მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შარაშენიძე: უმრავლესობა ოპოზიციის შეთავაზებას, ამ ეტაპზე, არ დათანხმდება...

მმართველობის 100 დღის თავზე ახალი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად კვლავ საგარეო კურსი რჩება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საპარლამენტო უმცირესობა ქვეყნის პროდასავლურობის ურყეობის კონსტიტუციაში შეტანას აქტიურად ითხოვს, პრემიერი ივანიშვილი და უმრავლესობა კი აღნიშნულ ინიციატივაზე პასუხის გაცემას აჭიანურებს, რაც პოლიტიკური ორიენტაციის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს. 

„პრესა.ჯი' დაინტერესდა, რა გაკეთდა ნატოსა და ევროკავშირთან დასაახლოვებლად ბოლო 100 დღის განმავლობაში და პოლიტოლოგსა და ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

თორნიკე შარაშენიძე: არჩევნების შემდეგ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა არ ჩამქრალა. ქვეყანა სრულფასოვან სახელმწიფოდ ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, განვითარების ეტაპს გადის, რომელიც საკმაოდ მძიმეა. 

საჭიროა აღსდგეს ნდობა ორ სერიოზულ პოლიტუკურ ძალას შორის. ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს ნდობა სწორედ ქვეყნის საგარეო კურსზე შეთანხმებით და დიალოგით აღსდგეს. საბედნიეროდ, „ქართულ ოცნებაშიც' არიან პროდასავლური ძალები, რომლებიც ამ საკითხს პროგრესულად უყურებენ. 

პრესა.ჯი: ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ოკუპირებულ აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით...

- ამ საკითხზე საუბარი 12-13 წელია რაც მიმდინარეობს. სხვათაშორის, ამ საკითხზე უშიშროების სამინისტროში მუშაობისას პირადად ვიყავი ჩართული. ყოველ ჯერზე ვასკვნიდით, რომ აღნიშნული რკინიგზის გახსნა საკმაოდ სარისკო და საფრთხილო საქმეა, რადგან რკინიგზის გახსნა მოიცავს მთელი ჩვენი სამეზობლოს ინტერესებს და შესაძლებელია ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანით დავეჯახოთ აზერბაიჯანს და თურქეთს. 

ამ საკითხს კომპეტენტური ადამიანების ერთ მაგიდასთან შეკრება და სერიოზული მსჯელობა სჭირდება. უნდა გაითვალოს თითოეული დეტალი. შეიძლება ეს ინიციატივა გულისხმობდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენას და ფინანსების მოზიდვას, ან ოკუპირებულ აფხაზეთთან კომუნიკაციის საშაულებას, მაგრამ გასავალისწინებელია სხვა მეზობელი მეგობარი ქვეყნების ინტერესებიც. მოკლედ, ამ ინიციატივის მიღმა იმაზე მეტი მინუსია, ვიდრე პლუსი. კარგია რომ ამ თემის განხილვისთვის მზადყოფნა გამოითქვა და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. 

- პრემიერის მიიჩნევს, რომ სომხეთი არის სანიმუშო ქვეყანა ნატოსთან და რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, რამდენად გამართლებულია სომხეთის მაგალითი საქართველოსთან დაკავშირებით?

- ივანიშვილის სომხეთში გაკეთებულ განცხადებას მასპიძლებისთვის კომპლიმენტის თქმის სურვილით ვხსნი. საქართველოსა და სომხეთს განსხვავებული გეოპოლიტიკა აქვთ. ვერ გავატარებთ პოლიტიკის იმ მოდელს, რომელიც სომხეთს აქვს არჩეული. გასათვალისწინებელია, რომ სომხეთს არ ჰყავს მეზობლად რუსეთი და არ ეცილება კუთვნილ ტერიტორიებს. სომხეთს არ ემეზობლება რუსეთი, რომელიც გაცილებით აგრესიულია, ვიდრე თურქეთი. ეს ის სერიოზული განსხვავებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც არსებობს ჩვენსა და სომხეთს შორის. 

- პრემიერის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მცდელობა შეინიშნება. რის ხარჯზე შეიძლება რუსეთი ივანიშვილთან რეალურ მოლაპარაკებაზე წავიდეს?

- რუსეთს თავისი შიშები და პრობლემები აქვს. მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასია. სწორედ ამ თემაზე შეიძლება საუბარი რუსეთთან, რომ ჩვენი ინტერესები არ დაზარალდეს. 

ჩვენთან გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსეთი არის შავბნელი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი დაანგრიოს, თუმცა მასაც აქვს ბევრი თავსატეხი და სწორედ ამ პრობლემებზეა რუსეთთან საუბარი საჭირო. თუმცა, ეს დიალოგი არ უნდა ნიშნავდეს ქვეყნის საგარეო კურსზე უარის თქმას. 

ჩვენ მკაფიოდ უნდა დავაფიქსროთ ყველა ტრიბუნიდან თუ ოფიციალურ შეხვედრაზე, რომ საქართველო რუსეთს არ ერჩის, მზადაა კონსტრუქციული ნაბიჯისთვის, მაგრამ ყველანაირი წინაპირობების გარეშე. 

რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან ერთად, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ როგორც სახელმწიფო და გავაღრმავოთ ურთიერთობა ნატოსა და ევროკავშირთან. სერიოზული მუშაობა ორივე მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს, რადგან თუ რუსეთთან სიახლოვის სურვილს ნატოში გაწევრიანებას გადავაყოლებთ, ვერც ჩრდილოელ მეზობელთან შევძლებთ ცივილურ ურთიერთობას. 

- ოპოზიციის მოთხოვნაა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქვეყანა ევროპულ არჩევანს არ გადაუხვევს და იმ ორგანიზაციებში არ გაწევრიანდება, სადაც დომინანტი რუსეთის ფედერაციაა...

- უმრავლესობა ოპოზიციის ამ შეთავაზებას, ამ ეტაპზე, არ დათანხმდება, რადგან, ასეთი დოკუმენტის მიღება რუსეთისთვის სილის გარტყმა იქნება მაშინ, როცა მასთან დიალოგი დავიწყეთ.

სომხეთს არ ჰყავს მეზობლად რუსეთი და არ ეცილება კუთვნილ ტერიტორიებს. სომხეთს არ ემეზობლება რუსეთი, რომელიც გაცილებით აგრესიულია, ვიდრე თურქეთი. ეს ის სერიოზული განსხვავებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც არსებობს ჩვენსა და სომხეთს შორის

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები