მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიდ შაბათს მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული აღესრულება

ყოველი წლის აღდგომის წინადღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული აღესრულება.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად მესამე საუკუნეში გადმოსულა.საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით - წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ და სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით - ლუქის ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. მათი ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის. ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.

მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქი სადღესასწაულო შესამოსელს განიძარცვავს და კვართის ამარა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს, რითაც სანთლის ანთება შეიძლება.

ღვთის საიდუმლო განგებით, ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის სამი აუცილებელი პირობაა საჭირო: ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი' ლოცვა-ვედრებით. ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი. ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს „ველური' როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს.

მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა.

მესამე: ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

ერთხელ სომეხ მონოფიზიტებს პირველობის პრეტენზია გაუჩნდათ. მათ მოისყიდეს თურქი ჯარისკაცები, კუვუკლიაში ადრე შევიდნენ, კარი გადარაზეს და მართლმადიდებელი პატრიარქი შიგნით არ შეუშვეს. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო დახშული კარის წინ. იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშანს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა, მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატარიარქის სანთლები აანთო.

მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას, სვეტი კი მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად დღესაც გაბზარული დგას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა კონფესიის (სომხების, კათოლიკების, კოპტების) კანდელები დგას.

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, საამო. იგი სრულებით არ წვავს - ეს მისი ღვთაებრივი წარმოშობის ნიშანია. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ამ ცეცხლს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები არ გააჩნია. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები