მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოკოითის ლოკალური წვლილი პუტინის გლობალურ გეგმებში

 

რატომ წამოჭრა ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის რეგიონისა და ბელორუსის რუსეთთან მიერთების თემა და რა მიზნები აქვს ამ იდეის გახმოვანებას. ამ თემაზე თავად რუსი ექსპერტები საკმაოდ სერიოზულად დაფიქრდნენ.
პირველი და მთავარი, რასაც არავინ უარყოფს, არის ის, რომ რუსეთის პრემიერმა ბელორუსისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თემას წინასაარჩევნო კამპანიის დატვირთვა მისცა. როგორც ცნობილია, დღეს რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა, და ამას სოციოლოგიური გამოკითხვებიც ცხდყოფს, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ან ისეთი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობს, რომელიც მათ სსრკ-სა და ძველ დიდებას მოაგონებს.

ამიტომაც, ზოგიერთი რუსი ექსპერტის განცხადებით, პუტინი არ ცდება, როცა აქცენტს ამ თემაზე აკეთებს. მითუმეტეს, რომ საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგია არც მას დაუმალავს ოდესმე. ერთი შეხედვით, ეს მისწრაფება განუცორციელებელ პოლიტიკურ ოცნებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა იმავე რუსი ექსპერტების აზრით, პუტინი ძალიან მიზანმიმართულად მიდის ამ ოცნების ახდენისა და საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებისაკენ.
პოლიტოლოგი დიმიტრო ორეშკინი იხსენებს, რომ 2008 წელს რუსეთის პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილებოდა პუტინისათვის მესამე საპრეზიდენტო ვადისა და რუსეთის გეოპოლიტიკური სტრუქტურის შეცვლის საკითხი. კერძოდ, მსჯელობდნენ იდეაზე, რომ თუკი შეიქმნებოდა ახალი სახელმწიფო - რუსეთისა და ბელორუსის კავშირი, პრეზიდენტის 'საკავშირო სავარძელს' დაიკავებდა პუტინი. მისი თქმით, 'ეს სცენარი ახლაც აქტუალურია.

მოგვარდება ტანდემის პრობლემაც: პუტინი საკავშირო, მედვედევი კი რუსეთის პრეზიდენტი იქნება.'
ორეშკინი ამას საკმაოდ გაბედულ ჩანაფიქრს  უწოდებს, რომელსაც სერიოზული რისკებიც ახლავს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ლუკაშენკო ამ ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ 'ბატკა' სულაც მოიშორონ.

'ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსეთი მიზანმიმართულად ახდენს ლუკაშენკოს დისკრედიტაციას, იმდენად, რომ ცოტა ძლიერად რომ კრან ხელი, უკვე გადავარდება. ხოლო თუ მის ადგილზე დასვამენ ვინმე ბელორუს კგბ-ს ყოფილ გენერალს, უცბად მოგვარდება სამოკავშირეო სახელმწიფოს საკითხიც.' ორეშკინი ამას პოლიტიკურ ვარაუდებს უწოდებს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ მსგავსი სცენარები რუსეთის ძალოვნების ბლოკში ყოველთვის განიხილებოდა. მაგალითად, თავის დროზე უკრაინასთან ფედერალიზმის თემა და მისი დასავლეთ და აღმოსავლეთად გაყოფა, რათა შემდეგ აღმოსავლეთი თავის ქვეშევრდომობაში მოექციათ.

'ანალოგიური ხდება ახლა ბელორუსთან დაკავშირებით. ორეშკინის თქმით, ლუკაშენკო ყელზე ადგას რუსეთის ხელისუფლებას. ისიც ხვდება, საიდან ემუქრება საფრთხე და ეშინია პროვოკაციებისა, მაგალითად, პოლონიუმთან ერთად ჩაის დალევის ან უცაბედი ინფარქტის. და რადგანაც პუტინმა წამოჭრა ეს თემა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ელის კიდეც რაღაც მოვლენების განვითარებას ბელორუსში. შესაძლოა, ამიტომაც ახდენს საზოგადოებრივი აზრის ზონდირებას' - ამბობს ექსპერტი. 

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემას ამ კონტექსტში, ორეშკინი თავიდანვე უპესპექტივოს უწოდებს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხს, რადგან ეს რეგიონი ისედაც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და მისი მიერთების უბრალოდ, გაფორმება, დღეს კრემლს არ უღირს იმ კონფლიქტად, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის, განსაკუთრებით კი ობამასთან შეიძლება წარმოიშვას. მაგრამ ამბობს, რომ კოკოითის გამოხმაურება და მისი განცხადება, რომ სამხრეთ ოსეთი სიამოვნებით შეუერთება რუსეთ-ბელორუსის ერთიან სახელმწიფოს, სწორედ პუტინის ინტერესებს ეხმაურება.

ანალოგიურად ფიქრობს პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ალექსეი მაკარკინიც. მისი აზრით, სამხრეთ ოსეთის თემით მანიპულირება ერთ-ერთი გზაა ზეწოლისა ლუკაშენკოზე, რომელიც რუსეთმა ვერა და ვერ მოაქცია თავის კლანჭებში. ' პუტინის სიტყვები ფორუმზე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მოყვა სწორედ ბელორუსის თემას. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აქ სამხრეთ ოსეთის მიერთებაზეა საუბარი. ლუკაშენკოს არ სურს სცნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თუ ის ამაზე წავა, მას არ დარჩება გზა მანევრებისათვის რუსეთსა და დასავლეთს შორის. თანაც, ეს პატარა ქვეყნებია ნაურუსა და ვენესუელას მსგავსი, რომლებსაც ამჟამინდელი რეჟიმების ხელში არ აქვთ შანსები რამე შეცვალონ დასავლეთთან ურთიერთობაში' - ამბობს მაკარკინი.

მაშ, რატომ ჩაერთო კოკოითი ამ თამაშში? ექსპერტის აზრით, კოკოითსაც თავისი ინტერესები აქვს, რაც ცხინვალში მოსალოდნელი არჩევნების ფონზე მისი ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება. ამიტომაც, თუკი რუსეთს სურს სამხრეთ ოსეთის ფაქტორით მოახდინოს გავლენა ლუკაშენკოზე, რატომ არ უნდა სცადოს ბედი? მაკარკინის თქმით, ლუკაშენკო, ფაქტობრივად, აიძულეს, პასუხი გასცეს კოკოითის განცხადებას ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელორუსის კავშირში შესვლაზე, რაზეც მისი რეაქცია, მოსკოვისათვის ბევრისმთქმელი იქნება.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები