მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯონ ბასი აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავს ქუთაისში აღნიშნავს

აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ამერიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეოცე წლისთავს ქუთაისში აღნიშნავს. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად, ელჩი ქუთაისის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობაში ამერიკულ კუთხეს გახსნის, რის შემდეგაც 30-ე საჯარო სკოლისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ამერიკის შემსწავლელი პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდება. 
ქუთაისის ამერიკული კუთხე იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები ამერიკული ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შესახებ ინფორმაციას წიგნების, ფილმების, ინტერნეტ-რესურსებისა და ჟურნალების მეშვეობით მიიღებენ. ამერიკული კუთხე ქუთაისელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ქალაქში სტუმრად ჩასულ ამერიკის მოქალაქეებს სხვადასხვა თემებზე ესაუბრონ. ქუთაისის ცენტრალურმა საჯარო ბიბლიოთეკამ ამერიკულ კუთხეს საბავშვო ბიბლიოთეკის #2 შენობაში გარემონტებული ფართი გამოუყო. 2003 წლიდან დღემდე ამერიკის საელჩომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რვა ამერიკული კუთხე გახსნა. 
დღესვე, 15:15 საათზე, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში, 70 მოსწავლე და მასწავლებელი სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის მონაწილეთა გამოფენას უმასპინძლებს. ACETT-ი USAID-ის მიერ 2.6 მილიონი დოლარით დაფინანსებული სამწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას. სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორთა დახმარებით ყალიბდება სასკოლო კლუბები და საზაფხულო ბანაკები. პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მცირე საგრანტო პროექტებით სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში ჩაერთონ. ქუთაისელი მოსწავლეები აშშ-ის ელჩს საკუთარ პროექტებს წარუდგენენ და უპასუხებენ მის კითხვებს.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ამერიკის შემსწავლელი პროგრამის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მოისმენენ ელჩის პრეზენტაციას 'ელჩის ცხოვრება'. პრეზენტაციის შემდეგ შედგება ღია დისკუსია. აშშ-ის საელჩოს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. აშშ-ის ელჩი უნივერსიტეტის რექტორ გიორგი ღავთაძეს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან.
აშშ-ის საელჩო თბილისში ზუსტად 20 წლის წინ, 1992 წლის 23 აპრილს გაიხსნა. ღონისძიებებით დატვირთული დღე ქუთაისში აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავს ეძღვნება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები