მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შტეფან ფულე - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი

საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ევროკავშირში გაწევრიანებამდე, მაგრამ თანამშრომლობის ის გზები და საშუალებები , რაც დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს, დამაიმედებელია, - ამის შესახებ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ დღეს, ბათუმში, 'ინტერპრესნიუსის' კითხვის პასუხად განაცხადა.
'ინტერპრესნიუსი' დაინტერესდა შტეფან ფულეს მოსაზრებით, რამდენად ახლოა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა.
'ჩვენ საქართველოს შემოდგომაზე შევთავაზებთ ეკონომიკური ურთიერთობის ახალ ფორმას, კერძოდ, ისარგებლოს ევროპული შიდა ბაზრით, რაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას დააჩქარებს. ასევე, გაგრძელდება თანამშრომლობა ამ სფეროში, რისი საუკეთესო მაგალითიც გუშინ ხელმოწერილი დოკუმენტია, რაც აჭარისთვის წყლის სისტემების მორიგ რეაბილიტაციას გულისხმობს. ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ერთ საკითხში ევროკავშირი მტკიცე და შეუვალია. ის არასდროს დათანხმდება საქართველოსა და სხვა ქვეყნების საზღვრების გადახედვას, რომლის სამწუხარო პრეცედენტიც იყო. მიმდინარეობს ასევე აქტიური მუშაობა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. მუშავდება ახალი მოდელი, რაც ხელს შეუწყობს მის მოგვარებას',-განაცხადა შტეფან ფულემ.
რაც შეეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებს, ევროკომისარი მიესალმება, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს. შტეფან ფულეს თქმით, ეს ხელს შეუწყობს სამარლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. 'რაც უფრო გაიზრდება ამის მოსურნეთა წრე, ევროკავშირი ამას მიესალმება',-დასძინა მან. 
შტეფან ფულეს განცხადებით, ხელშესახები შედეგებია სასამართლო რეფორმის კუთხითაც, თუმცა, მისივე თქმით, ნულოვანმა ტოლერანტობამ ციხეებში პატიმართა რაოდენობის ზრდა გამოიწვია, რაც ევროპულ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. 
რაც შეეხება ქვეყანაში კორუფციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას, ევროკომისრის თქმით, ეს მაჩვენებელი დაბალია. 'თითქმის არ არის კორუფცია, ეს კარგია',-აღნიშნა შტეფან ფულემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები