მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> FBI-ს გაუჩინარებული ყოფილი აგენტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის ფულადი ჯილდო დაწესდა

FBI-ს ყოფილი აგენტის, რობერტ ლევინსონის გაუჩინარების მეხუთე წლისთავზე, გამოძიების ფედერალური ბიურო ლევინსონის შესახებ ინფორმაციისთვის 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. 
საელჩოს ინფორმაციით, ფულადი ჯილდო დაწესებულია ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება გამოძიების ფედერალურ ბიუროს, დაადგინოს ყოფილი აგენტის ადგილმდებარეობა და უზრუნველყოს მისი უსაფრთხო დაბრუნება. 
დიპლომატიური უწყების განმარტებით, 64 წლის რობერტ ლევინსონი ამერიკის სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომელია. მან 28 წელი იმუშავა იუსტიციის დეპარტამენტში, მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროში. რობერტ ლევინსონი უკანასკნელად ნახეს 2007 წლის 8 მარტს, როდესაც იგი მოგზაურობდა კუნძულ კიშზე(ირანი), როგორც კერძო დეტექტივი. 
აშშ-ს საელჩოს განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიურო არის პასუხმგებელი ყველა იმ დანაშულის გამოძიებაზე, რომელიც ჩადენილია ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ შეერთებული შტატების გარეთ. გამოძიების ფედერალური ბიურო ლევინსონის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას 2007 წლიდან აწარმოებს.
'ბობის გატაცების მეხუთე წლისთავზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აგრძელებს მუშაობას ლევინსონის გატაცების საქმის გასახსნელად', - საელჩოს ცნობით, ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ოფისის დირექტორის მოადგილემ, ჯეიმს მაკჯანკინმა განაცხადა.
'მზად ვართ, უვნებლად დავუბრუნოთ ბობი ოჯახს. ვიმედოვნებთ, რომ ფულადი ჯილდო წაახალისებს ნებისმიერს, რომელსაც გააჩნია რაიმე ინფორმაცია ბობის, ან მისი გამტაცებლების შესახებ. მიუხედავად იმისა, თუ რა მნიშვნელობის ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ფედერალურ ბიუროს. ბიურო დაინტერესებულია ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც ეხება ბობის - მისი გაუჩინარების დღიდან დღევანდელ დღემდე', _ განაცხადა ჯეიმს მაკჯანკინმა.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ერთი წლის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ მიიღო ინფორმაცია ლევინსონის სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გამტაცებელთა ტყვეობაში ყოფნის შესახებ. 
მიმდინარე კვირას დაიწყო საჯარო კამპანია სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ლევინსონის ტყვეობასთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად. გამოცხადდა ჯილდო, 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. გამოძიების საჯაროობისათვის გამოყენებული იქნება ბილბორდები, რადიო შეტყობინებები და ფლაერები. გაიხსნება სპეციალური სატელეფონო ხაზი ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები