მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> წარღვნის დამთავრებიდან - ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე გასული დრო

 

ბიბლიიდან გვეუწყება, რომ წარღვნას გადარჩენილი ნოეს მოდგმა - ჯერ არარატის მიდამოებში, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ - შინყარის ველზე მკვიდრდება, სადაც ბაბილონის გოდოლის აშენებას იწყებენ.

ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე, თუ - როდის დაინგრა ბაბილონის გოდოლი, პასუხის გასაგებად, საჭიროა დავადგინოთ - რამდენ ხანს მკვიდრობს ნოეს მოდგმა არარატის მიდამოებსა და შინყარის ველზე.

ბიბლიაში იმ ადგილის სახელი, სადაც სამოთხიდან გამოძევებული ადამი და ევა მკვიდრდება, ღიად მითითებული არ არის. სამაგიეროდ, ბიბლიაში მოცემულ ირიბ მინიშნებათა მიხედვით, როგორც ზემოთ ვნახეთ, ადამის მოდგმა თავის თავდაპირველ განთავსების ადგილას - 'ადამითგან', ვიდრე - 1654 წლამდე ცხოვრობს.

წარღვნის დამთავრების შემდეგ, ანუ 'ადამითგან': 1655 წლიდან - '... წარღვნას გადარჩენილი ნოე მართალია არარატის მიდამოებში მკვიდრდება - 'დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი' [დაბ. 9,20], მაგრამ მისთვის, ეს ადგილი, მაინც არ არის 'მშობლიური'.

დიდის ალბათობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ ამ 'მშობლიური' ადგილისკენ სწრაფვა გახდა ნოეს მოდგმის მიერ არარატის მიდამოების დატოვების მიზეზი - როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან (ანუ - არარატის მიდამოებიდან) ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ' [დაბ.11,2]...

აღნიშნულის პარალელურად, ბიბლიაში მოცემულია არარატის მიდამოებში, ნოეს მოდგმის ყოფნისეული დროის ირიბი მინიშნებაც; და აი, როგორ...

ბიბლიაში ვკითხულობთ - 'შეეძინა შვილები სემსაც ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას. სემის ძენი: ელაში, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი' [დაბ. 10,21-22].
და აი, სემის ხუთი ძიდან მხოლოდ ერთის - არფაქშადის შობისეული წლის მინიშნებაა ბიბლიაში. სემმა -'...შვა არფაქშადი, წარღვნის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ'-ო [დაბ. 11,1].

ბიბლიის მიხედვით წარღვნა დაიწყო - 'ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს...' [დაბ. 7,11]; ხოლო დამთავრდა - 'ექვსასმეერთე წელს - მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს...' [დაბ. 8,13-14].

ძველებრაულიდან თარგმნილი ქართული ბიბლიის მიხედვით, ეს მომხდარა ადამიდან: 17/02-1654 წლიდან, 27/02 - 1655 წლამდე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე არფაქშადის დაბადება მომხდარა - ადამიდან 1657 წელს, ანუ 1655 წელს დამთავრებული - „წარღვნიდან ორი წლის შემდეგ'.
თავის მხრივ, ბიბლიაში, სემის, მხოლოდ ორი ვაჟის შთამომავალთა სახელებია მოცემული - 'არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში. არფაქშაღმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი. ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფალეგი; რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა...'-ო [დაბ. 10,23-25].

მაშასადამე, ბაბილონის გოდოლის დანგრევა, ანუ 'ქვეყნის გაყოფა' - ფალეგის დროს მომხდარა, რომელიც ძველებრაულიდან თარგმნილი ქართული ბიბლიის მიხედვით, ადამიდან: 1756-1995 წლებში ცოცხლობს...
ამდენად, სემის შტოს მე-5 პატრიარქის - ფალეგის დაბადების თარიღი - 1756 წელი, არის კიდეც ის ზედა მიჯნა, რომელი დროის მანძილზეც - ნოეს მოდგმა ცხოვრობს არარატის მიდამოებში.

საუბრის გაგრძელებამდე ერთიც უნდა ითქვას, თუ დავუშვებთ, რომ - ფალეგი, ნოეს მოდგმის არარატის მიდამოებში ყოფნის დროს დაიბადა, და შემდეგ გადავიდნენ ისინი შინყარის ქვეყანაში, და რომ მისივე სიცოცხლეში ხდება ბაბილონის გოდოლის დანგრევა, მაშინ ნოეს მოდგმის არარატის მიდამოებში მკვიდრობის დროის მიქსიმალური ზღვარი ვერ გადასცილდება ფალეგის გარდაცვალების თარიღს, ადამიდან - 1995 წელს.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წარღვნის დამთავრების შემდეგ, ნოეს მოდგმის არარატის მიდამოებში მკვიდრობის დროის მინიმალური ზღვარია, ადამითგან: 1655 წლიდან  -  1756 წლამდე, ანუ - 101 წელი.
საძიებელი დროის მაქსიმალური ზღვარი კი გადის, ადამიდან - 1655 წლიდან, ვიდრე ფალეგის გარდაცვალებამდე, ანუ - 1995 წლამდე, ე.ი. - 340 წელი...' [მ. სალუაშვილი 2008: 23-24].

არარატის მიდამოებიდან ნოეს მოდგმის აყრის თაობაზე, ბიბლიაში ვკითხულობთ - 'როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრნენ' [დაბ. 11,2]. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ -  '... ბიბლიიდან არ გვეუწყება, თუ - 'შინყარის ველზე' მისვლიდან რამდენი ხნის მერე იწყება (და გრძელდება) ქალაქისა და გოდოლის მშენებლობა. თუმცა, როგორც ვნახეთ იგი - ნებროთის მეფობისას, ანუ მისი მეთაურობით ხორციელდება - 'თქვეს: აბა, ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე'-ო [დაბ. 11,4].

აქაც, ერთადერთი ორიენტირი - ისევ და ისევ ფალეგის სიცოცხლის დროითი მონაკვეთია. ბაბილონის გოდოლი, ფალეგის სიცოცხლეშივე დაუნგრევია ღმერთს, ანუ ეს უნდა მომხდარიყო, არა უმეტეს, ადამიდან - 1995 წლამდე.

ყოველივე თქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 'შინყარის ველზე', ნოეს მოდგმის მკვიდრობის მაქსიმალური დროითი ზღვრებია, ადამიდან - 1756 წლიდან, ვიდრე ფალეგის გარდაცვალებამდე - 1995 წლამდე, ე.ი. - 239 წელი...' [მ. სალუაშვილი 2008: 25].

ბიბლიაში, ბაბილონის გოდოლის აშენება-დანგრევის თაობაზე, ღია მინიშნება, ასევე არაა მოცემული. ამიტომ - '...აქაც, ისევ და ისევ ფალეგის სიცოცხლის წლებია ჩვენი ორიენტირი. მაშასადამე, ბაბილონის გოდოლი დანგრეულა, ფალეგის დაბადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს მის გარდაცვალებამდე, რაც 'ადამიდან' 1756-1995 წ.წ. დროის მონაკვეთს მოიცავს. ბიბლია დეტალურად ჩამოთვლის - ნოეს სამივე ვაჟის იმ მოდგმის სახელებს, რომლებიც ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ განიფანტნენ ქვეყანაზე...
...ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე, ბიბლიაში მოცემულია ნოეს მოდგმის 15 + 30 + 26 = 71 პატრიარქის სახელი - 'ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავის მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში, მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ'-ო [დაბ.1,32].
სემის მოდგმის პატრიარქთა სახელდებული რიცხვითი ოდენობა, კიდევ ერთი, სავარაუდო, დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

წარმოდგენილ ჩამონათვალში, როგორც ვხედავთ - ყებერის ორი ძიდან, მხოლოდ - იაკტანის შვილების სახელდებებია მოცემული.
ფალეგთან დაკავშირებით კი, რომლის დროსაც - 'გაიყო ქვეყანა' [დაბ. 10,25], არც ერთი შვილის სახელი არაა ნახსენები. სამაგიეროდ, აბრაამის გენეალოგიური ხაზის დადგენის მიზნით, სემის შტოთა მამამთავრების ჩამონათვალი, კონკრეტულ წლებთან ერთად, გვამცნობს - ფალეგის მოდგმის თითო პატრიარქის სახელსაც.

კერძოდ, ადამიდან - 1756 წელს დაბადებულ ფალეგთან მიმართებაში ვკითხულობთ - 'ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ. იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორას ცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი'-ო [დაბ.11,18-19].

ვინაიდან, ფალეგის ვაჟის - რეღუს სახელი, არაა მოცემული, უკვე განხილულ სემის იმ მოდგმათა შორის, რომელთა გაფანტვაც ხდება - '...თავ-თავისი ტომი მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში' [დაბ. 10,31], მაშინ, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ - ბაბილონის გოდოლის დანგრევისას, ანუ ქვეყნის გაფანტვის დროს, ფალეგის ვაჟი - რეღუ ჯერ კიდევ არაა დაბადებული.
აქედან გამომდინარე შესაძლებელი ხდება ბაბილონის გოდოლის დანგრევის სავარაუდო თარიღის დადგენა. ეს მომხდარა - ფალეგის დროს, ვიდრე მისი ვაჟის - რეღუს დაბადებამდე, ანუ ადამიდან 1756 წლიდან, ე.ი. ფალეგის დაბადებიდან, ვიდრე 1786 წლამდე, ე.ი. რეღუს დაბადებამდე...' [მ. სალუაშვილი 2008: 26].

ამდენად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ -  ქრისტიანულ სამყაროში მიღებული 3 წელთაღრიცხვითი სისტემის მიხედვით, ბაბილონის გოდოლი დანგრეულა: 1. 'ადამითგან': 1756-1786 წლებში; 2. ქრისტეს შობამდე: 3848-3818 წ.წ.  3. ქორონიკონით: მე-4 ქორონიკონის 160-190 წლებს შორის.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები