მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ხმა დასახვრეტთა საკნიდან“...

1937 წელი.... 'დააპატიმრეს მწერალი მიხეილჯავახიშვილი!'-ასეთი ხმა გაისმა ერთხელთბილისში. თითქოს საკვირველი აქ არაფერიიყო, რადგან საბჭოთა კავშირში ბოლშევიკურიტერორი მძვინვარებდა. ხალხშიყოველდღიურად დადიოდა ხმები ახალ-ახალიდაპატიმრებებისა და თვითმკვლელობებისშესახებ. მაგრამ არა! ამ ხმამ სხვანაირისიმწვავით იმოქმედა ქართველ ხალხზე, ღრმაჭრილობა მიაყენა მის სულსა და გულს დასაბოლოოდ დარწმუნდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არ შეიბრალებდა არავის, რა წონისა დაღირებულებისაც უნდა ყოფილიყო იგი. 'მიხეილ ჯავახიშვილი დაუპატიმრებიათ'., 'არსენამარაბდელის', ავტორი წაგვართვეს', ისმოდა შიშგარეული ხმა ყველგან.


საყვარელი მეუღლის დაპატიმრება დიდი ტრაგედია იყო ლუბა ჯაჭვაძისთვის. მის ცხოვრებას აზრი დაეკარგა. რასაც აკეთებდა, მხოლოდ ძალდატანებით და ბავშვების წინაშე ვალის მოხდის მიზნით. სხვების ცოლების მსგავსად, ლუბა არ გადაუსახლებიათ, სამაგიეროდ ნებაყოფლობით ოთხკედელშუა ჩაიკეტა და გარეთ აღარ გადიოდა. თავისი ცხოვრება ციხეში გატარებულ დღეებს დაამსგავსა. ის წამებული ქალი იყო. ქმრის დაკარგვამ და ოჯახის დანგრევამ, ხალხის მტრის იარლიყის მიწებებამ მის სულს დიდი დაღი დაასვა. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაციამ შვება მოჰგვარა, შინაგანად განამტკიცა, მაგრამ ცხოვრების წესი არც ამის შემდეგ შეუცვლია, კვლავ კარჩაკეტილი იყო. დიდი მწერლის მეუღლე საზოგადოებას გაემიჯნა, მას ბევრმა ატკინა გული და არავის ნახვა აღარ უნდოდა. 'ცხოვრობდა ამქვეყნად როგორც ხალხის მტრის ცოლი, ამ სოფლიდან კი წავიდა როგორც დიდი ერისკაცისა და მწერლის მეუღლე'.

მ. ჯავახიშვილის დაპატიმრების შემდეგ ხალხის ყურადღება ყოველდღიურმა ამბებმა მიიპყრო. აღარც აღარავინ მოელოდა მწერლის შემდგომი ბედის გაგებას. მაგრამ მკვლელების ღრმად და გულმოდგინედ ჩაკეტილი ამბავი მაინც გამჟღავნდა. გთავაზობთ გიორგი ხერგაისძის მიერ გადმოცემულ, ქუთაისელი სტუდენტის მონათხრობს, რომელმაც, თავი დააღწია ჯურღმულებიდან და მზის სინათლეზე გამოიტანა მწერლის მკვლელობის ნამდვილი ამბავი. 

„გავოგნდი, როდესაც გავიგე, რომ სარდაფში სადაც მე ვიჯექი, და სადაც უმეტესობა მდუმარედ შესცქეროდა სიკვდილს თვალებში თურმე ჩემი საყვარელი მწერალი მიხელ ჯავახიშვილი მჯდარა.
ვერ წარმომედგინა თუ ეს ახალგაზრდობის საყვარელი მწერალი ჩვენთან იმყოფებოდა ამჟამად, აქ, ამ სასტიკ ჯურღმულებში. გული აღარ დამიდგა და დაუყოვნებლივ მივედით იმ ჯგუფთან. თვალწინ წარმომიდგა შემაძრწუნებელი სურათი: კუთხეში მიმჯდარი იყო ძვალტყავად ქცეული, ჩია ტანის მოხუცი, ღრმად ჩეცვენილი თვალებით, საშინლად გაწითლებული, წვერებ-გაბურდული...
პირველად შევკრთი კუთხეში მიწყობილი ჩონჩხის შეხედვაზე. დიახ, ჩონჩხი, ნამდვილად ანატომიური ჩონჩხი იყო. ჩონჩხი ლაპარაკობდა, ჩონჩხი ჩურჩულებდა... აი, ამ ჩონჩხ ადამიანზედ მითხრეს მიხეილ ჯავახიშვილი არისო. ცოტა დამაკლდა კინაღამ ქვითინი დავიწყე. მაგრამ როგორღაც თავი შემიმაგრე. მალე გავეცანი და დავუახლოვდი ჯავახიშვილს და მის გარშემო მყოფთ. 
ჯავახიშვილი გვარიგებდა, გვირჩევდა და გვამხნევებდა. 'ეგება რომელიმე თქვენგანს ათასში ერთს მაინც გაგიღიმოს ბედმა - და ცოცხალი გადაურჩეთ ამ მხეცებს. ნუ დამივიწყებთ... გადაეცით ქართველ ხალხს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისი ვიყავი, მასზედ ვფიქრობდი... გადაეცით, რომ იმედით სავსე ვკვდები სამშობლოსათვის.'
დასახვრეტად გამოძახებულნი მოდიოდნენ მასთან დასამშვიდობებლად. მიხეილი წამოიწევდა თავის კუთხიდან, ჩონჩხად ქცეულ მკლავებს შემოხვევდა მასავით მიხრწნილ პატიმარს, ეამბორებოდა და თვალცრემლიანი კვლავ მიჩნეულ კუთხეში მიიკუჭნებოდა.
ეს სურათი: დამშვიდობება მიხეილ ჯავახიშვილთან დიდ მგრძნობიარე სურათს წარმოადგენდა. ასეთი სურათები ყოველდღიურად იმართებოდა მრავალჯერ დღეში. ... ელოდებოდა ჩვენი მიხეილიც. მათ სურდათ თავისი თვალით არ დაენახათ მიხეილ ჯავახიშვილის გაყვანა დასახვრეტად. არ სურდათ შესწრებოდნენ ამ დღეს. ამიტომ გულის ფანცქალით ელოდებოდნენ იმ წუთებს, როდესაც ჯავახიშვილს წაართმევდნენ.

ერთს უბედურ დღეს, როდესაც სამარისებული ბნელეთი გამეფდა, ჭრიალით გაიღო კარები, როგორც ყოველთვის, გამოჩნდა ორი ჩეკისტი. პატიმრებმა კარებისაკენ მიიხედეს. ყველას შეაჟრჟოლა. კარგად იცოდნენ რას ნიშნავდა ამ ორის შემოსვლა საკანში.


_ მიხეილ ჯავახიშვილი!... _ გაისმა ცივი ხმა. ჰაერი გაიყინა, დამძიმდა და აუტანელი შეიქმნა. სიჩუმემ რამოდენიმე წამი გასტანა. ხალხს სუნთქვა შეეკრა. სამარისებური სიჩუმე უცბათ დაარღვია ვიღაცის შეძახილმა: 'ჯალათებო!... სისხლის მსმელებო!...' ხმას აჰყვნენ დანარჩენები და სარდაფი აივსო ყვირილით.
_ თქვენ ხვრეტთ მოწინავე ადამიანებს ქართველებისას!
_ თქვენ გვართმევთ დიდ მწერალს!
_ მხეცებო!
_ არ მოქცემთ მიხეილ ჯავახიშვილს!
_ იგი ჩვენია!
პატიმრები აირივნენ. რისხვით მიაწყდნენ იმ კუთხეს, სადაც დიდი მწერალი ეგულებოდათ, მას გარს შემოევლნენ და არ აძლევდნენ საშუალებს კარებისკენ გასულიყო. 
ნელა წამოდგა მიხელ ჯავახიშვილი, ღმერთო!... როგორი გამომეტყველება ქონდა! ოდნავ ქვემოთ ჩამოწეული მარჯვენა ტუჩის კუთხე უცახცახებდა. სახეზედ უმწეობისა და შეურაცხყოფის ღიმილი ეკერა. რამოდენიმე წამი გვიცქირა და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, რომ ამ დროს მახლობლად ისტერიული ქვითინი გაისმა. მეც ვეღარ შევიკავე თავი და ბავშვივით ავზლუქუნდი. ჩემს ქვითინს აჰყვა თითქმის ყველა. ვისარგებლე მდგომარეობით და პირველი მივიჭერი მწერალთან. გადავეხვიე, დავუკოცნე გამხმარი სახე... მომყვენ სხვებიც, მწერალს ვეხვეოდით. გულში ვიკრავდით, სამუდამოდ ვეთხოვებოდით. რეზინიანმა ჩეკისტმა მოხუცს წიხლი ჩააზილა. ჯავახიშვილი გასავალი კარების ახლოს ჩაიკეცა. ხორციელად დაუძლურებული ადამიანი მალე ფეხზე ადგა, დამჭკნარი ხელებით სველი თვალები ამოიწმინდა და გადმოგვძახა: 'აწ გშორდებით, საყვარელო ძმებო'... მაგრამ არ დააცალეს, სიტყვა გააწყვეტინეს. ჩეკისტმა კისერში ხელი წაავლო და კარებისაკენ წაათრია. კიდევ საკვირველება! მწერალი კვლავ დაუსხლტა ხელიდან ჩეკისტს, დაჩონჩხილი ხელი მაღლა აღმართა და არსენასებური ფოლადივით მტკიცე ხმით დაგვძახა:
'კიდევაც დაიზრდებიან
ქართვლში ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოწყდებიან
ჯავრი შაშჭამონ მტრისანი'.
ეხლა კი აღმართა ჩეკისტმა ხელი და მძლავრად დაკრა მძიმე რეზინი მხრებზედ ჯავახიშვილს. მწერალმა გონი არ დაჰკარგა. იგი კვლავ ხელს გვიქნევდა დამშვიდობების ნიშნად.
მძიმე ჭრიალით მიიხურა სარდაფის კარი.
ასეთი იყო მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბნელეთის მოციქულებმა ხელიდან გამოგვტაცეს და ვერაგულად მოგვიკლეს დიდი მწერალი და მამულიშვილი მიხეილ ჯავახიშვილი.

droni.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები