მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჩეხური კომპანიები მომავალ პროექტებს საქართველოს უკავშირებენ

საერთაშორისო არენაზე საქართველო მუდმივ დიპლომატიურ ბრძოლაშია ჩაბმული. ამ ვითარებაში 'ახალი ევროპის' ქვეყნები საქართველოს მიმართ მუდმივად მხარდაჭერას გამოხატავენ.

ევროსტრუქტურებთან დაახლოების გზაზე კი მათი პოზიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობაზე სულ უფრო მეტია დამოკიდებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩეხეთის როლი გამორჩეულია. '24 საათი' ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ნინო ნაკაშიძეს ესაუბრა:

- დღესდღეობით ჩეხეთის რესპუბლიკა, როგორც ბილატერალურ, ასევე საერთაშორისო ორგანიზა­ციებში, ევროატლანტიკურ სტურუქტურებთან ინტეგრაციის საქმეში საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია. თუმცა იმ პერიოდში, როცა მე ელჩად დავინიშნე, ჩეხეთის სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის დამყარება რთული იყო - ქვეყანაში დროებითი მთავრობა მოქმე­დებდა და ინიციატივებისგან თავს იკავებდა. ნაყოფიერად ვიმუშავეთ ჩეხეთის სენატთან - იგი ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ორგანო იყო, რომელმაც მიიღო რეზოლუცია, სადაც საქართ­ველოს ოკუპაცია დაგმობილია. გარდა ამისა, საელჩო, დიასპორასთან ურთიერთობის მხრივ, წარ­მატებით მუშაობს. რამდენიმე ქართული საღამოს ჩატარება მოვახერხეთ. ანსამბლ 'რუსთავის' მო­ნაწილეობით ქართული დღეები გაიმართა, 'ლაშარმა' კონცერტი გამართა. ამასთან ბექა გოჩიაშვი­ლის, თამაზ ყურაშვილის და ჩეხი დრამერის მონაწილეობით ჯაზ-კონცერტს გავუწიეთ ორგანიზე­ბა, რომელიც აგვისტოს ომის წლისთავს ეძღვნებოდა. ასევე ყველანაირად ვცდილობთ ქართული კულტურისა და ღვინის პოპულარიზებასაც.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საელჩოსთვის შენობის შეძენა. შენობა განვადე­ბით ვიყიდეთ და იმ თანხით ვიხდით, რაც ქირისთვის გვაქვს გამოყოფილი. ასე რომ, საქართვე­ლოს ჩეხეთში საელჩოს ლამაზი შენობა აქვს.

- ქალბატონო ნინო, 2007 წელს საქართველოში ჩეხეთიდან 230 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, პირდაპირი ინვესტიციების მაჩვე­ნებელი გაცილებით შემცირდა. ბოლო დროს კვლავ შეიმჩნევა გააქტიურება. მაისში თბილისმა სა­ქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ჩეხურ კომპანიებს საქართველოში, ძირითა­დად, რომელი სფეროები აინტერესებთ?

- ჩეხეთში საქართველოს მიმართ, ბიზნესის კუთხით, ყოველთვის იყო ინტერესი. ამ ინტერესის გასაძლიერებლად, ჩეხი და ქართველი ბიზნესმენებისთვის პირობების შესაქმნელად ხელი შე­ვუწყვეთ პრაღაში ჩეხურ-ქართული სავაჭრო პალატის გახსნას. ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩეხე­თი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. ის გამოცდილება, რომელიც ჩეხმა ბიზნესმე­ნებმა საქართველოში მიიღეს, დადებითია, რაც ქვეყნის მიმართ ინტერესის სულ უფრო მეტ ზრდას განაპირობებს. მაგალითად, საქართველოში 'ენერგოპრო' წარმატებულად მუშაობს. საერ­თოდ ენერგეტიკის სფერო ჩეხებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანია აპირებს, ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვას, ჩეხები საქართველოს რესურსებით ინ­ტერესდებიან.

დღეს რამდენიმე პროექტი მუშავდება, რომლებიც, ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების გან­ხორციელებით დასრულდება. ჩეხური კომპანიები დიდ ინტერესს გამოხატავენ ინფრასტრუქტუ­რული პროექტების მიმართაც. გარდა ამისა, აინტერესებთ ტურიზმი და სპაკურორტები, რაშიც ჩე­ხეთს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, ჩვენ შეგვიძლია, სოფლის მეურნეობის სფეროშიც ვითანამშრომლოთ.

- საკუთარ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ჯარების დიქტატი წარსულში ჩეხეთსაც აქვს გამოვლილი. იგრ­ძნობა თუ არა ჩეხებისგან საქართველოს მიმართ სოლიდარობა?

- ჩვენ პრაღის გარეთაც ვმართავთ შეხვედრებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ბრნოში დისკუსია გავმართეთ. ჩეხეთის ოკუპაციასა და საქართველოს ოკუპაციას შორის პარალე­ლები იმდენად ნათელია, რომ ჩეხეთში მოსახლეობასაც კარგად ესმის, რა მდგომარეობაშია საქარ­თველო. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა არის ოკუპაცია. მათ გულისხმიერებას ესეც განაპი­რობებს. ჩეხურ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ თბილი დამოკიდებულება სუფევს.

მიხარია, რომ საქართველოდან ჩეხეთში და ჩეხეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. იმედი მაქვს, ჩემი პატარა წვლილი იქნება ის, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურ­თიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება - არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე, არამედ ხალხთა შო­რისაც.

- თქვენ პრაღის ევროპულ სახლში ახალი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შესახებ გამართულ დებატებში მონაწილეობდით, სადაც მთავარი მომხსენებელი იყო ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. საქართველო დიდი ხანია, ცდილობს, ევ­როკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპა­რაკებები დაიწყოს. ამის შესახებ გასულ კვირას შტეფან ფიულეს პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუ­სელში ესაუბრა. თქვენი ინფორმაციით, რა არის მოლაპარაკებების დაწყების შემაფარხებელი ყვე­ლაზე სერიოზული ფაქტორი?

- იმისთვის, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ, საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები და დააკმაყოფილოს ევ­როკავშირში მიღებული სტანდარტები. ამ მიმართულებით წინსვლა გვაქვს, სავარაუდოდ, მოლაპა­რაკება ახლო ხანში დაიწყება. ჩეხეთი კი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი და ახლაც მხარს გვიჭერს.

- რამდენად აქტუალურია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი­დან ახალ საფეხურზე - უვიზო მიმოსვლაზე გადასვლის საკითხი?

- როგორც ყოველთვის, მთავარია, რომ ამ საკითხში პოლიტიკური ნება არსებობს. რაც შეეხება ტექ­ნიკურ დეტალებს, საქართველო საშინაო დავალებას მუდამ ასრულებს, ამიტომ მიგვაჩნია, ევრო­კავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის საფუძველი ნამდვილად არის.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები