მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'Agile Spirit 2013'-ის აქტიური ფაზა დაიწყება

დღეს, 18 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება 'Agile Spirit 2013'-ის აქტიური ფაზა დაიწყება.

სწავლების გახსნის ცერემონია ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართება.

ერთობლივ წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 350 სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი მიიღებს მონაწილეობას. 23-ე ბატალიონი ის ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო მისიიდან უდანაკარგოდ დაბრუნდა საქართველოში.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გაივლიან ავღანეთის ISAF-ის მისიის გასაშუქებლად. კორესპონდენტები უსაფრთხოების მექანიზმებს შეისწავლიან და დეტალურად გაეცნობიან, თუ რას წარმოადგენს თითოეული ის ტაქტიკური ამოცანა, რასაც ISAF-ის მისიაში მონაწილე პერსონალი ავღანეთში ასრულებს. პირველი თეორიული ინსტრუქტაჟი მედიის წარმომადგენლებს დღეს ჩაუტარდათ. 
ერთთვიანი სწავლება სამ ფაზად არის დაგეგმილი. აქტიური ფაზა 18 მარტს დაიწყება და 29 მარტს დასრულდება. საცეცხლე მომზადების დროს, ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ტიპის და კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღებიდან პრაქტიკული სროლის უნარ-ჩვევებს დახვეწენ. შემდეგ ეტაპზე ტაქტიკური წვრთნებია დაგეგმილი. ტაქტიკური მომზადების დროს, სამხედროები შეისწავლიან ყველა იმ ამოცანას, რომელსაც ISAF-ის მისიის დროს ჯარისკაცები ავღანეთში ასრულებენ.

სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებისთვის, პირობით სცენარში მონაწილეობას მიიღებს მსახიობთა ჯგუფიც, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა შორის შეირჩევა. 
სამხედრო სწავლება 'Agile Spirit 2013' მესამე წელია პერმანენტულად ტარდება. ერთობლივი წვრთნა მიზნად ისახავს სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავებას, რათა მათ დაეხმაროს ერთმანეთისთვის საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გაზიარებაში. ასევე, ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციებში ურთიერთგაძლიერება და აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნებაა.

სამხედრო წვრთნები 5 აპრილს დასრულდება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები