მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შს მინისტრი დანაშაულს მალავს და ბესელიას შვილს ხელს აფარებს

„სითი კლუბში' მომხდარ სისხლიან გარჩევას შს სამინისტრო არ იძიებს. პოლიცია არათუ ბესელიას შვილის მიმართ, არამედ ფაქტის ირგვლივაც არ აწარმოებს გამოძიებას. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „პრესა.ჯი'-მ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „სითი კლუბში' დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე, ბესელია და მისი ვაჟი, რატი მილორავა იმყოფებოდნენ.

კლუბში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. მოხდა დაჭრაც. თვითმხილველთა განცხადებით, ჩხუბში ბესელიას შვილი მონაწილეობდა. ისინი ამბობდნენ, რომ სწორედ მან დაჭრა ადამიანი, თუმცა, გამოძახებულმა პატრულმა ფაქტი მიჩქმალა.

მეტიც: „პრესა.ჯი'-ს შემდეგ, გუშინ, ინტერნეტ-ტელევიზია „აიტივიმ' გამოაქვეყნა ვიდეო-სიუჟეტი. ვიდეოში ჩანს, რომ კლუბთან მცხოვრები ქალბატონები ჩხუბის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რამდენჯერმეც გაისროლეს(სიუჟეტი იხილეთ სტატიის ბოლოს)... ერთ-ერთი ქალბატონი კი, იმასაც ამბობს, რომ ჩხუბის დროს, პატრული თავად გამოიძახა. თუმცა, პატრულმა „სიტუაცია გაარკვია'. 

ამ ქალბატონის განცხადება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი „სითი კლუბში' მომხდარი ჩხუბის ფაქტს საერთოდ არ ადასტურებს. ის აცხადებს, რომ შს სამინისტროში ფაქტზე შეტყობინება არ შესულა და არც პატრული ყოფილა გამოძახებული.

მიუხედავად „პრესა.ჯი'-სა და „აიტივის' მიერ გავრცელებული ინფორმაციებისა (მათ შორის ვიდეო-ჩვენებებისა) შს სამინისტრო არც ახლა დაინტერესებულა 'სითი კლუბში' მომხდარი სისხლიანი გარჩევით. 

ეს მაშინ, როცა კანონის მიხედვით, პოლიცია ვალდებულია მედიით გავრცელებული იმ ინფორმაციის ირგვლივ, რომელიც შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, მოკვლევა დაიწყოს.

ცოტა რამ ბესელიას შვილის შესახებ...

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ეკა ბესელიას, რომელსაც გარდაცვლილი პოლიციელის დედა, ე.წ. პოლიტპატიმრების სიის შედგენისას, დიდი ფულის აღებაშიც კი ადანაშაულებდა, წესით, მისი შვილის კრიმინალური თავგადასავლები არ უნდა უკვირდეს.

მაგალითად, 2010 წელს, რატი მილორავა ვაკე-საბურთალოს პოლიციამ მაღაზიის გამყიდველის დაჭრის ფაქტზე დააკავა. მაშინ, გამოძიებას თბილისის პოლიციის სამმართველოს პირველი (მკვლელობების) განყოფილება აწარმოებდა.

გამოძიებას ხელთ ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. მილორავას დანაშაულის ჩადენისთვის ბრალიც წარედგინა, თუმცა, პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ბესელიას შვილმა დანაშაული სრულად აღიარა. ასე გადაურჩა მილორავა ციხეს. თუმცა, მოგვიანებით ის კიდევ ერთხელ დააკავეს...

ფიცი გვწამს, ღარიბაშვილი გვაკვირვებს...

შს მინისტრი ღარიბაშვილი, ყოველი საჯარო გამოსვლისას საზოგადოებას უყვება „ზღაპრებს' პოლიციის დეპოლიტიზირებისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

მართალია, ღარიბაშვილი უნიჭოდ ცდილობს ხალხის იმაში დარწმუნებას, რომ შს სამინისტროში დანაშაულს შერჩევით არ ებრძვიან, თუმცა, ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.

1. ღარიბაშვილმა ვერ გაბედა პოლიციის პრორექტორის, ლუკა კურტანიძის დაკავება, როცა მან ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სცემა.

2. ღარიბაშვილმა ვერ გაბედა საჯარო ბიბლიოთეკასთან დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილთა დაპატიმრება და ფაქტის ობიექტური გამოძიება.

3. ამჯერად კი, ღარიბაშვილმა ეკა ბესელიას შვილის დაკავება ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ ის, თვითმხილველთა განცხადებით, მძიმე დანაშაულში იმხილებოდა (ბესელიას ქმარი შსს-ს მაღალჩინოსანია).

მხოლოდ ეს სამი ფაქტიც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი „სამართლიანი მინისტრი' ჰყავს საქართველოს. 

ისევ შერჩევითი სამართალი?

ცოტა ხნის წინ, ქობულეთში, პარლამენტის კუთვნილი 'ფოლცვაგენის' მარკის ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა. 'ავტომანქანა საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ემსახურებოდა.

პარლამენტის ბალანსზე მყოფი სახელმწიფო ავტომანქანა ჭადრის ხეს დაეჯახა. შეჯახებისას მანქანაში ოთხი ადამიანი იყო. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ეკა ბესელიას შორეული ნათესავი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა. გარდაცვლილის ცხედარი გადაასვენეს ლანჩხუთის რაიონში. 

მანქანის მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში მოათავსეს. მანქანაში მჯდომი დანარჩენი ორი ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა 21 წლის გივი ცინცაძეა'.

მიუხედავად მსხვერპლისა, მძღოლი არავის დაუკავებია. არც ის გამოუძიებიათ, რატომ და ვის გამო მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე შეეწირა.

P.S: ქალბატონი ბესელია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და „სითი კლუბში' მომხადი ინციდენტის შესახებ საუბარს გაურბის. „მიუწვდომელია' ვერულაშვილიც, რომელიც ცოტა ხნის წინ საეჭვოდ „აოცნებდა'.  

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები