მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> BBC - სააკაშვილს ქუთაისის მეორე დედაქალაქად გადაქცევა უნდა

სააკაშვილს ქუთაისის მეორე დედაქალაქად გადაქცევა უნდა, - სტატიას ასეთი სათაურით 'ბი-ბი-სი'-ს რუსული რედაქცია აქვეყნებს.
 ჟურნალისტი ნინა ახმეტელი წერს, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით კონსტიტუციაში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც 2012 წელს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანას გულისხმობს.
 'ეს ისტორიული რეფორმაა, რომლის მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია', _ სტატიაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების ციტატაა მოყვანილი.
 'ოპოზიცია ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივის უკან ანტისახელისუფლებო გამოსვლების აღმოფხვრა დგას, რომელთა ძირითად არენადაც ტრადიციულად დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მოედანი იქცა', _ წერს ახმეტელი.
 ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 40 მეტრის სიმაღლისა და 40 ათასი კვადრატული მეტრის თანამედროვე შენობის დასრულება, მთავრობის გეგმის თანახმად, 2012 წელს არის დაგეგმილი.
 'ოპოზიციას აინტერესებს, თუ რამდენი დაუჯდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გადასვლა ქუთაისში, ხელისუფლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებს', _ წერს ნინა ახმეტელი.
 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ახალი შენობის აშენება ქვეყანას დაახლოებით 57 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც, მისივე აზრით, მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.
 'თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების გათვლებით, პრეზიდენტის ამ წამოწყებაზე 100 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება, რაც უმუშევრობისა და დაბალი საყოფაცხოვრებო დონის ფონზე, სულ მცირე, არამიზანშეწონილია'. გარდა ამისა, ახალი შენობის მშენებლობის ხარჯებთან ერთად, მნიშვნელოვანი თანხა დაიჯარხება ხელისუფლების წარმომადგენელთა თბილისიდან ქუთაისში გამგზავრებაზე, _ აღნიშნავენ იდეის მოწინააღმდეგეები', _ წერს 'ბი-ბი-სი'.
 ნინა ახმეტელი წერს, რომ ბევრი ქუთაისელი პარლამენტის გადატანას დადებითად აფასებენ და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის იმედი აქვთ.
 'საბჭოთა პერიოდში ქუთიასი ერთ-ერთი ძირითადი სამრეწველო ცენტრი იყო საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლამ კი რადიკალურად შეცვალა ცხოვრება ქალაქში: ქარხნების მუშაობა შეჩერდა, მოსახლეობის უმეტესობა კი უმუშევარი დარჩა... რეგიონის ეკონომიკური განვითარება პარლამენტის ქუთაისში გადატანის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია', _ წერს 'ბი-ბი-სი'.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები