მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ხელისუფლება რაც უფრო მეტად ჩაკეტავს გარემოს და ვაკუუმს შექმნის, ვითარება მით უფრო ფეთქებადსაშიში იქნება

არსებობს თუ არა ქვეყანაში რევოლუციური ვითარება, ოპოზიციურ ძალებში რევოლუციური განწყობების ფონზე, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამდენად ადეკვატურად შეაფასა ხელისუფლებამ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, 'ინტერპრესნიუსი' ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა. 

_ ქალბატონო მარინა, პოლიტიკოსთა მხრიდან რევოლუციისათვის მზადების განცხადებები კეთდება; საარჩევნო გარემოს შესახებ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები პრაქტიკულად ჩიხშია შესული; ოპოზიცია მხარდაჭერის მისაღებად რეგიონებში გააქტიურდა, ხელისუფლეშია. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?
_ოპოზიციას ნამდვილად შეუძლია გააკეთოს განცხადებები რევოლუციის შესახებ, მაგრამ რამდენად წარმატებულად განხორციელდება ეს რევოლუცია, არ ვიცი. ამ შემთხვევაში მიზეზი გახლავთ ძალიან მარტივი. რევოლუციისთვის საჭიროა ორი რამ - უნდა იყოს სრულიად გაუსაძლისი პირობები, რაც ამბოხის წინაპირობაა და არსებობდეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხი ნდობა ერთმნიშვნელოვნად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის კოეფიციენტი ოფიციალური მონაცემებით 14%-ია, რამდენად გაუსაძლისია მდგომარეობა ვერ გეტყვით; რაც შეეხება პოლიტიკურ ძალას, რომლის მოწოდებაზეც ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს, ასეთი პრეცედენტი ორი წლის წინ იყო, მაგრამ მის შემდგომ ხალხის მასობრივი გამოსვლების მომსწრეები აღარ ვყოფილვართ. ეს კი ნიშნავს, რომ ოპოზიციის მიერ აქამდე განხორციელებული ქმედებებისთვის ხალხის დიდ რაოდენობას ნდობა არ გამოუცხადებია. ამის კარგი მაგალითი იყო იგივე ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ამომრჩეველმა მონაწილეობა არ მიიღო. არჩევნებზე ხელისუფლებამ მხარდამჭერების მობილიზება შეძლო. საუბარი არ არის იმაზე, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. თუ რეალურად შევხედავთ არჩევნებში მონაწილეობის მიმღებთა რაოდენობას და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, დავრწმუნდებით, რომ ადამიანები საარჩევნო უბნებში, უბრალოდ, არ მივიდნენ. ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, რევოლუციის ალბათობა ყოველთვის არის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ რევოლუციების დიდი ქარტეხილი გველოდება, ამ ეტაპზე აშკარად გადაჭარბებულია. 
_ ექსპერტთა ნაწილის აზრით, ქვეყანაში სახიფათო ვითარებაა და იმის გამო, რომ ქვეყანაში საფრთხის თავიდან აცილებისათვის ქმედითი მექანიზმები პრაქტიკულად არ არსებობს, დიდია ალბათობაა, საფრთხე კატასტროფაში არ გადაიზარდოს. თქვენც ასე ფიქრობთ? 
_ თუკი ვითარებას ამ თვალსაზრისით შევხედავთ, საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არა გვაქვს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოზე საერთაშორისო ანალიტიკურ მასალებს, ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. ერთია, როგორ აფორმებს ამას ხელისუფლება ვირტუალურ რეალობაში, მაგრამ მეორეა, რეალურად რა სიტუაციაა. ვიზიარებ ექსპერტთა შეშფოთებას საფრთხესთან დაკავშირებით, ვინაიდან ქვეყანში ინფლაციის საკმაოდ მაღალი კოეფიციენტია, პრაქტიკულად არ არსებობს მედიასივრცე, სერიოზული პრობლემებია სასამართლო სისტემაში და, რაც მთავარია, სოციალურად დაუცველი ფენა კატასტროფულად იზრდება. ეს ყველაფერი წინაპირობა გახლავთ იმისა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არასახარბიელოდ შეფასდეს. თუ რა იქნება ამ ვითარებიდან გამოსავალი - მაინცდამაინც რევოლუცია, აპათიის კიდევ უფრო გაგრძელება და გაღრმავება, თუ ეს იქნება სხვა, უფრო პროგრესული რამ, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. 
_ ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპოზიციაში ისეთ ძალებს ეძებს, რომელნიც თანახმა იქნებიან, ქვეყანაში ცვლილებები ნელ-ნელა მოხდეს. უდავოა, რომ ამგვარი მტკიცება თავისთავად ითვალისწინებს 'ოპოზიციური რვიანის' დაშლას და ისეთი ვითარების შექმნას, რომლის დროსაც არჩევნებში მონაწილეობას ყველა ოპოზიციური პარტია არ მიიღებს. რამდენად სავარაუდოა მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება? 
_ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლებას მსგავსი მოდელები ძალიან წარმატებით განუხორციელებია; თუ ჩვენმა ოპოზიციამ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა. ასეთ შემთხვევაში არათუ 'რვიანის' დაშლა, კარგი იქნება თუ 'რვიანი' გახდება 16-იანი და მასში სულ უფრო მეტი ოპოზიციური ძალა გაერთიანდებოდა. ხელისუფლებას ყოველთვის ექნება იმის მცდელობა, რომ პოლიტიკური კონკურენტი რაც შეიძლება დაასუსტოს. ამგვარი მოქმედება ყველა ხელისუფლების სტრატეგიაა. ცხადია, თუ ხელისუფლებაში ხარ, მიზანიც ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნებაა. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, როცა ხელისუფლება აკეთებს გათვლებს, თუ რას გააკეთებს მისი მოწინააღმდეგე, რომელსაც ზუსტად იგივე, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვს. ვითარებაში, როცა ერთი პარტია რეალურად აკონტროლებს პოლიტიკურ სივრცეს, წესითა და რიგით, ოპოზიციურ პარტიებს დაშლა არ უნდა აწყობდეთ. 
რაც შეეხება იმას, რომ ყოველთვის იქნება სატელიტი, რომელსაც ჰქვია ოპოზიცია, მაგრამ რეალურად მხოლოდ ხელისუფლებისათვის ანტურაჟის როლს ასრულებს, ასეთი რამ სრულიად მოსალოდნელია. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან თანამშრომლობის დიდი სურვილით გამოირჩევა. რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, სულაც არ არის პროგნოზის გაკეთების კარგი წინაპირობა. 
_ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარატამენტის მოხსენებამ საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რამდენად ადეკვატურად შეაფასა ხელისუფლებამ ვაშინგტონის ხედვა და რამდენად სერიოზულად მოეკიდა მას?
_ არ მგონია, რომ ადეკვატურად შეაფასა. გამოსვლები, რომ დოკუმენტში ერთეული ეპიზოდებია აღწერილი და მეტი არაფერ; რომ რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში წერია საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ჩრდილოვანი დოკუმენტია და არა სახელმწიფო დეპარატმენტის განცხადება, - ეს რეალურად ასე არ არის. ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესაბამისად არდანახვა მხოლოდ აძლიერებს მოვლენების ყველაზე უფრო ცუდი, ანუ უკონტროლო ბუნტის სცენარით განვითარების შესაძლებლობას. ეს კი, ქვეყნისთვის ყველაზე არასასურველი სცენარია. ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო ადეკვატური იქნებოდა, რომ კონსტიტუციის პროექტში სავალდებულოც კი ყოფილიყო ქვეყნის მართვის კოალიციური მთავრობისთვის დაკისრება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებდა ხელისუფლების მხრიდან დიალოგის წარმართვის მზაობას; და მეორეც, ყოფილიყო სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება დაინტერესებული იქნებოდა, რას ფიქრობენ მის შესახებ ჩვეულებრივი ადამიანები და გაეთვალისწინებინა მათი აზრი. ჯერჯერობით, ასეთი ბანალური ჭეშმარიტებისკენ ნაბიჯები ხელისუფლებას არ გადაუდგამს. 
_ ერთ-ერთ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოში ადამიანები ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის საშუალებად ქუჩაში დაბრუნებას მიიჩნევენ. თქვენი აზრით, საპროტესტო აქციების დაწყების ალბათობის ფონზე, რაში შეიძლება ვეძებოთ ელჩის შეფასების საფუძველი. იმაში, რომ ოპოზიციამ არ იცის, როგორ გაუწიოს ოპონირება ხელისუფლებას, რომ ოპოზიცია ვერ იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, თუ იმაში, რომ ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში დათმობებზე წასვლა არ სურს? 
_ ერთიც, მეორეც და მესამეც. რაც შეეხება ბასის განცხადებას, ბატონი ბასი, როგორც აშშ და დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს არ მისცეს საშუალება გავრცელებულიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, საქართველოს მიმართ უკიდურესად კეთილგანწყობილია. აშშ-მ და დასავლეთის ქვეყნებმა ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირეს თავისი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. 
რაც შეეხება ბატონ ბასის ნათქვამს, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა პროცესების ყველაზე ცუდი და არასასურველი სცენარით განვითარების შესაძლებლობაა. ბასის ეს განცხადება მიუთითებს, რომ აშშ არ არის დაინტერესებული საქართველოში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაში. ამით, არც ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, მაგრამ ამავე დროს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხელისუფლებას ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს - თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, ფაქტობრივად ქმნის წინაპირობას იმისა, რომ მოვლენები საქართველოში ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარდეს. 
არ შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, სწორია. არ შეიძლება, ადამიანი ბრმად რჩებოდეს მხოლოდ და მხოლოდ თავის იდეალურ წარმოდგენებში და ახალ რეალობას ანგარიშს არ უწევდეს. შესაბამისად, მე ასეთ კითხვასაც დავსვამდი - რომ არა მედიის თავისუფლება, შესაძლებელი იქნებოდა 2003 წლის ხავერდოვანი რევოლუცია? ჩემი პასუხი ასეთია - არა, შეუძლებელი იქნებოდა.
შესაბამისად, თუკი მაშინ შესაძლებელი გახდა ხავერდოვანი რევოლუცია, ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, თავისუფალი სივრცის არარსებობის გამო ხავერდოვანი რევოლუციის ალბათობა აშკარად ნაკლებია. ხელისუფლება რაც უფრო მეტად ჩაკეტავს გარემოს და ვაკუუმს შექმნის, ვითარება მით უფრო ფეთქებადსაშიში იქნება. ვაკუუმში ჰაერი არ მოძრაობს, ხოლო ვენტილაცია იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს სივრცეში მყოფ ყველა თვალსაზრისს გამოხატვის საშუალება ჰქონდეს. 
რაც შეეხება ევროპულ დემოკრატიას, ევროპული დემოკრატია რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვას გულისხმობს. მთელი ჩვენი მოღვაწეობა იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა, გავხდეთ თანამედროვე სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობაზე უნდა გადიოდეს და არა - შუასაუკუნეების ან პირველი მსოფლიო ომის პერიოდის იმპერიის, თუნდაც პატარა იმპერიის მშენებლობაზე.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები