მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ხალხს აფხაზეთი და სამაჩაბლო 'აღარ ახსოვს'

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა მარტის თვეში ჩატარდა და მასში საქართველოს სამი ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამაც დაუკვეთა ერთ-ერთ კვლევით ორგანიზაციას ტელე და რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით.

ამერიკული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 61 პროცენტი ქვეყნის წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, მეორე 'საპრიზო' ადგილზე ფასების ზრდა დაასახელა 39 პროცენტით. ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ 38 პროცენტი თვლის უპირველეს ამოცანად.

ესეც ასე - პროცესი, რომელიც ლამის თბილისში შემოსული რუსული ტანკების გრუხუნის ფონზე ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავი კონცერტით დაიწყო და დედაქალაქში შემორჩენილი ლტოლვილების 'რეზერვაციებში' გაძევების მასშტაბური სპეცოპერაციით დაგვირგვინდა (აქაოდა, ვინმეს ძლივს დავიწყებული აფხაზეთი და ცხინვალი არ გაახსენონო), წარმატებით დასრულდა - ის უპირველესი ცნება, რომელსაც მამულის სიყვარული ჰქვია და საუკუნეების მანძილზე ქართველი, სიტყვით მაინც, უპირველესად მიიჩნევდა, ახლა მესამეა!

მეტიც - კომუნიკაციების ეროვნული კომიტეტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგად ისიც დადგინდა, რომ აფხაზეთში შეთეთრებულ ქართულ ტაძრებზე და მიწასთან გასწორებულ შიდა ქართლის ქართულ სოფლებზე, ფიქრიც კი აღარ გვინდა - გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას ტელეეკრანზე იუმორისტული პროგრამების, მხატვრული ფილმებისა და სერიალების, გასართობი თოქ-შოუების ხილვა სურს. ამ ჩამონათვალში, შემეცნებით-ანალიტიკური პროგრამები სადღაც, მეცხრე-მეათე ადგილზეა.

ჩატარებულ კვლევებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება - მეცნიერებისა და განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განაცხადა: 'ამ კვლევამ წარმოადგინა ის სურათი, რომელიც ჩვენთვის ისედაც ცნობილია. ანუ, ის უმთავრესი და უმწვავესი პრობლემები, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას, არის ეკონომიკური ხასიათის - სამუშაო ადგილები, დასაქმება, ფასებისა ზრდა, რომელიც შეეხო ჩვენი მოქალაქეების ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებს, როგორიცაა ფქვილი, შაქარი, საწვავი.'

 შემდეგ, ოპონენტთა მიმართ ნიშნისმოგებით აღნიშნა - სწორედ ამიტომ, ხელისუფლება მიმართავს ისეთ მოკლევადიან ზომებს, როგორებიცაა ელექტროენერგიისა და სასურსათო ვაუჩერები; ეს ის ზომებია, რომლებიც მოწონებული და მხარდაჭერილია ჩვენი მოსახლეობის მიერო.

ჰქონდა კიდეც 'თავმოწონების' საბაბი - გამოკითხულთა 49 პროცენტი მთლიანად ემხრობა, 16 პროცენტი უბრალოდ ემხრობა და მხოლოდ 7 პროცენტია წინააღმდეგი მთავრობის ამგვარი ეკონომიკური პოლიტიკის, ხოლო, ე.წ. 'ელიტურ კორუფციას', რომელზეც ბოლო დროს ამდენს ლაპარაკობენ, გამოკითხულთა მხოლოდ სამი პროცენტი თვლის პრობლემად.
 
შვილებსა და ოჯახზე ზრუნვა წმინდა მოვალეობაა. კაცმა მცირედი საზრდოს მოსაპოვებლადაც შეიძლება გაუგონარი რამ ჩაიდინოს, თუ სახლში მშიერი ბავშვი ელოდება. ამიტომ, გასაგებია, რომ ასე მნიშვნელოვანია უმუშევრობა, ფქვილსა და შაქარზე ფასების ზრდა, თუნდაც, სამოწყალოდ გადაგდებული ვაუჩერი. და თუ ყოველივე ამას, ხელისუფალთა მხრიდან, საკუთარი უუნარობის დასაფარად უამრავი მილიონით დაფინანსებული და უახლესი პოლიტ-ტექნოლოგიებით აღჭურვილი იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური პრესიც ემატება, რა გასაკვირია, რომ იმ უპირველესმა პრობლემამ, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია, 'ბოლო რიგებში' გადაინაცვლოს...

კვირის პალიტრა

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები