მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> The Wall Street Journal-ი პუტინს მუბარაქისა და კადაფის მაგალითებს ახსენებს

'ისტორიის გაკვეთილები პუტინს' - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Wall Street Journal-ი. 
როგორც სტატიის ავტორი რიჩარდ ბუდრო წერს, მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა საკუთარ აგარაკზე 'ბრეინშტორმინგისთვის' რამდენიმე გამოჩენილი ეკონომისტი, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი, შეკრიბა. მათ შორის გახლდათ, ხოსე პინიერა, ჩილეში, გენერალ აუგუსტო პინოჩეტის თექვსმეტწლიანი დიქტატურის პერიოდის ყოფილი მინისტრი. 
'პუტინი განაგრძობს რუსეთში ხელისუფლების შენარჩუნებას. 59 წლის ლიდერმა გაუძლო გასული ზამთრის მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებს, მარტში სკრუპულოზურად დადგმულ არჩევნებშიც გაიმარჯვა. პუტინი არ გამორიცხავს, რომ 2018 წელს კვლავ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში; ასეთ შემთხვევაში კი მას ხელისუფლებაში ყოფნა 24 წელი მოუწევს, რაც სტალინს თუ არ ჩავთვლით, კრემლის ლიდერების ხელისუფლებაში ყოფნის ყველა ვადას აჭარბებს. თუმცა ის პირობას დებს, რომ წავა, თუ ხალხის მხარდაჭერას დაკარგავს', - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 
სტატიის ავტორის მტკიცებით, ისეთ მდგომარეობაში მყოფ მმართველებს, როგორიც პუტინია, ძალაუფლებაზე უარის თქმა არ უყვართ და ამის მიზეზი ისიც არის, რომ საკუთარი მემკვიდრეების ეშინიათ. მონარქებს თუ არ ჩავთვლით, უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა მაგალითი არსებობს ისეთი ავტოკრატებისა, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ და თანამდებობაზე ყოფნის დროს მშვიდად გარდაიცვალნენ ან მშვიდად წავიდნენ პოსტებიდან. გამოცემა იხსენებს ისეთ სამწუხარო მაგალითებს, როგორიცაა შარშანწინდელი არაბული გაზაფხულის შედეგები ეგვიპტის ლიდერის, ჰოსნი მუბარაქისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში ციხეში აღმოჩნდა და ლიბიის დიქტატორის დასასრული, რომელიც დაიღუპა. დანარჩენმა დიქტატორებმა ეს გაითვალისწინეს და ძალაუფლების განმტკიცებას შეუდგნენ.
'პუტინის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ის განასახიერებს რეჟიმს, რომელიც კორუფციასა და დაშინებაზე დგას. მის ზოგიერთ მხარდამჭერსაც კი ეჭვი ეპარება, რომ რეჟიმის საყრდენი ბოძები (არჩევნებში მანიპულაცია, მორჩილი სასამართლო, ლოიალური ძალოვანი უწყებები) შეძლებენ დემოკრატიისკენ სულ უფრო მზარდ მოწოდებებთან გამკლავებას', - აღნიშნულია სტატიაში. 
პუბლიკაციის ავტორი აცხადებს, რომ პუტინის განკითხვის დღე, როდესაც მას მოუწევს რომელიმე სტრატეგიის არჩევა, ჯერ კიდევ შორსაა - შესაძლოა, ის წლების შემდეგ დადგეს. დღეს მისი პოზიცია ბევრი თვალსაზრისით ძლიერია. მან რუსეთის ნავთობზე კონტროლი დიდწილად სახელმწიფოს დაუბრუნა. სპეცსამსახურები მისი ერთგულნი არიან. კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები პუტინს მაჩოდ წარმოადგენენ.
'შეადარეთ ეს დასნეულებულ მუბარაქს ან შერცხვენილ სლობოდან მილოშევიჩს, რომელმაც კოსოვოში დამარცხების შემდეგ სერბეთზე კონტროლი დაკარგა', - წერს გამოცემა. 
რაც შეეხება რუსულ ოპოზიციას, გამოცემა წერს, რომ ოპოზიცია ბევრად უფრო სუსტი და დანაწევრებული ჩანს, ვიდრე ის მშვიდობიანი მოძრაობები, რომლებმაც დაამხო მილოშევიჩის ხელისუფლება 2000 წელს და რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოსა და უკრაინაში ჩამოყალიბებული რეჟიმები.
'რუსეთში არ არიან ველმირ ილიჩის, პატარა ქალაქის უშიშარი მერის მსგავსი ფიგურები. ამ ადამიანმა უკმაყოფილო პოლიციელებთან საკუთარი კავშირებისა და კონტაქტების წყალობით, მიაღწია იმას, რომ პოლიციელები მასობრივად გადავიდნენ სახალხო მოძრაობის მხარეს, რამაც რეჟიმს სერიოზული დარტყმა მიაყენა', - წერს გამოცემა. 
სტატიის ქართული ვერსია foreignpress-მა გამოაქვეყნა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები