მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯონდი ბაღათურიამ მერაბიშვილს 'შეახსენა', რომ ე.წ. ძველი ბიჭები თანამდებობის პირებმა ჩაანაცვლეს

'ქართული დასის' ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ივანე მერაბიშვილს 'შეახსენა', რომ ე.წ. ძველი ბიჭები დღეს თანამდებობის პირებმა ჩაანაცვლეს. 
ამის შესახებ ბათაღურიამ ივანე მერაბიშვილს დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. 
ჯონდი ბაღათურიას თქმით, 'ძველი ბიჭები' დღეს აღარ არიან, თუმცა მათი ადგილი თანამდობების პირებმა დაიკავეს, რომლებიც ხულიგნობენ. ჯონდი ბაღათურიამ მერაბიშვილს ფოტომასალები წარუდგინა, სადაც ჩანს ვინმე კახა ლომიძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სამსახურის თანამშრომელია და, რომელიც მუშტს არტყამს ოპოზიციის წარმომადგენელს. ასევე აჩვენა გორის გამგეობის თანამშრომლის, გოჩა პავლიაშვილის ფოტო, რომელიც ასევე, როგორც ბაღათურია ამბობს, 'ხულიგნობს'. რამდენიმე ფოტომასალის ჩვენების შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ დღეს აღარ არიან 'ძველი ბიჭები', მაგრამ მათი ადგილი ჰალსტუხიანებმა და პაგონიანებმა დაიკავეს. 
ამის შემდეგ ბაღათურია დაინტერსედა, რა უშლიდა აქამდე ხელს ივანე მერაბიშვილს და მის მთავრობას, რომ ხალხი დაესაქმებინათ და, თუნდაც პენსია გაეზარდათ. მისი თქმით, 2009 წელს პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას დაპირდა ხელისუფლება, თუმცა რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა ჩააგდო ჯონდი ბაღათურიას პროექტი, რომელიც ხელისუფლების დანაპირების შესრულებას ითვალისწინებდა. 
'რამდენი ვეხვეწე ხელისუფლებას, რომ ეს პროექტი არ ჩაეგდოთ. სურვილის შემთხვევაში მზად ვიყავი, ამ ინიციატივაზე უარი მეთქვა და ხელისუფლება ყოფილიყო ოფიციალურად პროექტის ინიციატორი. თუმცა, თვალი გადავავლე პარლამენტის შემადგენლობას, მათი ნახევარზე მეტი მილიონერია, სწორედ ამ მილიონერმა ადამიანებმა უარი თქვეს პენსიის ზრდაზე', - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. 
ამის შემდეგ კი ჯონდი ბაღათურიამ მოსთხოვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, თუ ახლა არა, ხვალინდელ სხდომაზე მაინც წარმოადგინოს, რა დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა, რა ჯდება იუსტიციის სახლის მშენებლობა 'ჭაობაში' და გამოცხადდა თუ არა ტენდერი და რა სამართლებრივი რეგულიციები გაიარა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობამ. 
ჯონდი ბაღათურიას კითხვების შემდეგ შეფასებით გამოსვლაც სურდა, რის საშუალებასაც რეგლამენტი აძლევს, თუმცა კომიტეტის წამყვანებმა გიორგი მელაძემ და არჩილ გეგენავამ დეპუტატს ამის საშუალება არ მისცეს და უთხრეს, რომ სანამ ბაღათურია კომიტეტების ოთახში შევიდოდა, მანამდე იყო შეთანხმება იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დეპუტატები მხოლოდ კითხვებით მიმართავდნენ. 
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, მათაც დასვეს მერაბიშვილის მისამართით კითხვები, თუმცა ეს კითხვები, ძირითადად, პროგრამის 'მეტი სარგებელი ხალხს' დეტალების დაზუსტებას ეხებოდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები