მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰედას ტრაგედია, ანუ როცა გამკითხავი არავინ არის…

ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკებში, ადგილობრივი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ხშირად, დამახინჯებულ ფორმას იღებს და ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით, განსაკუთრებით ტრაგიკული შედეგებით სრულდება. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი „ადამიანის უფლებები რუსეთში' წერს, რომელიც ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულის მაგალითზე ამტკიცებს, რომ ადგილობრივი და ცენტრალური სამართალდამცველი ორგანები დისკრიმინაციის, ძალადობის, დამცირების, ცემისა და მკვლელობების შემთხვევებსაც კი უყურადღებოდ ტოვებენ.

უფლებადამცველ ცენტრ „მემორიალისთვის' ცნობილი გახდა შემთხვევა, როცა ქალიშვილი ნათესავებმა მოკლეს. დანაშაულში მონაწილეთა შორის იყვნენ რაიონის ადმინისტრაციის მეთაური და მისი ძმა, მეორე რაიონის შს განყოფილების უფროსი, რომელიც მოკლულის შორეული ნათესავი იყო. ქალიშვილი ე.წ. „ნამუსისათვის სიკვდილის' მორიგი მსხვერპლი გახდა, რაც დღეს არცთუ იშვიათია ჩრდილოეთ კავკასიაში. ასეთი დანაშაულები ხდება ოჯახისათვის მიყენებული „სირცხვილის' გამო. სამართალდამცავი ორგანოები კი ამ შემთხვევებს პრაქტიკულად არ იძიებენ. პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენლები არამცთუ დუმან ასეთ დანაშაულებზე, ცდილობენ, არ დაუშვან მათი გამოძიება, ხშირ შემთხვევებში კი თავად არიან თანამონაწილენი. სამართალდამცავი ორგანოები ადმინისტრაციული ორგანოებიდან იღებენ დადგენილებებს, რომლებიც დაუსჯელს ტოვებს მკვლელებს.

მკვლელობის ზემოხსენებული მსხვერპლი, პირობითად, ჰედა, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე  გროზნოში წავიდა და იმ დღეს სახლში აღარ დაბრუნდა. შეშფოთებულმა მშობლებმა შს განყოფილებას მიმართეს, სადაც მათი შორეული ნათესავი მუშაობდა. მეორე დღეს ჰედა გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ის მეზობელი რესპუბლიკის ერთ-ერთ სოფელში იყო, თავისი საქმროს ნათესავებთან. საქმრომ ის ნებაყოფლობით წაიყვანა.
ვაინახური  ტრადიციით, ქორწინებისთვის წინასწარ საჭიროა ჯერ სასიძოსა და საპატარძლოს ოჯახებს შორის თანხმობა. მაგრამ, თუ ახალგაზრდები ხვდებიან, რომ მათ ოჯახებს ეს ქორწილი არ სურთ, საქმროს საცოლე თავის ნათესავებთან მიჰყავს (წინასწარ არასოდეს მიჰყავს თავისი მშობლების სახლში). ამის შემდეგ ქალის ოჯახისთვის ხდება ცნობილი და იწყება მოლაპარაკება ოჯახებს შორის, რომელიც ქორწილით მთავრდება. მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება. თუ ოჯახები ვერ შეთანხმდებიან, სასიძოს ნათესავები იძულებული ხდებიან გოგონა თავის მშობლებთან დააბრუნონ. მოვლენათა ასეთი განვითარება ოჯახებს შორის დიდ დაძაბულობას იწვევს.

ზოგჯერ ე.წ. მოტაცებაც ხდება, - საპატარძლოს თანხმობის გარეშე. ეს აღიქმება, როგორც უპატივცემლობა ქალიშვილის ოჯახის მიმართ. თუმცა, ასე თუ ისე, მაინც იწყება მოლაპარაკება ოჯახებს შორის. სიტუაციის შემდგომი განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენადაა ქალიშვილი მზად წინააღმდეგობა გაუწიოს მშობლებს, რამდენად ძლიერია მომტაცებელი ოჯახი და ა.შ. შედეგიც შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: ქალიშვილის სახლში დაბრუნება, სასტიკი კონფლიქტი ოჯახებს შორის, იძულებითი ქორწინება.

ჰედას საქმროს ნათესავებმა მეორე დღეს გოგონა მარტო გაუშვეს სახლში ტაქსით, რაც ყველა ადათსა და ტრადიციას ეწინააღმდეგება. რატომ გააკეთეს ეს, უცნობია. სწორედ ეს გახდა შემდგომი ტრაგიკული მოვლენების მიზეზი. 

ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისში რამზან კადიროვმა, მოტაცების გამო, პასუხისმგებლობა მომტაცებლებთან ერთად ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, პოლიციის განყოფილებების უფროსებს და სასულიერო პირებს დააკისრა.

ადამიანთა მოტაცების წინააღმდეგ ნებისმიერ ბრძოლას მხოლოდ შეიძლება მიესალმო, - წერს ინტერნეტ-პორტალი „ადამიანის უფლებები რუსეთში' , - მაგრამ ჩეჩნეთში საპატარძლოების მოტაცების საწინააღმდეგო ბრძოლა უცნაურ ხასიათს იძენს. ხელისუფლებასთან დაახლოებული „მომტაცებელი' ოჯახის წევრების წინააღმდეგ სამართალდამცავები არავითარ ზომებს არ იღებენ. პირიქით, ყოფილა შემთხვევები, როცა გოგონა თავისი ნებით გაჰყოლია ვაჟს, მაგრამ მოვლენათა განვითარებაში შსს თანამშრომლები მაინც ჩარეულან. ცნობილია ფაქტები, როცა ქალიშვილის თანხმობის მიუხედავად ,ძალოვნებს ვაჟი გაუტაცებიათ, უცემიათ და  ფული გამოუძალავთ. ცნობილია ისეთი ფაქტებიც, როცა საპატარძლოსთვის იძულებით დაუწერინებიათ პოლიციაში განცხადება, ვითომდა, მოტაცების თაობაზე.

საპატარძლოს მომტაცებელი, ზოგადად, მილიონი რუბლით ჯარიმდება. მაგრამ ვინ და როგორ დაადგენს მოტაცების ფაქტს? ზოგჯერ, გატაცების თაობაზე გოგონას მშობლების განცხადებაც კი საკმარისია. თავად „გატაცებულის' აზრს კი ყოველთვის როდი ითვალისწინებენ. თანამედროვე ჩეჩნეთის პირობებში გვერდს ვერ აუვლი ოფიციალური მუსულმანი სასულიერო პირების გადაწყვეტილებას, რომლებიც ფაქტობრივად, რესპუბლიკის მაღალი ეშელონებიდან ინიშნებიან. შესაძლოა, სწორედ ასეთი სიტუაციის გამო შეშინდნენ ჰედას საქმროს ნათესავები და ამიტომ გაუშვეს გოგონა სახლში. უფრო შეშინდებოდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ გოგონას შორეული ნათესავი რაიონის მეთაურია, მისი ძმა კი ძალოვანი უწყების თანამშრომელი. როცა ტაქსში სვამდნენ, ბიჭის შეშინებულმა ნათესავებმა ჰედას სთხოვეს, არ გაემხილა მათი სახელები და შეჰპირდნენ, რომ ოფიციალურად ხელის სათხოვნელად აუცილებლად მივიდოდნენ.

მაგრამ სახლში დაბრუნებული ჰედას ბედი ტრაგიკულად განვითარდა. ნათესავების ძალდატანებით, გოგონა იძულებული გახდა ყველაფერი ეამბნა. შემდგომ სიტუაციაში ჩაერივნენ ზემოხსენებული ნათესავები. ჩათვალეს, რომ მათ გვარს შეურაცხყოფა მიაყენეს ჰედამაც, მისმა საქმრომაც და ნათესავებმაც, რის გამოც, ცნობილია, რომ მათ გაჰყავდათ გოგონა სახლიდან და სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ. ჰედას დედა და უმცროსი ძმები კი უმოქმედოდ იყვნენ. გოგონა ბედს მიენდო.

2 დეკემბერს მათთან სახლში ბიძაშვილი მივიდა ერთ-ერთ ნათესავთან ერთად, რომელიც ადრე შს განყოფილებაში მუშაობდა და რომლის მითითებითაც გოგონა გამოძიებას გადასცეს. მან ჰედა გარეთ გაიყვანა, იმ მიზეზით, რომ მანქანით ხალხია მოსული და შენთან ლაპარაკი სურთო. როდესაც ჰედა გავიდა, ის ძალდატანებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ათი წუთის შემდეგ ჰედას გვამი მისი ეზოს ჭიშკართან დააგდეს. ის თავისივე თავსაფრით დაახრჩეს, რომელიც ისევ ყელზე ჰქონდა მობმული.

მკვლელებმა მალე, შურისძიებისთვის, ჰედას საქმროსა და საქმროს ძმის გადაცემაც მოითხოვეს. აქ კი ნამდვილი სპეცოპერაცია ჩატარდა, ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებში ანტიტერორისტულ ოპერაცის უწოდებენ და ხშირ-ხშირად ატარებენ კიდეც. დეკემბერში ბიჭის სოფელი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ალყაში მოაქციეს. ორი დღის განმავლობაში არავის უშვებდნენ არც შიგნით და არც გარეთ, მაგრამ ძმებმა დამალვა მოახერხეს.

ეს საშინელი ისტორია მისმა მონაწილეებმა უფლებადამცველ ორგანიზაციას უამბეს, თუმცა მისი გახმაურების ახლაც ეშინიათ. უფლებამდამცველები კი ამბობენ, რომ „მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გვერდით ხდება' და არცერთ მათგანს, რაიმე რეზონანსული შედეგი და რეაქცია, ჯერჯერობით, არ მოჰყოლია.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები