მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> The Washington Times - აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თბილისში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას გრუ-ს აკისრებს

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დასკვნით, გასული წლის სექტემბერში საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა გრუ-ს ეკისრება , - ამის შესახებ გამოცემა The Washington Times წერს.
22 სექტემბრის ინციდენტის შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებული ანგარიში The Washington Times-ს ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გააცნო, რომლებსაც ის წაკითხული აქვთ. 
მათი განცხადებით, ანგარიშში გაზიარებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნები, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ჩვენებას ეყრდნობა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მომხდარი აფეთქებები მაიორ ევგენი ბორისოვის სახელს უკავშირდება. ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშშიც ასევეა ჩაწერილი. 
მისივე თქმით, დასკვნაში პირდაპირი ნათქვამია, რომ აფეთქებებს კოორდინირებას რუსეთის სამხედრო დაზვერვა და გრუ უწევდნენ. 
ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს პრესმდივანი ევგენი ხორიშკო ქართული მხარის ბრალდებას უსაფუძვლოსა და აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს. 
სახელმწიფო დეპარტამენტმა დასკვნის შემდეგ საკითხი უმაღლეს დონეზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დასვა ობამას ადმინისტრაციის ორი წარმომადგენლის მეშვეობით. 
'საელჩოსთან მომხდარი და სხვა აფეთქებები რუსეთთანაც და საქართველოსთანაც უმაღლეს დონეზე დაისვა. ეს სულაც არ ნიშნავს თითის გაშვერას, მაგრამ დიალოგისას ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას', - აცხადებს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. 
რამდენიმე კანონმდებელი ცდილობდა, ანგარიშის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო. რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კაილი ამბობს, რომ კონგრესმა კომიტეტებზე განხილვის შედეგად უნდა გამოიძიოს რა მოხდა და გააკეთოს დასკვნა, რომელიც მთელი კონგრესისთვის იქნება ცნობილი. 
მისი თქმით, ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან მისი მიხედვით მოუწევს ამერიკას განსაზღვროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე მოსკოვთან შეთანხმების გაფორმება. 
'აბსურდულად მეჩვენება, ადმინისტრაციამ გააფორმოს შეთანხმება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე, თუ საკმაოდ მაღალ დონეზე გრუ-მ რუსეთის ხელისაუფლების ნებით ჩვენს საელჩოსთან აფეთქება დაგეგმა', - აცხადებს სენატორი კაილი. 
ეროვნული უშიშროების საბჭო და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პრესმდივანი კომენტარზე უარს აცხადებენ. 
სენატორებმა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს სპეციალური წერილითაც მიმართეს, რომელშიც საქართველოში დაგეგმილ და განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე მეტ ინფორმაციას ითხოვენ, აშშ-ს საელჩოსთან მომხდარი აფეთქების ჩათვლით. 
სენატორებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსანთა შეფასებებიც აინტერესებთ.
'გამოვლინდეს ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებელი პირების კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან, თუ ამგვარი რამ არსებობს', - წერენ სენატორები. 
წერილს ჯონ კაილის გარდა ხელს აწერენ სენატორები ჯო ლიბერმანი, მარკ კირკი და ჯონ მაკკეინი. 
დასკვნის გასაჯაროებას ხელს უშლის ისიც, რომ, როგორც მაღალჩინოსნები აცხადებენ, საქმეში შესული მასალების დიდი ნაწილი საიდუმლოა. 
საქართველოს სასამართლომ მაიორ ბორისოვს დაუსწრებლად უკვე შეუფარდა 30-წლიანი სასჯელი. 
'ამერიკელი და ქართველი ჩინოვნიკები მის დანაშაულზე საუბრობენ, მაიორი ბორისოვი კი სეპარატისტულ პროვინცია აფხაზეთშია', - წერს The Washington Times. 
სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან ამერიკის წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერი თამაში სიახლე არ არის. 
ამ თემაზე სტატია აღნიშნულმა გამოცემამ რამდენიმე დღის წინათაც გამოაქვეყნა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები