მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ხათუნა კალმახელიძე: დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ვნანობ...

სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ 'ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე საკმაოდ ვრცელი და გულწრფელი წერილი გამოაქვეყნა: 'ნება მიბოძეთ, გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი განცდები, რაც ძალიან ბევრი ფიქრისა და მწუხარების შედეგად გადავწყვიტე . უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ცნობილ კადრებს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე თავზარდამცემი და შემზარავი, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მინახავს და განმიცდია. ეს არის პირადად ჩემი უდიდესი ტრაგედია.

მე მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა, არასოდეს დამიშვია, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია - მეტიც, ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა. იმდენად დარწმუნებული, რომ რამდენიმე თვის წინ სტრასბურგშიც ჩავედი და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პერსპექტივასაც მივესალმე. ჩემთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი ციხეების პირობებში სასჯელის მოხდა წამების ტოლფასი იყო, ამიტომ ინფრასტრუქტურას დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ კადრები, რაც ყველამ ვნახეთ ჩემთვის იყო შემაძრწუნებელი.

მე უზომოდ ვწუხვარ და ეს გრძნობა არასოდეს შემიმსუბუქდება. ჩემთვის ეს კადრები ვინმეს რომ ეჩვენებინა თავის დროზე, გარწმუნებთ, რომ განგაშს ავტეხდი უმალვე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვინ იცის რამდენ ადამიანს ავარიდებდით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მზადდებოდა და ინახებოდა ეს კადრები.

ეს არის ჩემთვის უდიდესი სინანულის და განსაცდელის პერიოდი, სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცეთ, რა ემოცია იყო ეს ყველაფერი. იმ დღეს, როდესაც კადრები გადიოდა ეთერში, ვიყავი სრულიად ატროფირებული, ნაწყენი, გულდაწყვეტილი. იმავე დღეს ყველაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ მე თანამდებობაზე დარჩენის არავითარი მორალური უფლება არ მქონდა. იმ ღამესვე ვთხოვე პრეზიდენტს გადადგომის უფლება, რაც საზოგადოებისათვის მომდევნო დღეს გახდა ცნობილი. ის იყო შეძრწუნებული და განიცდიდა ამ ყველაფერს. 

იმ ღამეს გვიან, გონივრულად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფიზიკურად ვიყავი სრულიად დაცლილი. მაგრამ ფირზე ასახული პატიმრების განსაცდელი იყო უმძიმესი, ისეთი, რომელსაც ჩემი განსაცდელი ვერ შეედრება და მე ვთვლი, რომ არავითარი უფლება არ გამაჩნია საერთოდ ჩემი მდგომარეობის შესახებ საუბრის, ამიტომ გთხოვთ, სწორედ გამიგოთ, რადგან არავითარ კონკრეტულ რეაქციას არ ვითხოვ, უბრალოდ მინდა გულწრფელად გაგიზიაროთ რამდენიმე რამ, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია.

მე და ჩემი თანაგუნდელები ცენტრალურ აპარატში დაუღალავად ვმუშაობდით იმისთვის, რომ გაგვეტარებინა კონკრეტული რეფორმები და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა, წინ კიდევ უამრავი იყო გასაკეთებელი, ჩემი რეალური შესაძლებლობების ფარგლებში. მე ამ ტრაგიკულმა ფაქტმა შემძრა და ყველა ჩემს მიერ გაკეთებულ საქმეს, ყველა სიახლეს, რასაც სულით და გულით ვაკეთებდი, ყველა წვრილმან თუ მნიშვნელოვან წინსვლას დიდი ხაზი გადაუსვა. ყველაფერი გახდა სრულიად უმნიშვნელო.

ყოველთვის ვერიდებოდი პირადად ჩემს შესახებ საუბარს, გადაცემებში მონაწილეობას. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად მიმაჩნდა, რომ საზოგადოებას ეს არ მოეწონებოდა ჩემი სამინისტროს მძიმე პროფილიდან გამომდინარე. შესაძლოა, სწორედ ჩემს შესახებ რეალური ინფორმაციის ვაკუუმმა, ესეთ ურთულეს სფეროში მუშაობის პარალელურად, სასურველი ნიადაგი შექმნა ჩემს ირგვლივ ცილისწამების, უამრავი მცდარი ინფორმაციის გასავრცელებლად. ბოლო წლების განმავლობაში საოცრად პოპულარული გახდა სოცქსელები და ინტერნეტი, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შენიღბული სახელით სრულიად მარტივი გახდა. 

მინდა აღვნიშნო, რომ ჭორების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ტენდენციამ ისეთ ზღვარს მიაღწია ჩემთვის, რომ ვეღარაფერს ვიჯერებდი. მე მჯეროდა, რომ ჩემი კეთილსინდისიერი მუშაობით გავუმკლავდებოდი ამ ყველაფერს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არ შეიძლება უსაფუძვლო ცილისწამება პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანი სიმართლეს სიცრუისაგან ვეღარ არჩევს.

კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებისას მეუბნებოდნენ, რომ ისეთივე ტყუილი იყო, როგორც ჩემზე რომ ამბობდნენ საფლავებს ათხრევინებს პატიმრებსო, ხან ფეხსაცმლის ქუსლებით ცემს და ასე შემდეგ. ამდენმა ტყუილმა და ჭორმა ჩემს შეხედულებებზე დიდი გავლენა იქონია და სამწუხაროდ, გამხადა ძალიან ჩაკეტილი. რაც შეეხება ოფიციალურად შემოსულ საჩივრებს, უკლებლივ ყველა საჩივარი, რომელიც სამინისტრომდე მოდიოდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას ეგზავნებოდა რეაგირებისათვის ვინაიდან ყველა საჩივარი საჭიროებს მოკვლევას და გამოძიებას კომპეტენტური ორგანოების მიერ.

ახლა, როდესაც აღარ ვარ საჯარო მოხელე მსურს მოგიყვეთ, რომ მე 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ოჯახმა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამიშვა. ევროპაში მივიღე საშუალო განათლება, ხოლო ამერიკაში უმაღლესი განათლება პოლიტიკურ მეცნიერებაში ეკონიმიკის განხრით და მაგისტრის წოდება საერთაშორისო ურთიერთობებში საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. შევეცადე შემერჩია პროფესია, რომელშიც ძლიერი ვიქნებოდი, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა და საქართველოს გამოადგებოდა. 15 წელიწადზე მეტი მომიწია საზღვარგარეთ ცხოვრება. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა და უამრავი სირთულის გადალახვა მომიწია. მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამერიკაში, შერჩევითი კურსების ფარგლებში არა ერთი კურსი ამირჩევია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მე ვიყავი ძალიან წარჩინებული, მოტივირებული სტუდენტი და მაგისტრატურის შემდგომ ვიყავი ოპტიმიზმითა და წინსვლის დიდი სურვილით გამსჭვალული. 

მჯეროდა, რომ ჩემი განათლებით შეუძლებელს შევძლებდი. არასოდეს მიფიქრია საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩენაზე და ჩემი მშობლები ყოველთვის მომიწოდებდბენ სამშობლოში დაბრუნებისაკენ. საქართველოში ჩამოვედი სოცოცხლით სავსე, განათლებული, ბედნიერი მომავლის იმედით და ვარდების რევოლუციით მოტივირებული. ძალიან მიხაროდა სახლში, მშობლებთან დაბრუნება. ბედნიერი ვიყავი, როდესაც საგარეოში დავიწყე მუშაობა. ჩემი იქ გატარებული პერიოდი, ვფიქრობ, იყო ძალიან ნაყოფიერი და მიხაროდა, რომ ჩემი თავის რეალიზაციის საშუალება მქონდა, ქვეყნის სამსახურში.

ამდენი ხნის განშორებამ ისე ქნა, რომ საქართველოში არ მყავდა სამეგობრო წრე, ნაცნობები, არ ვიცნობდი შიდა სამზარეულოს, ასე ვთქვათ. საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არის ჩემი სუსტი წერტილი. სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნამდე მასში შემავალ სფეროებში ჩახედული საერთოდ არ ვიყავი, მხოლოდ ზოგადად ვიცოდი, რომ რეფორმა მიმდინარეობდა, რაც აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. პატიმრის უფლებების არსებულ მდგომარეობაშიც არ ვიყავი ჩახედული, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე. მხოლოდ ვფიქრობდი, რომ რადგან რეფორმა მიმდინარეობს - ესე იგი ბევრია გასაკეთებელი, შესაბამისად გავერკვევი ყველაფერში და შევუდგები საქმეს, ეტაპობრივად ყველა საკითხის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა კარგად ვაცნობიერებდი პასუხისმგებლობას, მაგრამ იმ მწირი ინფორმაციის ფარგლებში, რაც გამაჩნდა. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, უმთავრესი ამოცანა საკადრო პოლიტიკა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ისევე როგორც არასაპატიმრო სასჯელების განვითარება იყო.

მე რა თქმა უნდა გარკვეული დრო დამჭირდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ევროპული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაგვეზიარებინა. ჩემი უმთავრესი მოტივაცია იყო ის, რომ შევძლებდი ბევრი კარგი რამ გამეკეთებინა. 2010 წლის დასაწყისში ჯერ არ იყო ამოქმედებული 3 ახალი დაწესებულება, შესაბამისად საცხოვრებელი პირობები იყო ძალიან მძიმე. ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში არსებობდა უმძიმესი მემკვიდრეობა.

საჭირო იყო გარკვეული რეფორმების გატარება, რაც სხვა რეფორმებს გახდიდა შესაძლებელს და ასე შემდეგ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: 1. თანამშრომელთა კვალიფიკაციის და ცოდნის დონის ამაღლება; 2. ინფრასტრუქტურა და პირობების გაუმჯობესება; 3. ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 4. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია; 5. არასაპატიმრო სასჯელაღსრულების განვითარება.

მე მიზანმიმართულად ვიწყებ თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე საუბარს, ვინაიდან სწორედ ეს იყო საწინდარი იმისა, რომ მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია გარანტირებული ყოფილიყო. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება არის ყველაზე ინსტრუმენტალური. თანამშრომლის მიერ კანონდარღვევა მუდმივი პრობლემა იქნება და მხოლოდ ცალკეული რეაგირება არ მოხსნის პრობლემას, თუ თანამშრომელს არ ვასწავლეთ ის, რასაც მისგან მოვითხოვთ. ძველი პირობები და გადატვირთულობა არანაირად არ უწყობდა ხელს თანამშრომელს და არ უქმნიდა მას მუშაობისათვის შესაბამის გარემოს.

ახალი დაწესებულება უამრავ პრობლემას წყვეტს, მათ შორის თანამშრომლისათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის თვალსაზრისით. ახალ დაწესებულებაში თანამშრომელს გააჩნია პირობები, რომ იყოს ნაკლებად დაძაბული და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. 

მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სისტემაში მუშაობის პრესტიჟულობის ამაღლება, რათა უფრო მომთხოვნი ყოფილიყო თანამშრომელთა შერჩევის წესი და შესაბამისად, უფრო შედეგის მომტანი ყოფილიყო მათი ტრეინინგი. 

ამდენი ვაკანსია ქმნიდა სიტუაციას, რომელშიც თანამშრომლებს სტანდარტულის მაგივრად კვირაში მრავალჯერ უწევდათ მორიგეობა, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ თანამშრომლები დაწესებულებაში ცხოვრობდნენ. ეს ძალიან არასწორი პრაქტიკაა და ვფიქრობ, სერიოზულად მოქმედებს თანამშრომლის ფსიქოლოგიაზე. ამას ისიც ემატება, რომ ხელფასები იყო ძალიან დაბალი. მე შევძელი, რომ მინიმალურად მაინც გამეზეარდა ხელფასი, მაგრამ ეს იყო მიზერი.

რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა საშუალებას იძლეოდა გვეთქვა, რომ ელემენტარული სამუშაო პირობები არსებობდა. 2010 წელს ამ კუთხით ვერაფერს გავაკეთებდი, ვინაიდან მაგ დროს ჯერ მხოლოდ ახალი დაწესებულებები იხსნებოდა ნელ-ნელა და არც ბიუჯეტი იძლეოდა ამის საშუალებას. 2011-ში იყო წინგადადგმული ნაბიჯები. მე გამიმართლა, რომ სასწავლო ცენტრში ძალიან სანდო და მონდომებული ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. 

ეს ცვლილებები იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რთული მუშაობის პროცესის ჯერ მხოლოდ დასაწყისი. 2011-ში მოხერხდა მცირედი ზრდა ბიუჯეტში. ჩვენ დავნერგეთ ტრეინინგის სრულიად ახლებური მეთოდი. ადრე, ტრენინგი იყო ძალიან საბაზისო და სრულიად არასაკმარისი, ვინაიდან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რამ საერთოდ არ ისწავლებოდა.

მე მოვინახულე რამდენიმე ევროპული სასწავლო ცენტრი და ჩემი თანამშრომლების რჩევების მიხედვით, სავალდებულო გავხადეთ სრულიად ახლებური სამსახურში აყვანის წესი და სრულიად ახლებური მომზადების კურსები. თუ ადრე თანამშრომელს მოვალეობის მოხდის მიზნით ტრენინგზე მორიგეობიდან აგზავნიდნენ და იმ თანამშრომელს მთელი ტრენინგის მანძილზე პრაქტიკულად ეძინა - ამიერიდან ტრენინგი იყო რამდენიმედღიანი ან რამდენიმეკვირიანი. 

თანამშრომლები ბაზაზე რჩებოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მთავარი იყო, რომ ისინი ამიერიდან კონცენტრაციას შეძლებდნენ მხოლოდ ტრენინგზე. ეტაპობრივად შემოღებულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ძალის მინიმალური გამოყენება, აგრესიის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია. მსგავსი თემები მათთვის იყო სიახლე. მეტმა დაფინანსებამ საშუალება მოგვცა გაგვეზარდა საშტატო რაოდენობა და დავიმატეთ ფსიქოლოგი, რომელიც თითოეულ თანამშრომელზე დადებდა ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომ გასაგები ყოფილიყო არის თუ არა ეს ადამიანი კონფლიქტური, აგრესიული, ლიდერი, პასიური. მოკლედ, არის თუ არა ის ამა თუ იმ თანამდებობის შესაფერისი. ჩვენ შევქმენით სამსახურში აყვანის ახალი წესი, რომლის მიხედვით პოტენციური თანამშრომელი, დეპარტამენტთან გასაუბრების გავლის შემდგომ მოდის რამდენიმეკვირიან ინტენსიურ კურსზე, სადაც ყველა საჭირო თემას სწავლობს სიღრმისეულად. შემდეგ იგი გადის პრაქტიკას დაწესებულებაში, რათა დარწმუნდეს, რომ ეს სწორედ ის გარემოა, სადაც მისთვის მუშაობა მისაღებია. შემდეგ უკვე ბრუნდება სასწავლო ცენტრში და აბარებს ძალიან მომთხოვნ გამოცდას ყველაფერ იმაზე, რაც მან შეისწავლა. ქულათა შეფასება დაწესდა საკმაოდ მაღალი, მაგრამ ეს იყო ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი.

მე იმედი მქონდა, რომ იმ დამატებითი ცვლილებებით, რასაც მომავალ წელს ვაპირებდით სასწავლო ცენტრში, ჩვენ ეტაპობრივად გავფილტრავდით თანამშრომლებს პენიტენციურ სისტემაში. ჩავანაცვლებდით ახალი-უფრო კომპეტენტური, კვალიფიციური, მცოდნე კადრებით, რომლებსაც ძველი მუშაობის სტანდარტის მეხსიერება არ ექნებოდათ და მათთვის მისაღები მხოლოდ ნასწავლი მეთოდებით მუშაობა იქნებოდა. ეს ყველაფერი თანამშრომელთა ხელფასების ზრდას აუცილებლად საჭიროებდა და მე მქონდა პირობა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტით მნიშვნელოვნად გავზრდიდით თანამშრომელთა ხელფასებს. რა თქმა უნდა შემდგომ საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ თანამშრომელმა მიღებული ცოდნის შესაბამისად იმოქმედოს. თუ ის დაწესებულებაში ყველაფერ ნასწავლს ივიწყებს და სხვა ყაიდაზე გადადის-მაშინ ყველაფერი წყალშია გადაყრილი. 

მაღალი დონის ტრენინგები, მომთხოვნი გამოცდა, კარგი ხელფასი, ფორმა, დაზღვევა და კარგი სამუშაო პირობები იყო ის, რაც მოგვცემდა მუშაობის მაღალ სტანდარტს და თანამშრომელს, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებდა. საშუალო ვადიანი პროექტი, მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევდი შესაბამისი მხარდაჭერის მეშვეობით დეპარტამენტის მხრიდან. 

ზოგიერთი რეფორმის გატარება ჩემთვის მიზანმიმართულად მნიშვნელლოვანი იყო, რათა შემექმნა პატიმრის წახალისების საშუალება. კოდექსში მხოლოდ სამარტოო საკანი იყო გათვალისწინებული. მსგავს პრაქტიკას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სისტემებში გავეცანი, სადაც უამრავი სხვადასხვა ბერკეტი მოქმედებს. ამ მხრივ გრძელვადიანი პაემნის და ვიდეოპაემნის შექმნა მნიშვნელოვანი იყო.

დაწესებულებას ეძლეოდა საშუალება სხვადასხვა ცივილური, ჰუმანური მეთოდებით ერეგულირებინა სიტუაცია. მე ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ცივილიზაცია შემეტანა დაწესებულებებში. რაც შეიძლება მეტი მესაუბრა ცვლილებების მნიშვნელობაზე, ევროპული სტანდარტების მნიშვნელობაზე, ვესწრებოდი ტრეინინგებს შეძლებისდაგვარად, რომ მეთქვა, რომ მუშაობის დროს მხოლოდ ნასწავლით უნდა ეხელმძღვანელათ და ამით ხაზი გამესვა პირადად ჩემს დამოკიდებულებაზე ტრეინინგების მიმართ. ვამბობდი, რომ პატიმრობისაგან არავინაა დაზღვეული და პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ პატიმარი ადამიანია. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ საკითხის მოგვარება ერთ-ერთი უპირველესი საჭიროება იყო. ცუდი ინფრასტრუქტურა ნიშნავს არა მხოლოდ ცუდ საცხოვრებელ პირობებს, არამედ არაადეკვატურ პირობებს ჯანდაცვის განვითარების ხელშესაწყობად, არავითარ სარეაბილიტაციო საშუალებას, გადატვირთულობას და ასე შემდეგ. 2010 წელს გაიხსნა 3 ახალი დაწესებულება, რომელმაც უსერიოზულესი შვება მოიტანა ყოველმხრივ, პირველ რიგში კი საცხოვრებელი პირობების კუთხით. შეიქმნა სამედიცინო პუნქტები (თუმცა პირველადი ჯანდაცვისთვის დამატებითი მშენებლობები დაიწყო). მართალია 100 პროცენტით ბედნიერი არ ვიყავი არსებული პროექტებით, ვინაიდან არასაკმარისი ფართი იყო სარეაბილიტაციო პროგრამებისათვის, რაც მომავალში ახალ მშენებლობებს მოითხოვდა.

ლაითურის პროექტში შევეცადე ყოველგვარი საკმარისი ფართი ყოფილიყო გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებებისათვის, დახურული სპორტული დარბაზით, პირველადი ჯანდაცვისთვის, ფსიქოლოგიური დახმარებისათვის, სარეაბილიტაციო პროექტებისათვის, საზოგადოებრივი მისაღებისათვის და ასე შემდეგ. ეს იყო დიდი პროექტი, რომლის ხარჯზე დაიხურებოდა შემორჩენილი ძველი დაწესებულებები და რომელიც მომავალში საფუძველს ჩაუყრიდა თითო პატიმარზე 4 კვადრატული მეტრის სტანდარტის დანერგვას.

2011 წელს სამინისტროს შენობის რემონტისთვის 1 მილიონი ლარი ჩაგვერიცხა, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადავეცი რუსთავის #6 დაწესებულების რემონტისათვის. ჩემთვის ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამინისტროს რემონტი, რადგან პირობები ერთ-ერთ კორპუსში იყო ძალიან ცუდი. შედეგად, დამონტაჟდა განიერი ფანჯრები, გაუმჯობესდა პირობები. ზოგადად, ვწუხვარ, რომ ამ დაწესებულებაში არ იყო სარეაბილიტაციო პროგრამა გარდა მნიშვნელოვანი ატლანტისის პროგრამისა. ამიტომ, მანდ გამონაკლისის სახით გავაკეთებინე გრძელვადიანი პაემანი უვადო პატიმრებისათვის. პირველადი ჯანდაცვაც თავდაპირველად მანდ ავამოქმედეთ. ადმინისტრაციის შენობაში ბევრი თავისუფალი ფართი იყო, ამიტომ გამონაკლისის სახით გავაკეთებინე სახლის კინოთეატრი.

ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ პატიმრები რაღაცის მოლოდინში მაინც იქნებოდნენ, რაღაც ნათელი წერტილი მაინც გაუჩნდებოდათ, ვინაიდან ტელევიზორები არ ჰქონდათ და ამით მაინც გაიხარებდნენ. იმედი მქონდა, რომ სისტემატიურად თუ არა, წახალისების მიზნით მაინც იქნებოდა გამოყენებული სახლის კინოთეატრი. შეიძლება წვრილმანია, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენს ნიშნავს ეს ადამიანისთვის, რომელიც დახურულ რეჟიმში იხდის სასჯელს. მე იმედი მქონდა, რომ როდესაც დეპარტამენტი დაინახავდა, რომ ეს უწყინარი პროექტი სინამდვილეში ძალიან კარგი პროექტი იყო და წახალისებისთვისაც იყო გამოსადეგი - მსგავს ინფრასტრუქტურას უკვე ყველა დახურულ დაწესებულებაში ავამოქმედებდით. სამწუხაროდ, ამ პატარა კინოთეატრის მონახულება ვეღარ მოვასწარი.

2010 წლამდე ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში იყო ძალიან მწირი და უხარისხო, ამიტომ ამ სფეროს პრაქტიკულად თავდაყირა დაყენება იყო საჭირო. 2010 წლიდან ჯანდაცვის დეპარტამენტი უკვე არა სასჯელაღსრულებას, არამედ სამინისტროს ექვემდებარებოდა, შესაბამისად მე მქონდა ბევრი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჯანდაცვის დაფინანსება (რაც მაინც არ იყო ბოლომდე საკმარისი) და უმთავრესი ჩვენი მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის დანერგვა - ანუ პატიმარს ეყოლებოდა პირადი ექიმი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა ჯანდაცვის ხარისხს და ხელმისაწვდომობას. ამ თემაზე მოკლედ საუბარი მიჭირს, ვინაიდან იმდენი ნიუანსის მოგვარება დაგვჭირდა, რომ მიგვეღწია იმისათვის, რაც დღეს არსებობს, რომ ყოფილიყო სისუფთავე, მოწესრიგებულობა, სწორი მიდგომა, სამედიცინო ბარათი - ანუ პატიმრის ჯანმრთელობის 'ანკეტა'.

2010 წელს ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 950-მდე პაციენტი იმყოფებოდა, რაც უკვე დაახლოებით 300-მდე ადამიანით აჭარბებდა ლიმიტს. ეს კი ძველი ინფრასტრუქტურა იყო, სადაც სამწუხაროდ თითქმის ყველა ფილტვის დაავადების მქონე თამბაქოს მომხმარებელი იყო (ჩვენ მოვაწყეთ თამბაქოს დანებების აქცია და თუ არ ვცდები 9 ადამიანმა დაანება სიგარეტს თავი). ზოგადად 2010-2011 იყო კულმინაციური პერიოდი, როდესაც პატიმართა რაოდენობის ზრდის პარალელურად მოხდა ყველა პრობლემის აკუმულირება და ჯერ კიდევ ბოლომდე გაუმართავი ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის პირობებში პრობლემებმა სერიოზულად იჩინა თავი.

ტუბერკულიოზის დამარცხება იყო ჩემი ყველაზე მთავარი მიზანი. ჩემს ერთერთი მოადგილეს, რომელიც კურირებდა ამ საკითხს პრაქტიკულად ფერი არ ედო სახეზე იმდენს მუშაობდა. მან ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ სფეროში, რისთვისაც მე მისი მადლობელი ვარ. ტუბერკულიოზის დასამარცხებლად მთავარი იყო სრულიად ახალი, თანამედროვე სამკურნალო ცენტრის მშენებლობა. გასაკეთებელი იყო ძალიან ბევრი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული იყო ისეთი მიდგომის დაწესება, რომლის თანახმად რეჟიმის ინტერესი არასოდეს შეაფერხებდა სამედიცინო ინტერესს. მე პირადად ხშირად ვთათბირობდი ექიმებთან და ყურადღებას ვამახვილებდი იმაზე, რომ ეს მიმართულება ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანი იყო. მათ უნდა ცოდნოდათ, რომ მათგან მხოლოდ ხარისხიანი მუშაობა იყო მისაღები. ჩვენ გავზარდეთ მედპერსონალის რაოდენობა და როგორც იქნა შევქმენით საკმაოდ კარგი ექიმების ჯგუფი. ბევრი მათგანი პარალელურად სამოქალაქო სექტორშიც მუშაობდა.

უამრავი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, მაგალითად ის, რომ შეიქმნა წარმომადგენლობითი სამეთვალყურეო საბჭო, შეიქმნა პირველადი ჯანდაცვა, გაიხსნა სამოქალაქო აფთიაქები (სადაც არავითარი სიძვირე არ იყო), მრავალჯერ გაიზარდა ხელმისაცვდომობა, შეიქმნა სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურება, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა დაწესებულებაში მიავლინა ექთნები, რომლებიც მხოლოდ ტუბერკულიოზის გამოვლენით იყვნენ დაკავებულნი, რიგდებოდა ტუბერკულიოზის პრევენციის და სიმპტომების შესახებ საინფორმაციო ბროშურები, დაწესდა პაციენტის იზოლაცია საჭიროების შემთხვევაში და სხვა მრავალი. დროთა განმავლობაში დაიწყო მნიშვნელოვანი კლებითი ტენდენცია ყველა მიმართულებით რაზეც 2012 წლის მონაცემები აშკარად მეტყველებს. 

ჩემდა სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ტუბერკულიოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა, რომლის მშენებლობას 2 წლის განმავლობაში დავფუსფუსებდი და სულმოუთქმელად ველოდი მის ამოქმედებას.

პატიმრის რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გაფართოება ყოველთვის იყო ჩემთვის ყველაზე საყურადღებო და საინტერესო თემა, მაგრამ მუდმივად არ გვყოფნიდა ფართი სარეაბილიტაციო პროგრამებისათვის. მუდმივად იდგა ის პრობლემა, რომ 3000-კაციან დაწესებულებას სამყოფი სარეაბილიტაციო პროგრამა და დასაქმება ვერ ექნებოდა. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ მოვახერხე გრძელვადიანი პაემნის ამოქმედება. 

მე უაღრესად მიხაროდა ის, რომ ეს რეფორმა სიხარულის მომტანი იყო პატიმრისათვის და მისი ოჯახისათვის, რასაც ნათესავები 'ფეისბუქის' მეშვეობით ხშირად მატყობინებდნენ. მიხაროდა, რომ მეუღლეები ერთმანეთს ნახულობდნენ განცალკევებით, რომ მშობლები შვილებს ეფერებოდნენ, რომ ზოგიერთი პატიმარი შვილს პირველად ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტი ეწინააღმდეგებოდა მის ამოქმედებას დახურულ დაწესებულებებში, მე მოლოდინში ვიყავი იმისა, რომ იგი შეიცვლიდა აზრს, ვინაიდან გრძელვადიან პაემანს არავითარი სერიოზული პრობლემა არ მოუტანია და სასტუმროები დახურულ დაწესებულებებშიც ამოქმედდებოდა. შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონში მოვასწარით, ამიტომ ალბათ მალე დახურულ დაწესებულებებშიც ამოქმედდება ამგვარი პაემანი.

ვიდეოპაემანიც იყო ძალიან კარგი სიახლე, რომლითაც არა მხოლოდ ოჯახი, არამედ ნებისმიერი ადამიანი უკავშირდებოდა პატიმარს, თან დისტანციურად და ხშირად. ორივე პაემანმა მნიშვნელოვნად გაზარდა პატიმართან კონტაქტის საშუალება. მე მოხარული ვარ, რომ საფუძველი ჩავუყარე პროფესიულ განათლებას პატიმრებისათვის. არა ერთმა ნაკადმა მიიღო პროფესიის დამადასტურებელი სერტიფიქატი პროფესიული განათლების სახლებში, რომელთა განვითარებაში გვერდში ნორვეგიული ორგანიზაცია ამოგვიდგა.

პროფესიული განათლების სახლი არის კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც კიდევ ბევრი სარეაბილიტაციო პროგრამის განვითარებას ჩაუყრის საფუძველს. მე ძალიან მინდოდა ამ სივრცეში 'ვეფხისტყაოსნის' მკითხველთა საზოგადოება ჩამოგვეყალიბებინა პენიტენციური სისტემისათვის. ნიკოლოზ რაჭველმა მუსიკის გაკვეთილებიც კი შემომთავაზა, რაც ძალიან გამეხარდა, განსაკუთრებით რუსთავის 16 დაწესებულების მუსიკოსებისთვის, რომლებმაც უთბილესი წერილით მუსიკალური ინსტრუმენტების შეგზავნა მთხოვეს და ბოლოს დისკიც კი ჩაწერეს, რომლის ერთი ასლი მეც მერგო.

მუდამ ვცდილობდით ბიბლიოთეკების მომარაგებას და კეთილმოწყობას. მე და ჩემს მოადგილეებს არა ერთხელ შეგვიგროვებია ფული წიგნების საყიდლად. აგრეთვე ავამოქმედეთ რამოდენიმე საწარმო, ვთანამშრომლობდით არასამთავრობოებთან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, როგორიცაა თექა, ხეზე კვეთა, ფლორა დიზაინი, განთავისუფლებისათვის მომზადება და სხვა. ძალიან მინდოდა სუვენირების დამამზადებელი მცირე საწარმოები დაგვეფუძნებინა, ვინაიდან პატიმრებს შესანიშნავი პატარა ნაკეთობები ეხერხებათ. პატიმრის მიერ დამზადებული სუვენირი პოპულარული იქნებოდა. ზედ ექნებოდა წარწერა: made in Georgian prison. უმაგრესი იქნებოდა! შესაძლოა ტურისტულ ცენტრებშიც გაყიდულიყო ორიგინალური სუვენირები და გასამრჯელო პატიმარს ჩაერიცხებოდა, მისი შემოსავლის წყარო გახდებოდა. ამისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყო საჭირო.

იყო მოლაპარაკებებიც კერძო სექტორთან და პირველ ეტაპზე ამის ამოქმედება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში იგეგმებოდა, რაც საქართველოში კიდევ ერთ ახალ პროექტს აამოქმედებდა. იქვე ვგეგმავდით მაისურების სტამბის დადგმას და იუმორისტული წარწერების მაისურების დამზადება-გაყიდვას. ჩემი შეთავაზება იყო, ხუმრობის დონეზე, მაისურებზე ჩემი კარიკატურა ყოფილიყო ასახული, თაიგულით ხელში, წარწერით 'ვეძებ აკაკის საფლავს!'. ეს ხომ ყველაზე სახალისო ჭორი იყო, რომელიც ჩემს შესახებ ოდესმე გამიგია. 

ქალთა დაწესებულებაში ოსლოს ბიბლიოთეკის მხარდაჭერით შევქმენით უმაღლესი სტანდარტის ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია საუკეთესო წიგნებითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით. გავოგნდი, როდესაც გავხსენით ეს ბიბლიოთეკა. ძალიან მიხაროდა. ქალთათვის საკანონმდებლო დონეზე შევქმენით ახალი ტიპის პაემანი - საოჯახო პაემანი, რომლის მშენებლობის დაწყებას ნოემბერში ვაპირებდით. ეს პროექტი იმიტომ მოვიფიქრე, რომ გრძელვადიანი პაემნისაგან განსხვავებით საოჯახო ძალიან ინტენსიურად განხორციელდებოდა და საკმაო ხანგრძლივობით, რაც დედებს შვილებთან ხშირი და უშუალო ურთიერთობის საშუალებას მისცემდა.

მისი შიდა ინტერიერი ჩემს კაბინეტში დაფაზე დავხაზე. ზუსტად ესე გავაკეთე თავის დროზე გრძელვადიანი პაემნის დაპროექტებისას. საზოგადოებრივი მისაღების მროექტის ყველა ნიუანსსაც თავს დავსტრიალებდი, ვინაიდან ჩემთვის ეს იყო უაღრესად საინტერესო პროექტი, რომლითაც ძალიან ვამაყობ. 

მე ძალიან მინდოდა დამენერგა ინდივიდუალური მიდგომა სისტემაში და ამას აუცილებლად გავაკეთებდი, თუმცაღა უამრავი დაბრკოლების გადალახვა იყო საჭირო და უპირველეს ყოვლისა ყველასათვის საკმარისი სარეაბილიტაციო პროგრამების ნაირსახეობა უნდა დანერგილიყო. საჭირო იყო კარგი ელექტრონული ბაზა ინფორმაციის პირად საქმეებში შესანახად (რაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობდა, ესტონური და ესპანური გამოცდილების გაზიარებით) და რაც მთავარია - საკმარისი რაოდენობის კომპეტენტური სოცმუშაკის სამსახურში აყვანა.

ეს პროფესია ზოგადად ძალიან დეფიციტურია საქართველოში ჯერჯერობით. ამიტომ, ეს მიდგომა პირველ ეტაპზე არასრულწლოვანებისათვის დავნერგეთ, ისევე როგორც პრობაციაში, სადაც სოც მუშაკები პრაქტიკულად სანთლით საძებნელი გაგვიხდა. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება კი მხოლოდ და მხოლოდ სარეაბილიტაციო მიზნებისათვის შევქმენით.

არასაპატიმრო სასჯელაღსრულებას და პრობაციას რაც შეეხება, ამ კუთხით სიტუაცია ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. პრობაციის ეროვნული სააგენტო ძალიან მონდომებულად მუშაობდა და სრულიად გახსნილი იყო ლიბერალური მიდგომებისადმი, გატარდა მაღალი დონის რეფორმები, პრობაცია დავაკომპლექტეთ მაღალკვალიპიციური კადრებით, შემოვიღეთ ელექტრონული მონიტორინგი, მაღალი დონის ტრენინგები, შევქმენით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვმონაწილეობდით განრიდებაში, შევქმენით კარგი ინფრასტრუქტურა, ვაფართოებდით სარეაბილიტაციო პროგრამებს და ინტენსიურად ვშუამდგომლობდით დასაქმებაზე.

ძლიერი არასაპატიმრო საასჯელაღსრულების

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები