მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქართული ფილმი 63-ე ბერლინალეს პროგრამა 'პანორამაში' მოხვდა

ახალგაზრდა რეჟისორი, ზაზა რუსაძის სადებიუტო ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი საბნის ნაკეცი' ბერლინალეს ოფიციალური პროგრამისთვის „პანორამა' შეირჩა. „პანორამა' ფესტივალის არასაკონკურსო სექციაა, რომელიც საავტორო და კომერციული კინოს ინტერესების დაახლოებას ისახავს მიზნად. ამ სექციაში მონაწილეობენ როგორც სახელგანთქმული რეჟისორები, ასევე დებიუტანტი რეჟისორები და სექცია მხოლოდ მათ ევროპულ და მსოფლიო კინოპრემიერებს ეთმობა.

63-ე ბერლინალე 2013 წლის 7დან 17 თემერვლამდე გაიმართება და წლის დასაწყისის ეს მნიშვნელოვანი ფესტივალი კინო პროფესიონალების ყურადღების ცენტრში მოექცევა. ფილმი „ჩემი საბნის ნაკეცი' ბერლინალეს პროგრამის ადრეულ სელექციაში - 15 დოკუმენტურ და მხატვრულ სრულმეტაჟიან ფილმს შორის დასახელდა.

„ჩემი საბნის ნაკეცი' ეროვნული კინოცენტრის 2011 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტია და მისი წარმოების სახელმწიფო სუბსიდიამ 575 000 ლარი შეადგინა. ფილმის მოქმედება ახლო მომავალში, პატარა ქართულ ქალაქში ვითარდება. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ, დიმიტრი სამშობლოში ბრუნდება და სასამართლოში იწყებს მუშაობას. სამსახურის ერთფეროვან დღეებს მისი გატაცება, კლდეზე ცოცვა, ცვლის. მთის წვერიდან მის წინ, ბუნების ულამაზესი ხედი იშლება და დიმიტრი მშობლიური ქალაქის კლაუსტროფობიისგან განთავისუფლებას ცდილობს. ასეთია ფილმის მოკლე სიუჟეტური ხაზი, თუმცა ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი მაყურებელს უჩვეულო კინოთხრობას და ბევრ დამაინტრიგებელ სიურპრიზს სთავაზობს.

თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი ნაკაშიძე, ავთანდილ მახარაძე, ზურა ყიფშიძე, ლუდმილა მღებრიშვილი-არტიომოვა, მარინა ჯანაშია, მაკა მახარაძე, დარეჯან ხარშილაძე, შოთა ქრისტესაშვილი, აკაკი ხიდაშელი, გიორგი გიორგანაშვილი - ახალგაზრდა და გამოცდილი მსახიობების ეს ჯგუფი ეკრანზე საინტერესო კინო-სახეებს ქმნის. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშნის ღირსია ავთანდილ მახარაძე, რომელიც თენგიზ აბულაძის 'მონანიების' (1984) და მიხეილ კალატოზიშვილის 'რჩეულის' (1992) შემდეგ ისევ ქართული კინოს ეკრანს უბრუნდება.

ბერლინალეს ისტორიის მანძილზე, ფესტივალზე სულ 15-მდე ქართულ ფილმს მიუღია მონაწილეობა. პირველად, 1986 წელს გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა' იყო მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე და ვერცხლის დათვიც მოიპოვა. შემდეგ 1992 წელს მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეული', 1993 წელს კი თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე', რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას 'ცისფერი მთების' პირველი საერთაშორისო ჩვენება 1986 წელს სწორედ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა 'პანორამაში' შედგა, სექციაში რომელიც ახლა უკვე ზაზა რუსაძის 'ჩემი საბნის ნაკეცის' მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს.

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან უკვე 7 წელია აქტიურად თანამშრომლობს. ფესტივალის წარმომადგენლები კინოცენტრის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით 2011-2012 წლებში თბილისშიც იმყოფებოდნენ. მიზანი ახალი ქართული კინოპროდუქციის გაცნობა იყო. საქართველო 2013 წელს არა მხოლოდ ფესტივალის ბაზრობაზე (European Film Market) იქნება წარმოდგენილი, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის პრესტიჟულ სექციაში ახალ ქართულ ფილმს წარადგენს.

ფესტივალის არაოფიციალურ პროგრამა 'ჯენერეიშენში' ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმები - 2009 წელს, გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი' და 2010 წელს, რუსუდან პირველის „სუსა' აჩვენეს.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები