მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“

როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, აჭარაში „რევოლუციური' ორომტრიალი 6 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე არ დაწყებულა. ასლან აბაშიძის გაქცევას ნიადაგი მასობრივმა გამოსვლებმა ჯერ კიდევ წინა, 2003 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან შეუმზადა.

„ვარდების რევოლუციის' შემდეგ, აჭარაში თანდათანობით შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც საბჭოთა სკოლებისდროინდელ ისტორიის სახელმძღვანელოებში აღწერდნენ, როგორც რევოლუციურს: „როცა ზედა ფენებს აღარ შეუძლიათ ძველებურად მართვა, ქვედა ფენებს კი ძველებურად ცხოვრება აღარ სურთ'.

დღემდე გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრი მხოლოდ ბათუმი და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია არ ყოფილა. მართალია, რეჟიმის მეთაურისა და მათი მხარდამჭერების ხელისუფლებისგან ჩამოშორებაში, საბოლოო სიტყვა აჭარის დედაქალაქმა და მოსახლეობამ თქვა, მაგრამ პროტესტი თანდათანობით მწიფდებოდა მთელი აჭარის მასშტაბით, საბოლოოდ კი ამ უკმაყოფილების ღრუბელი სეტყვად, სწორედ ბათუმში მოვიდა.

რაც მთავარია, აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილმა პარტიებმა და პოლიტიკურმა მოძრაობებმა მოახერხეს ის, რაც მას შემდეგ და დღემდე ვერ მოახერხეს ოპოზიციურმა სუბიექტებმა: გაერთიანება. აჭარის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში შექმნილი იყო ერთიანი ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარა' და მისი წევრები კოორდინირებულად, ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამ ერთიანობის რღვევა, ნაცადი მეთოდებით რამდენჯერმე სცადა „აჭარის ლომად' წოდებულმა ასლან აბაშიძემ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ოპოზიციის ერთიანობის შემხედვარე მოსახლეობა, სულ უფრო აქტიური ხდებოდა და უფრო თამამად გამოდიოდა ქუჩებში. ამის მიუხედავად, 2003 წლის ოქტომბერში, როცა „ჩვენმა აჭარამ' საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მხოლოდ ეცინებოდა მათ მცდელობაზე, შეეცვალათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის რეჟიმი.

ყველა რევოლუცია მსხვერპლს მოითხოვს და რაც უნდა მშვიდობიანად ჩატარდეს, მუდამ არსებობენ ადამიანები, რომელთა მხრებზეც გადადის მსგავსი „უსისხლო გადატრიალება'. ასეთები აჭარის პროცესებთან მიმართებაში, პირველ რიგში ის ადგილობრივი ლიდერები აღმოჩნდნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს აჭარის ლიდერის სპეცრაზმელთა თუ რეჟიმის ბრმად მხარდამჭერი მოსახლეობის რეზინის ხელკეტების, მუშტებისა და კარცერში გდების სიმწარე.

 აჭარის მაშინდელი ლიდერის განკარგულებაში კარგად გაწვრთნილი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა გარდა, რუსი გენერლის - ბორისოვის მიერ გაწვრთნილი სპეცრაზმიც იყო. ამას გარდა, თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადის გენერალმა, რომან დუმბაძემ პირდაპირ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, როცა აღნიშნა, რომ მისი სარდალი არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ ასლან აბაშიძეა.

სხვათაშორის, მაშინაც და შემდეგაც ბევრს არ სჯეროდა, როცა საქართველოს ხელისუფლება აღნიშნავდა, რომ რომან დუმბაძეს რუსები მფარველობდნენ, თუმცა ეს 2008 წლის ომის შემდეგ დამტკიცდა, როცა რუსულმა მხარემ სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული რომან დუმბაძის გათავისუფლება მოითხოვა და მის ნაცვლად 12 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.

აჭარაში მდგომარეობა, განსაკუთრებით 30 აპრილის მასობრივი გამოსვლების შემდეგ დაიძაბა. ოპოზიციურად განწყობილმა ხალხმა, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო შეკრება. პარალელურად, უნივერსიტეტიდან მცირე მანძილით დაშორებულ უზენაესი საბჭოს შენობასთან მისასვლელი ქუჩები ასლან აბაშიძის მომხრე სპეცრაზმელებს ჰქონდათ გადაკეტილი. შენობების სახურავებზე სნაიპერები იყვნენ განთავსებულნი. ყველა მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს წესდებით ყველას არ ევალებოდა, ნიღბით გადაადგილდებოდა. ღამღამობით ისინი უნივერსიტეტთან შეკრებილი მანიფესტანტების შესაშინებლად სხვადასხვა სახეობის იარაღიდან ისროდნენ. უზენაესი საბჭოს შენობის წინ, ასლან აბაშიძის მხარდამჭერი მოსახლეობის ნაწილი იყო თავშეყრილი. მათთან შესახვედრად „აჭარის ლომი' პერიოდულად, ძირითადად, ღამის საათებში გამოდიოდა.

30 აპრილს, ბათუმის ცენტრში რამდენიმე საპროტესტო აქცია ზედიზედ მოეწყო. სამართალდამცველებმა დენონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. თუმცა, ხალხის მღელვარების ჩახშობა უკვე შეუძლებელი იყო. ასლან აბაშიძე კი მისთვის საბედისწერო ნაბიჯების გადადგმას აგრძელებდა. 2 მაისს, მისი ბრძანებით ააფეთქეს ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდები, რის შედეგადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებული აღმოჩნდა. ჩოლოქთან, ასლან აბაშიძის მხარდამჭერი უამრავი შეიარაღებული ადამიანი იყო თავშეყრილი.

მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ფოთში, სასტუმრო „ამკორში' მოქმედებდა საგანგებო შტაბი, რომელსაც სათავეში ზურაბ ჟვანია ედგა. ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქების შემდეგ ბათუმის ქუჩები აღშფოთებულ ხალხს ვეღარ იტევდა. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. ასლან აბაშიძის შეიარაღებულმა მომხრეებმა ვერ გაბედეს ხალხის მასის წინააღმდეგ წასვლა, ბევრმა კი შეგნებულად დაყარა იარაღი იმ მოტივით, რომ უიარაღო ხალხს არ ესროდა. როგორც კი ასლან აბაშიძეს წყალი შეუდგა, ჩოლოქის ხიდი და მიმდებარე ტერიტორია მაშინვე დატოვეს მისმა შეიარაღებულმა მომხრეებმა. ფოთის მხრიდან ჩოლოქის ხიდს უამრავი ადამიანი მოადგა. 5 მაისს ჩოლოქის ხიდი პირველმა ზურაბ ჟვანიამ გადმოკვეთა. ამ დროისათვის აჭარაში საყოველთაო დაუმორჩილებლობა იყო გამოცხადებული.

რევოლუციის ღამეს რუსეთიდან საგანგებოდ მოვლინებულმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, იგორ ივანოვმა, ასლან აბაშიძე მცირერიცხოვან გარემოცვასთან ერთად მოსკოვში გადააფრინა. ასლან აბაშიძე აეროპორტში გამგზავრებამდე უზენაესი საბჭოს შენობის წინ შეკრებილ მომხრეებთან გავიდა და მათ დაშლისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

ღამის სამ საათზე, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აჭარის ზღვის სანაპიროდან მიმართა და სწორედ მაშინ თქვა ცნობილი სიტყვები: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!', ხოლო 6 მაისს, დილის საათებიდან საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ასლან აბაშიძის რეზიდენციაში ესალმებოდნენ მოსახლეობას, რომელიც „აჭარის ლომის' ბრჭყალებისგან ამ კუთხის დახსნას გულწრფელი სიხარულით შეხვდა.

presa.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები