მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Eurasianet.org - სერგეი ბაღაფშის გარდაცვალება პოლიტიკური გამოწვევაა

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალება პოლიტიკური გამოწვევაა, როგორც სეპარატისტული ტერიტორიისთვის, ასევე მისი პოლიტიკური პატრონის, რუსეთისთვის, - წერს 'Eurasianet.org. 
სტატიის ავტორი, ლინკოლნ მიტჩელი აღნიშნავს, რომ ბაღაფში გამოცდილი პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელსაც შეეძლო რთული ბალანსის დაცვა ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ აფხაზი ხალხის მისწრაფებას და რუსეთის სტრატეგიულ მოთხოვნებს შორის. 
'აფხაზების უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული, თუმცა ბევრი მაინც დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ მისი ტერიტორია სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ვინც არ უნდა იყოს ბაღაფშის მემკვიდრე, მას მოუწევს ასიამოვნოს როგორც კრემლს, ასევე საკუთარ ხალხს და ამავდროულად არ დაუშვას საქართველოს სწრაფვა 1992 წლამდე არსებული საზღვრების აღდგენისკენ', - ნათქვამია სტატიაში. 
როგორც ავტორი წერს, სოხუმში, ბევრი საუბარია იმაზე, ვინ გახდება ბაღაფშის მემკვიდრე. 
სტატიაში აღნიშნულია, რომ ვადამდელ არჩევნებში, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაიმართება, მონაწილეობას სერგეი შამბა, ალექსანდრე ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა მიიღებენ.
'თუკი არჩევნებს, როგორც ფიქციას განვიხილავთ, რომელშიც მოსკოვი თავს მოახვევს აფხაზ ხალხს მის ფავორიტ კანდიდატს, შედეგები სერიოზულად დაასუსტებს აფხაზეთის პოზიციას, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის. შესაბამისად, ეს გააძლიერებს საქართველოს მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმად აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსული ექსპანსიონიზმის ფასადია. მეორე მხრივ, თუკი აფხაზ ამომრჩევლებს მისცემენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას დაშინების და მუქარების გარეშე, კანდიდატებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება მედია-საშუალებები და რუსეთი მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩაერევა პროცესში, ეს მსოფლიოსთვის აფხაზეთის შესახებ აბსოლუტურად განსხვავებული გზავნილი გახდება', - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი წერს, რომ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები არ შეცვლის საქართველოს, ამერიკის ან ევროპის შეხედულებებს აფხაზეთზე და თბილისს არ ათქმევინებს უარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისხმევაზე, მაგრამ ის აფხაზ ლიდერებს მისცემს შანსს შეცვალონ ნარატივი ე.წ. გაყინული კონფლიქტის შესახებ. 
ლინკოლნ მიტჩელის აზრით, სამართლიანი არჩევნები აფხაზ ლიდერებს მისცემს შესაძლებლობას უარყონ ის განცხადებები, თითქოს ისინი მოსკოვის მარიონეტები არიან. 
'მაშინ, როდესაც საქართველო უფრო მდიდარი და დემოკრატიული გახდება, აფხაზი ხალხი დაინახავს თბილისთან თანამშრომლობის ფასს და საბოლოო ჯამში გაერთიანებას მიანიჭებს უპირატესობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 'სთართფეთმა' დაკარგა მისი ელვარება, რადგან საქართველოს მთავრობა დაშორდა 'ვარდების რევოლუციის' იდეალებს. გარდა ამისა, თბილისი მთელი ძალით ებრძვის გლობალურ ეკონომიკურ ვარდნას. 'სთართფეთი' სერიოზულ დარტყმას მიიღებს, თუკი აფხაზეთი თავის მომდევნო ლიდერს შედარებით სამართლიან არჩევნებში აირჩევს, მაშინ როდესაც საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი იმის გზებს ეძებს, როგორმე ხელისუფლებაში დარჩეს და პრემიერ-მინისტრი გახდეს მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება შეერთებულ შტატებს აიძულოს 'სთართფეთზე' ზოგადად უარი თქვას და საქართველოსა და აფხაზეთისთვის უფრო სერიოზული და ქმედითი პოლიტიკა შეიმუშავოს. ბოლოს და ბოლოს, ეს შეერთებული შტატების განცხადებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ტრივიალურ განცხადებად აქცევს, რომელსაც რეალიზაცია არ უწერია', - აღნიშნულია სტატიაში. 
ავტორი წერს, რომ აფხაზეთის სადავო სტატუსის გამო, დასავლეთში აფხაზური არჩევნების მიმართ ინტერესი მცირეა. 
შესაბამისად, ლინკოლნ მიტჩელი აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები სავარაუდოდ არ მიიზიდავს დამკვირვებლებს ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა მაგალითად, ეუთო. 
'როგორც ჩანს, ამ არჩევნების მონიტორინგზე უარს იტყვიან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც, თუ არ ჩავთვლით ისეთ ჯგუფებს, რომლებსაც მოსკოვთან მტკიცე კავშირები აქვთ. შესაბამისად, აფხაზეთისთვის ამ მნიშვნელოვანმა მოვლენამ დასავლეთისთვის შესაძლოა შეუმჩნევლად ჩაიაროს, თუმცა, თუკი ამ ვადამდელ არჩევნებს ამ ტერიტორიის ამომრჩევლები აღიქვამენ, როგორც შედარებით კონკურენტულს და სამართლიანს, ეს განამტკიცებს მათ მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ და აფხაზეთს და საქართველოს შორის კონტრასტს გაამძაფრებს', - ნათქვამია სტატიაში.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები