქვენს კითხვებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები: 

მკითხველი ზუკა:
 რამდენად მიზანშეწონილია ქართული ჯავშანმანქანა 'დიდგორის' ავღანეთში გამოსაცდელად გაგზავნა?

ნებისმიერ ახალ სამხედრო ტექნიკურ საშუალებას სჭირდება პრაქტიკაში გამოცდა. როგორც წესი, წამყვანი ქვეყნები თავიანთ ტექნიკას გამოსცდიან სპეციალურ საწვრთნელ ბაზებზე, სადაც იმიტირებული მიზნები და ამოცანებია დასახული. ასეთ გამოცდას სჭირდება დრო და რესურსი, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენთვის საკმარისად ხელმისაწვდომი არ იყოს. ამიტომ „დიდგორის' ავღანეთში გამოცდა ერთგვარად მოცემულობაა, რომელიც, ვფიქრობ, წაადგება ამ ტექნიკური საშუალების შემდგომ დახვეწას.

მკითხველი გიორგი: ბატონო ირაკლი, თქვენი აზრით თუ არიან ქართველი ჯარისკაცები იმ დონეზე მომზადებული, რომ თალიბებს პირდაპრ შეტაკებებში ებრძოლონ?

როგორც ჩემთვის ცნობილია, ქართველი სამხედროები კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა  მათი მომზადებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, აქაც არის განსხვავებები. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ავღანეთში, ქართულ კონტიგენტში ბევრი ახალგაზრდა (19-22 წლის) ირიცხება, რომელთაც არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, მათ შორის ცხოვრებისეული, რაც ერთგვარად ზრდის როგორც რისკებს მათ მიმართ, ასევე ამცირებს ეფექტიანობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ითქმის.

საერთო ჯამში, ჩვენი სამხედროების მომზადება დადებითად შეიძლება შეფასდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი საბრძოლო მზადყოფნა ასეთივე წარმატებული შეიძლება იყოს მათი საქართველოში მსახურის დროს, რამდენადაც ჩვენს სამხედროებს ოპერაციების განხორციელების დროს აქვთ ძლიერი მხარდაჭერა, როგორც მმართველობის, ასევე ოპერაციის განხორციელების პროცესში. მაგალითად, შესაბამისი ოპერაციის დროს, ჩვენს სამხედროებს საშუალება აქვთ პირდაპირ მოითხოვონ საჰაერო მხარდაჭერა, რაც რა თქმა უნდა, ზრდის მათ მიერ ამოცანების შესრულების წარმატების ალბათობას.

მკითხველი გია: მაინტერესებს გახდა თუ არა სავალდებულო სამსახური 2 წლიანი? და თუ გახდა როდიდან?

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადა ყველასთვის არის ერთი წელი.

მკითხველი ავთო: მაშინ როდესაც 10 000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს ავღანეთს, ქართველებმაც უნდა დატოვონ ავღანეთი?


ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების, გამოწვევების, რისკების, სოციალ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ ავღანეთში ან ზოგადად საერთაშორისო მისიებში არ უნდა გააგზავნოს 2 ასეულზე მეტი, რათა ერთი მხრივ არ მოხდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის დასუსტება, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ხშირად საუბრობს რუსეთის მხრიდან აგრესიის მაღალ ალბათობაზე, მეორე მხრივ კი, ეს გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ზოგადად ჩვენს შესაძლებლობებს. 

მე მივმართავდი საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებდი რომ მიიღონ კანონი ქართული სამხედრო კონტიგენტის საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ, სადაც წინასწარ უნდა განისაზღვროს პროცენტული ზღვარი ქართული სამხედრო შენაერთების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ. თქვენს კითხვაზე, მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არა თუ უნდა გაიზარდოს ჩვენი კონტიგენტი, არამედ უნდა შემცირდეს. თუმცა ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ჩვენი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას ვიწროპოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით იღებს, მათ შორის უგულვებელყოფს საზოგადოების პოზიციას.

მკითხველი დავითი: ბატონო ირაკლი საკმარისია 40 შეჯავშნული მანქანა იმასთან შედარებით რა მსხვერპლსაც საქართველო იღებს ავღანეთში? პირადად მე, სასაცილოდ მეჩვენება.

არ არსებობს რაიემე ტექნიკური საშუალება, რომელიც შეიძლება ადამიანის ერთ სიცოცხლეზეც კი „გაიცვლებოდეს'. რა თქმა უნდა ეს ამისთვის არ კეთდება. მე მესმის თქვენი გულისწყრომა. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ ნატოს მიერ წარმოებულ სამშვიდობო მისიებში, თუმცა ჩვენი მონაწილეობა უნდა იყოს ადეკვატური არსებულ მოცემულობასთან და ის არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ვიწროპოლიტიკურ მიზნებს. პირველ რიგში, ნებისმიერ ხელისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების მოთხოვნებს, რაც ჩვენს ქვეყანაში მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით არ ხდება.

მკითხველი ლაშა: რამდენი ქართველი ჯარისკაცია ავღანეთში?


დღესდღეობით ავღანეთში ათასამდე ქართველი სამხედროა, თუმცა როგორც ცნობილია ეს ციფრი მომავალში სავარაუდოდ გაიზრდება 1600-1800 კაცამდე. 

მკითხველი ნუგზარი: თუ არის ზუსტი თარიღი დათქმული საქართველოს მიერ, როდის დატოვებს საქართველო ავღანეთის სამხედრო ოპერაციას?

როგორც ვიცი, ასეთი თარიღი დათქმული არ არის.

მკითხველი სოფო: ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში რა ამოცანის შესრულება უწევთ? 


მათი ამოცანები ძირითადად უკავშირდება პატრულირებას. ასევე, თალიბების კონკრეტული ჯგუფების აღმოჩენასა და მათ განადგურებას. რამდენადაც ჩვენი კონტიგენტი განთავსებულია საზღვრისპირა რეგიონებში, მათ უწევთ საზღვრის გარკვეული მონაკვეთის მეზობელი რაიონების გაკონტროლებაც.

მკითხველი გელა: ავღანეთსა და ერაყში ქართველებს ცალკე ბატალიონი აქვთ, თუ ვინმესთან არიან გაერთიანებული?


ერაყში ჩვენ კონტიგენტი აღარ გვყავს. ავღანეთში კი ქართული კონტიგენტი მოქმედებს ძირითადად ამერიკელებთან და ფრანგებთან ერთად.

მკითხველი შოთიკო: თქვენი აზრით, რამდენად გამოადგებათ ქართველ სამხედროებს ავღანეთში მიღებული ცოდნა რუსეთთან სავარაუდო კონფლიქტის დროს?

ცხადია, რომ სამხედრო ოპერაციის ხასიათი განსხვავებულია. ავღანეთში ჩვენ ვმოქმედებთ ძლიერის მხარეს, სუსტის წინააღმდეგ, ასიმეტრიული ხასიათის ოპერაციებში. რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ფაქტობრივად, შეიძლება მოგვიწიოს აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობაში აგრესიის მოგერიება. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენთვის თალიბების გამოცდილება გაცილებით სასარგებლო შეიძლება იყოს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ოპერაციების შესრულებისას, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარისკაცები აანალიზებენ მოწინააღმდეგე მხარის სტრატეგიას, ტაქტიკურ სვლებს და თავად ხედავენ თუ რა შემთხვევაში უფრო რთულია ასეთ ჯგუფებთან ბრძოლა, რაც ჩვენს ჯარისკაცებს არაპირდაპირ საჭირო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს. 

როგორც ჩვენი იქ მყოფი ჯარისკაცები მეუბნებიან ხოლმე, ისიც კი დიდი გამოცდილებაა, როდესაც ტყვიის ზუზუნს ეჩვევიო. ასე რომ თქვენი კითხვის არსი მე მესმის და ვიზიარებ მის პათოსს, თუმცა გარკვეული გამოცდილება ასევე სახეზეა. პრობლემას მე უფრო სხვა რამეში ვხედავ, კერძოდ იმაში, რომ სამხედრო კარიერის პერსპექტივები საქართველოში ფაქტობრივად არ არის. ის ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთიდან ბრუნდებიან, ბევრი მათგანი ტოვებს სამხედრო სამსახურს სწორედ იმის გამო, რომ ჯარში არ არის ჯანსაღი გარემო, მათ შორის საკუთარი ღირსეული პროფესიის განვითარების პერსპექტივები.

მკითხველი ლევანი: რა უნდა გააკეთონ სამხედროებმა, რომ ნაღმებზე არ აფეთქდნენ?

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცოდნა ამ მხრივ გამაჩნია, მე სამხედრო არ გახლავართ პასუხი რომ გაქცეთ ამ კითხვაზე. არსებობს თავდაცვის რამდენიმე საშუალება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ნაღმების უშუალო აღმოჩენას ან ნაღმზე ფეხის დადგმის შემდგომ შესაბამის წესებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის და ნაღმებისგან თავის დაცვისთვის საჭიროა ქვედანაყოფის ჰარმონიული და შეთანხმებული მოქმედება. ინტერნეტ სივრცეში შეგიძლიათ მოიძიოთ ამ მხრივ საინტერესო მასალა, რომელიც სრულ წარმოდგენას მოგცემთ. განვითარებული ქვეყნების ძირითადი ნაწილი დღეს უკვე უარს აცხადებს იმ ნაღმების წარმოებაზე, რომლებიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ. 

მკითხველი მარინა: თქვენი აზრით, რამდენი ჯარისკაცია საჭირო რუსეთისგან თავის დასაცავად?


რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის ფორმები განსხვავებულია და პირველ რიგში დამოკიდებულია თავდასხმის ხასიათზე და მასშტაბებზე. არსებული მოცემულობით ჩვენი ამოცანაა მოწინააღმდეგის შეკავება და ზარალის მინიმალიზაცია მანამდე, სანამ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით არ მოვახერხებთ აგრესიის თავიდან აცილებას. ამისათვის მე მიმაჩნია, რომ საჭიროა პირველ რიგში, მოწინააღმდეგის მიერ განზრახული სავარაუდო სცენარების განსაზღვრა, შემდეგ, შესაბამისი სტრატეგიების სწორად შემუშავება და ამ სტრატეგიების მიხედვით არსებული სამხედრო ძალების მომზადება.

მიმაჩნია, რომ ქვეყანას სჭირდება კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი მობილური არმია სწორედ იმ რაოდეობის რამდენიც ჩვენ დღეს გვყავს და ასევე კარგად მომზადებული სამხედრო რეზერვი, რომელსაც შეეძლება ავტონომიურ და ძირითად არმიასთან შეთანხმებულად ეფექტურად მოქმედება. ეს დიდი თემაა და არსებობს განსხვავებული მიდგომები. თქვენი ინტერესის შემთხვევაში, შემიძლია ერთხელ უფრო ფართოდ გავშალო ჩემი პოზიცია რუსეთის აგრესიის მოგერიების თვალსაზრისით.


მკითხველი ხატია: დაახლოებით, რა თანხა დაჯდება ქართული ჯარის დასავლურ შეიარაღებაზე გადასვლა?

კარგად ხვდებით, რომ სამხედრო ძალების აღჭურვა, მომზადება და შენახვა ძვირი სიამოვნებაა. მით უმეტეს, როდეასაც ჩვენ არ გვაქვს ჩვენი სამხედრო მრეწველობა და წარმოება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგე - რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ძლიერია, რაც ჩვენ იძულებულს გვხდის შევიძინოთ ამ სავარაუდო აგრესიის თავადასაცავად ადეკვატური იარაღი, რაც ძალიან ძვირადღირებულია და მის მომსახურებასაც დიდი რესურსი სჭირდება, რაც ქვეყანას არ გააჩნია და არც ამის პერსპექტვიები ჩანს.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში შეიარაღების შესახებ ეუთოს შეთანხმებით , ჩვენს ქვეყანას დაწესებული აქვს კვოტები როგორც სამხერო ძალების რიცხოვნობის, ასევე შეიარაღების თვალსაზრისით, რაც საერთო ჯამში ვერ მოგვცემს თავდაცვის ძლიერ სისტემას. გარდა ამისა, დასავლეთი არ თვლის საჭიროდ, რომ საქართველოს მიყიდოს თანამედროვე სამხედრო ტექნიკური საშუალებები სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

მკითხველი ნიკა: საქართველოს ჭირდება თუ არა ტყვიაწამლის საწარმოები?

მე მიმაჩნია, რომ სჭირდება თუნდაც მინიმალურ დონეზე მცირე ზომის სამხედრო სამრეწველო საწარმოები, რომელთა გაფართოვება საჭიროების შემთხვევაში ან შემდგომი განვითარება შესაძლებელი იქნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ არსებულ საჭიროებებზე, არამედ იმაზეც, რომ გვყავდეს შესაბამისი სპეციალისტები და დაგვიგროვდეს გამოცდილება, რათა ამ რესურსის ძიება არ დავიწყოთ მაშინ, როდესაც ქვეყანას ამის პირდაპირი აუცილებლობა ექნება.

ambebi.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები